როგორ გახდა მოყვარული პროგრამისტი თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის წარმატებული სტუდენტი

თარიღი: 2024-04-26 17:14:40

თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესი ფაკულტეტის  მაგისტრანტი  ზვიად გაბროშვილი ჯერ კიდევ 11 წლის ასაკიდან წერდა სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამებს და  ესწრებოდა სხვადასხვა ღონისძიებას ტექნოლოგიების განვითარების კუთხით. დაინტერესებული იყო სხვა დარგებითაც, მაგრამ არჩევანი ეკონომიკის შესწავლაზე გააკეთა, რადგან თვლიდა, რომ ტექნოლოგიები მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ეკონომიკის განვითარების მხრივ. ასე გახდა მოყვარული პროგრამისტი თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი, საერთაშორისო ეკონომიკის მიმართულებით და დღეს ერთ-ერთია, ვისაც ყველაზე მაღალი GPA აქვს.     

ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ ზვიად გაბროშვილი დასაქმდა  საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში პროგრამისტად, სადაც ეროვნულ ანგარიშთა სისტემის კომპონენტების ავტომატიზებას ანხორციელებდა.  ამჟამად მუშაობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტში ანალიტიკოსად ეკონომიკური მოდელირების მიმართულებით, სადაც ქმნის სხვადასხვა ეკონომიკურ მოდელს სახელმწიფო ვალის მდგრადობის მიმართულებით.  მონაწილეობა აქვს მიღებული სამეცნიერო კონფერენციებში და გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები მაკროეკონომიკის მიმართულებით. უნივერსიტეტის გარდა, ზვიადს  გავლილი აქვს სხვადასხვა საგანმანათლებლო კურსი, ამჟამად დასრულებული აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდის 10 სასერტიფიკატო კურსი და სხვადასხვა კურსები ეკონომიკისა და კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით.

კითხვაზე  – თუ რა შესაძლებლობები აქვს დღეს კარგ ეკონომისტს, ზვიადი ასე გვპასუხობს:კარგ ეკონომისტს აქვს შესაძლებლობა განვითარდეს როგორც სამეცნიერო, ასევე პროფესიული კუთხით და თავისი ცოდნა და გამოცდილება ქვეყნის და შემდეგ მსოფლიოს საკეთილდღეოდ გამოიყენოს. შრომის ბაზარზე რომ უფრო მეტად კონკურენტუნარიანები ვიყოთ,  ყველაზე მნიშვნელოვანია გამოვიჩინოთ შრომისმოყვარეობა და სწავლისადმი მიდრეკილება.  დღეს წარმატების მისაღწევად საჭიროა დამატებითი უნარ-ჩვევების მიღებაც, თანამედროვე სამეცნიერო მიდგომები და ტექნოლოგიები“, – აცხადებს  ზვიად გაბროშვილი, რომელიც  თვლის, რომ სასწავლო პროცესი უნივერსიტეტში იყო  საინტერესო:  „სასწავლო პროგრამები მუდმივად განიცდიან განახლებას, რაც დიდი პლუსია, ხოლო პროფესორ-მასწავლებლები ხელს უწყობენ სტუდენტების პროფესიულ განვითარებას. თსუ-ს მაგისტრანტების  სტუდენტური ცხოვრება, უმეტესწილად, დატვირთულია ცოდნის ამაღლების მიმართულებით, როგორებიცაა სამეცნიერო კონფერენციები, ბიბლიოთეკები, ონლაინ რესურსები და სხვა“, – აღნიშნავს ზვიად გაბროშვილი, რომლის სურვილია სამომავლოდ  დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელება და სამეცნიერო განხრით მოღვაწეობა. 

Facebook
Twitter
LinkedIn