სტუდენტური თვითმმართველობის ახალი პრეზიდენტის კახა კუჭუხიძის სამომავლო გეგმები

თარიღი: 2023-11-10 18:05:39

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 29 ოქტომბერს რიგით VIII მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის ახალი პრეზიდენტი აირჩიეს. 140 დელეგატიდან, რომელიც 7 ფაკულტეტიდან იყო წარმოდგენილი, 96 ხმით პრეზიდენტად აირჩიეს კახა კუჭუხიძე, ხოლო ვიცე-პრეზიდენტები გახდნენ დავით ნებიერიძე და ლუკა ტაბიძე. სტუდენტური თვითმმართველობის ახალი პრეზიდენტი კახა კუჭუხიძე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიისა და ტურიზმის გეოგრაფიის მიმართულების სტუდენტი გახლავთ. რა გეგმები აქვს ახალ პრეზიდენტს? – გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტს“ კახა კუჭუხიძე ესაუბრა.

,,ზოგადად, პრეზიდენტის პასუხისმგებლობაზე რომ ვისაუბროთ, როცა ზურგს უკან გიდგას 400-დან 500 ადამიანამდე, რომელიც შენგან იღებს მითითებებს, პირველ ყოვლისა, საჭიროა ლიდერული თვისებები, რათა ამ ადამიანებს მისცე სწორი მიმართულება, შეამჩნიო მათი ინტერესები და შესაძლებლობები, იმისათვის, რომ მათი უნარები განავითარო და სწორი ადგილი აპოვნინო; ასევე, უნდა იყო მაგალითი, როცა ეს ადამიანები შემოგხედავენ, მიხვდნენ, რომ მათაც შეუძლიათ მსგავს წარმატებას მიაღწიონ. საბოლოო ჯამში კი, ეს აღებული მაგალითი საერთო საქმეს უნდა გამოადგეს. სტუდენტური თვითმმართველობის სახელი უნივერსიტეტის სახელიცაა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ, საქართველოს მასშტაბით, პირველ უნივერსიტეტს ჰყავს პირველობით გამორჩეული სტუდენტური თვითმმართველობა, რადგან წელიწადში ამდენ პროექტს არცერთი უნივერსიტეტის თვითმმართველობა არ ახორციელებს.

ჩვენ ვდგებით დიდი გამოწვევის წინაშე, როცა მასშტაბური დონის პროექტებს ვკიდებთ ხელს, რადგან გვინდა, რომ ხარისხიანად და მაღალ დონეზე შევასრულოთ დასახული მიზნები.  

ჩემმა წინამორბედებმა – ალექსანდრე გაბაშვილმა და საბა ლოლაძემ,  რაც შეძლეს და გააკეთეს, იყო სასწაული – ნულიდან მოიყვანეს თვითმმართველობა აქამდე და, ასე რომ ვთქვათ, წელში გამართული დაგვახვედრეს ეს ორგანიზაცია. ჩვენი მთავარი მიზანია – გავაკეთოთ უფრო მეტი! დარწმუნებული ვარ, ალექსანდრეც და საბაც იამაყებენ ჩვენით… ჩვენ გეგმაში გვაქვს უფრო მაღალი დონის პროექტების განხორციელება, რათა  ჩვენი სახელი ქვეყნის გარეთაც გავრცელდეს და მხოლოდ უნივერსიტეტის ფარგლებში არ ჩავიკეტოთ. გაზაფხულის სემესტრიდან კიდევ უფრო მასშტაბურ პროექტებს ვგეგმავთ. ახლა უკვე გვაქვს ორი ახალი ინოვაციური პროექტი, რომელიც მალე ჩაეშვება და სტუდენტებიც გაიგებენ ამის შესახებ. გაზაფხულიდან მართლაც რომ უფრო ბევრ სიახლეს გპირდებით“, – ამბობს კახა კუჭუხიძე.

კახა კუჭუხიძე, უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ, როცა ჯერ კიდევ პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით სწავლობდა, სრულიად შემთხვევით მოხვდა სტუდენტურ თვითმმართველობაში.  მას დააინტერესა – სტუდენტთა ნაწილის მხრიდან რატომ იყო ნეგატიური განწყობები ამ ორგანიზაციის მიმართ და უნდოდა, საკუთარი გამოცდილებით შეეფასებინა სტუდენტური თვითმმართველობის მუშაობა. თავიდან კულტურის დეპარტამენტის ერთ-ერთი რიგითი წევრი იყო, შემდეგ კი ამავე დეპარტამენტის თავმჯდომარე გახდა, როცა წინამორბედმა პოსტი დატოვა. მას სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელობაც შესთავაზეს და, შემდეგ უკვე, 2023 წლის 7 ივნისს ჩატარებული არჩევნების შედეგად გახდა მეორე ვიცე-პრეზიდენტი. დღეს, როგორც სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი, კახა კუჭუხიძე დარწმუნებით აცხადებს, რომ ის ნეგატიურ აზრი, რომელიც სტუდენტებში ტრიალებს ამ ორგანიზაციის მიმართ, სათავეს იღებს ინფორმაციის სიმწირისგან – თუ რას აკეთებს რეალურად სტუდენტური თვითმმართველობა.

,,როცა უნივერსიტეტში 24 000-მდე სტუდენტია,  ყველასთვის მოსაწონ საქმეს ვერ გააკეთებ. თანაც მათ სრული ინფორმაცია არ აქვთ ჩვენს შესახებ.  ჩვენ მხოლოდ ორგანიზაცია არ ვართ. ჩვენი მთავარი მოტივაცია და ძალა, რითაც ვაკეთებთ საქმეს, არის ჩვენი ურთიერთობები, ერთმანეთისადმი დამოკიდებულება, პატივისცემა, მეგობრობა,  სიყვარული, რომელიც ამ ორგანიზაციაში ტრიალებს.  ყველამ უნდა იცოდეს, რომ არავის არ აქვს ხელფასი, რაიმე პრიორიტეტი და სარგებელი… ჩვენთან, უბრალოდ, ერთმანეთის სიყვარულით, პატივისცემით და გვერდში დგომით კეთდება ის საქმეები, რაც სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნებას და გალამაზებას ემსახურება“, – აღნიშნავს კახა კუჭუხიძე.

                                                                                                                       ნატა ჩობანიძე

თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტი

Facebook
Twitter
LinkedIn