ეკატერინე რუაძე: „მტვერი, საღებავი და სუნელები ბავშვების ტყვიით ინტოქსიკაციის უპირატესი წყაროებია“

თარიღი: 2024-04-16 17:38:26

საქართველოში ტყვიით ინტოქსიკაციის შესახებ ანგარიშების რაოდენობა  მკვეთრად გაიზარდა. 2018 წლის ფართომასშტაბიანმა  კვლევამ, რომელიც UNICEF-ის დაფინანსებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა, გამოავლინა, რომ გამოკვლეული 2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვების 41%-ში სისხლში ტყვიის კონცენტრაცია აღემატებოდა 5 მკგ/დლ-ს. საპასუხოდ, 2019 წელს  ტყვიის შემცველობის მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა დაინერგა. დაიგეგმა კვლევები, რომელთა მიზანი  ტყვიის უპირატესი წყაროების განსაზღვრა იყო.

„მიუხედავად იმისა, რომ გარემოს ნიმუშებში აღმოჩენილია  ტყვიის შემცველობა და, ასევე, ბავშვების სისხლში მომატებულია ტყვიის კონცენტრაცია, მათ შორის  პირდაპირი კავშირი დადასტურებული არ იყო. კერძოდ, ის ფაქტი, რომ ოჯახიდან ამოღებულ გარემოს ნიმუშში (საღებავი იქნება ეს თუ სუნელი) ტყვიის შემცველობა მაღალია და, ასევე, ამ ოჯახში მცხოვრებ ბავშვს მომატებული აქვს სისხლში ტყვიის კონცენტრაცია, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავდა, რომ შესწავლილი გარემოს ნიმუში ტყვიის ექსპოზიციის წყაროა“, – ამბობს ეკატერინე რუაძე, რომელმაც სადოქტორო დისერტაცია თემაზე – „ტყვიის ზემოქმედების წყაროების გამოვლენა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ღონისძიებების გავლენა სისხლში ტყვიის კონცენტრაციის შემცირებაზე“ – პროფესორ ირაკლი იმნაძის ხელმძღვანელობით დაიცვა.

„აღნიშნული კვლევის ფარგლებში, პირველად, ტყვიის იზოტოპების ფარდობის განსაზღვრისა და შედარების შედეგად განხორციელდა მსგავსი კავშირის დადგენა და მხოლოდ ამის საფუძველზე განისაზღვრა ტყვიის ზემოქმედების ძირითადი წყაროები შესწავლილ გარემოს ნიმუშებს შორის. ჩვენი კვლევის მიზანი იყო, რომ  ტყვიის იზოტოპების თანაფარდობის საფუძველზე გამოგვევლინა ტყვიის წყაროები. კერძოდ, გამოვიკვლიეთ 36 ბავშვი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რომელთაც 2018 წლის კვლევის ფარგლებში აღმოაჩნდათ სისხლში ტყვიის შემცველობა 10 მკგ/დლ-ზე მეტი. კვლევის ფარგლებში შედარდა ბავშვების სისხლში აღმოჩენილი ტყვიის 4 იზოტოპის ფარდობა ამ ბავშვების სახლიდან შეგროვებულ ნიმუშებში აღმოჩენილ ტყვიის იზოტოპების ფარდობასთან. კვლევის ველი ჩატარდა 2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის თებერვლამდე, ორ ეტაპად. შევისწავლეთ გარემოს შემდეგი ნიმუშები: სუნელები, ნიადაგი, მტვერი, საღებავი, წყალი, ჩაი, რძე, ფქვილი, სათამაშოები. ინდივიდუალურ დონეზე ტყვიის იზოტოპური ფარდობის ანალიზმა აჩვენა, რომ სუნელები ასოცირდებოდა  სისხლის ტყვიის შემცველობასთან ბავშვების 72%-ში (26/36),  მტვერი – ბავშვების 53%-ში (19/36), ხოლო საღებავი – ბავშვთა 11%-ში (4/36). ბავშვების 14%-ში (5/36) ვერ დადგინდა მკაფიო კავშირი გარემოს ნიმუშების იზოტოპების თანაფარდობასა და სისხლისგან მიღებულ თანაფარდობას შორის. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ გამოკვლეული ბავშვებისათვის სასმელი წყალი, რძე, ფქვილი და დაბინძურებული ნიადაგი არ არის ტყვიით  ინტოქსიკაციის მნიშვნელოვანი წყარო, ხოლო მტვერი, საღებავი და სუნელები წარმოადგენენ ტყვიით ინტოქსიკაციის უპირატეს წყაროებს. აღსანიშნავია, რომ კვლევის საველე სამუშაოების ჩატარების შემდეგ  გავიდა 3-4 წელი და, შესაძლოა, რომ ის, რაც 2019-2020 წელს იყო ზემოქმედების უპირატესი წყარო, ამჟამინდელი მონაცემებით შეცვლილი იყოს.  კვლევები ამ მიმართულებით გრძელდება“, – განმარტავს კვლევის ავტორი.

ეკატერინე რუაძე 2014 წლიდან დღემდე გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული აივ ინფექცია/შიდსის პროექტის მონიტორინგისა და შეფასების ოფიცრად მუშაობს. ფლობს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროექტის მართვის მაგისტრის ხარისხს. 2014 წლიდან თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორია, საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე ლექციებს ეპიდემიოლოგიისა და გარემოს ჯანმრთელობის მიმართულებით კითხულობს.

Facebook
Twitter
LinkedIn