საარქივო მასალები არაფერს ამბობს – თუ ვის ეკუთვნოდა უნივერსიტეტში გაზეთის გამოცემის იდეა, მაგრამ უნივერსიტეტის ჟამთააღმწერლის სერგო ჯორბენაძის ცნობით, პირველი საუნივერსიტეტო გაზეთი 1927 წლის ნოემბერში დაარსდა. გაზეთს „პროლეტარულ სტუდენტთა ხმა“ ერქვა, რომელიც აღმასრულებელი ბიუროს, კომპარტიისა და კომკავშირის ბეჭდვითი ორგანო გახლდათ. უნივერსიტეტის გაზეთის გამოცემის ამავე პერიოდს ეხება ი. ხაინდრავა წიგნში „ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში“, რომელშიც ნათქვამია, რომ „პროლეტარულ სტუდენტთა ხმის“ სარედაქციო კოლეგია „დღენიადაგ იღვწოდა გაზეთის სრულყოფისათვის. მას აქტიურად ეხმარებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლები. ამ მხრივ აღსანიშნავია პროფესორ აკაკი შანიძის როლი, რომელიც სისტემატურად თანამშრომლობდა ამ გაზეთში“.
გაზეთის პირველ ნომრებს ხელს აწერს აპოლონ ნუცუბიძე – სტუდენტი, რომელიც თავს ლენინელად მოიხსენიებდა. ისტორიული წყაროს ცნობით, სწორედ იგი გახლდათ გაზეთის პირველი რედაქტორი. პირველი გაზეთების სახელწოდება, სლოგანები, სტატიების სათაურები და შესაძლოა ტექსტებიც ხელითაა შესრულებული და ამ სამუშაოს თურმე კარგი ხელწერის მქონე პირი – იმჟამად სტუდენტი, შემდგომში კი ცნობილი მეცნიერი, ხელნაწერთა ინსტიტუტის დამაარსებელი ილია აბულაძე ასრულებდა. 1928 წლისთვის გაზეთი „პროლეტარულ სტუდენტთა ხმა“ უკვე ლითოგრაფიაზე დაბეჭდილი ჩვეულებრივი გაზეთის სახით გამოდიოდა. 1930 წელს გამოცემულ გაზეთს დევიზად გასდევს სიტყვები: – „პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა შეერთდით“. გაზეთი გმობდა უნივერსიტეტის აპოლიტიკურობის იდეას და იღვწოდა უნივერსიტეტში მარქსისტულ–ლენინური იდეებისადმი ერთგულთა ჰეგემონიის დასამყარებლად. ამ სულისკვეთების სტატიების გვერდით გაზეთში ჩნდება აკაკი შანიძის, შალვა ნუცუბიძის, ნიკო მუსხელიშვილისა და კორნელი კეკელიძის წერილებიც, რომლებშიც საუნივერსიტეტო სწავლების მეთოდოლოგიაზე არის საუბარი.
1930 წლის 13 თებერვლიდან გაზეთი გამოვიდა შეცვლილი სახელწოდებით და მას „საბჭოთა უნივერსიტეტის ხმა“ ერქვა. 1930 წლიდან 1933 წლამდე დაუდგენელი მიზეზების გამო გაზეთი არენაზე არ ჩანს. უნივერსიტეტის გაზეთის ბეჭდვა განახლდა 1933 წელს და მისი დასახელება გახლდათ „ბოლშევიკური კადრებისათვის“. სახელწოდებების ცვლილება არ ცვლიდა მისი შინაარსის პათოსს. ამ წლებში გამოსული გაზეთები ისტორიისთვის მხოლოდ იმით არის საინტერესო, რომ მასში დაბეჭდილი სტატიები ცხადყოფს, რომ უნივერსიტეტის გაზეთსაც ჰქონდა გადადებული ის სენი, რაც ქვეყანას მაშინ სჭირდა. 1939 წელს უნივერსიტეტის ბოლშევიკური გაზეთი არსებობას წყვეტს და მას შემდეგ, 1952 წლამდე იგი აღარ გამოსულა.
1952 წელს უნივერსიტეტის რექტორის ნიკო კეცხოველის დიდი მეცადინეობითა და მონდომებით საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა მიიღო დადგენილება თბილისის უნივერსიტეტის მრავალტირაჟიანი გაზეთის დაარსების შესახებ, რომელსაც „ახალგაზრდა სტალინელი“ დაერქვა. „ჩვენი გაზეთი მოწოდებულია ასახოს უნივერსიტეტის ცხოვრების ყველა მხარე – სასწავლო, სამეცნიერო, ორგანიზაციული, სპორტული, საყოფაცხოვრებო და ა.შ. გაზეთში უნდა ითანამშრომლოს ყველამ – სტუდენტმაც და მასწავლებელმაც, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი გაზეთი“, – ასეთი იყო მაშინდელი საუნივერსიტეტო საზოგადოებისადმი მოწოდება, რაც განახლებული გაზეთის ფურცლებზე აისახა. მოწოდება საქმედ იქცა. ნიკო კეცხოველის რექტორობის პერიოდში გაზეთი წერდა ახალი ფაკულტეტების გახსნის, ახალი კადრების დაარსების, მეცნიერების არაერთი დარგის განვითარების შესახებ.
გაზეთი დიდ ადგილს უთმობდა 1947 წელს ნიკო კეცხოველის თაოსნობით დაარსებულ მწერალთა წრის ახალგაზრდა შემოქმედთა ნამოღვაწარის ბეჭდვას. უნივერსიტეტის გაზეთის მაშინდელი რედაქტორი – ტარიელ კვანჭილაშვილი თავის მოგონებებში წერდა: „როგორც ჩანს, ახალგაზრდა მწერლების მასალების ბეჭდვა ცოტა ზედმეტი გამოგვივიდა, რის გამოც რექტორის შენიშვნაც კი დავიმსახურე – ეს გაზეთი ლიტერატურულ გაზეთად ნუ გადამიქციეთო. თუმცა „ახალგაზრდა სტალინელის“ მთელი ხიბლი სწორედ ის იყო, რომ ამ გაზეთმა გამოიყვანა ასპარეზზე შემდგომში ცნობილი მწერლები და პოეტები. ესენი იყვნენ: ნოდარ დუმბაძე, ოთარ და თამაზ ჭილაძეები, ტარიელ ჭანტურია, ჯანსუღ ჩარკვიანი, არჩილ სულაკაური, ვახტანგ ჯავახაძე და სხვანი…“
გაზეთი 1962 წლიდან კვლავ იცვლის სახელწოდებას და გამოიცემა, როგორც „თბილისის უნივერსიტეტი“. ისტორიკოსების ვარაუდით, ეს სახელწოდება იმაზე მიუთითებდა, რომ უნივერსიტეტის მაშინდელ ხელმძღვანელობას სურდა ხაზგასმა იმისთვის, რომ უნივერსიტეტი მაშინ უკვე აღარ ატარებდა სტალინის სახელს და რომ მას მხოლოდ თბილისის უნივერსიტეტი ერქვა.
1965 წლიდან გაზეთში რედაქტორად მოვიდა ზაალ ჟვანია, რომელიც რედაქტორის სვეტში წერდა: „ყველა თბილისელის ღვიძლი საქმე – ეს არის უნივერსიტეტის გაზეთი“. გაზეთს ზაალ ჟვანიას მოულოდნელი გარდაცვალების გამო ეცვლება რედაქტორი და მას უკვე 1978 წლიდან გივი შეყილაძე რედაქტორობს. უნივერსიტეტის ბეჭდვითი ორგანო სასტარტო მიმართულებას ინარჩუნებს და სწორხაზოვან რელსებზე საქართველოს საბჭოთა იდეოლოგიურ მონაპოვარს მიაქანებს.
1988 წელს უნივერსიტეტში სტუდენტთა პრეს–კლუბი დაარსდა. პრესკლუბელ სტუდენტთა ნაწილმა „სტუდენტური ფურცლის“ გამოცემა დაიწყო, რომელიც უნივერსიტეტის გაზეთის საშუალებით ვრცელდებოდა. სულ გამოვიდა „სტუდენტური ფურცლის“ 15 ნომერი. მასში სტატიებს აქვეყნებდნენ მაშინდელი უნივერსიტეტელი სტუდენტები დათო ტურაშვილი, ფიქრია ჩიხრაძე, ირმა რატიანი, ნიკო ნიკოლოზიშვილი, მედეა იმერლიშვილი, თამარ თითმერია, ქეთევან გვაზავა და სხვები. მათ კოორდინირებას უწევდა მაშინდელი პრორექტორი ვახტანგ გოგუაძე.
საქართველოში ხელისუფლების ლიბერალიზაციის ფონზე იატაკქვეშეთიდან სამზეოზე გამოსული ეროვნულ–გამანთავისუფლებელი მოძრაობა უნივერსიტეტის გაზეთშიც ცვლის კომუნისტურ სულისკვეთებას. ამის შემდეგ უნივერსიტეტის გაზეთი პერიოდულად ახერხებდა თავისუფალი სიტყვისადმი მსახურებას.
2006 წლის სექტემბრიდან გაზეთის მთავარ რედაქტორად დაინიშნა ჟურნალისტი ნინო კაკულია. ახალი რედაქტორის რეკომენდაციით, რედაქციაში სამუშაოდ კონკურსის წესით შეირჩნენ ჟურნალისტები, რომლებიც გაზეთის ძირითად ბირთვს წრმოადგენენ. გაზეთმა შეინარჩუნა სახელწოდებად „თბილისის უნივერსიტეტი“ და ახალი კონცეფციის თანახმად ჩამოყალიბდა ახალი რუბრიკები პრიორიტეტების მიხედვით. გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქციის ბაზაზე 2021 წლის 15 იანვარს თსუ პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი შეიქმნა.
2022 წლის სექტემბრიდან ცენტრის ხელმძღვანელისა და გაზეთის მთავარი რედაქტორის ნინო კაკულიას ინიციატივით, სრულიად ახალი კონცეფციის შესაბამისად, გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი“ ელექტრონული ფორმატით ვრცელდება.