ომის განხილვა ისტორიის გაკვეთილებზე

თარიღი: 2024-03-01 11:45:51

„კოლექტიური მეხსიერების ფორმირება 21-ე საუკუნის საქართველოში: რუსეთ საქართველოს ომის რეპრეზენტაცია სასკოლო სახელმძღვანელოებში“, –  ამ საინტერესო მოხსენებით წარდგა კულტურის კვლევათა ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი ივანე წერეთელი ლაიფციგის უნივერსიტეტის მოლდოვას ინსტიტუტის ორგანიზებულ ზამთრის სკოლის მიერ განხორციელებულ პროექტში, სახელწოდებით: „ომის განხილვა ისტორიის გაკვეთილებზე.“  აღსანიშნავია, რომ სკოლა მუშაობდა ლაიფციგში, ბერლინსა და ბრაუნშვაიგში და მას სხვადასხვა ქვეყნის სკოლის პედაგოგები და უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.

„პროექტის ფარგლებში ზამთრის სკოლის წარმომადგენლებმა მრავალი საინტერესო იდეა განვიხილეთ, კერძოდ, თუ როგორ და რა ფორმით უნდა ისწავლებოდეს ისტორია, უფრო კონკრეტულად კი, ომი სკოლებში.

 აღსანიშნავია, რომ ამ საკითხის აქტუალობა და თემის წინ წამოწევა რამდენადმე განსაზღვრა ბოლო დროს უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა. ამასთან, 90-იანი წლებიდან მოყოლებული,  ამავე საფრთხის წინაშეა მოლდოვა, საქართველო კი რუსეთის ოკუპაციის მსხვერპლი 2008 წელს გახდა. სკოლის მუშაობაში ამ ქვეყნების წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართულნი, ყველამ თავისი ქვეყნის  მდგომარეობაზე ისაუბრა. მე, რასაკვირველია, საქართველოს სახელით ქართულ რეალობაზე გავამახვილე ყურადღება. ჩემი მოხსენება ეხებოდა, თუ როგორ ისწავლება დღეს  2008 წლის  საქართველო – რუსეთის ომი  საქართველოში სახელმძღვანელოების მიხედვით. საკმაოდ საინტერესო იყო კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ მთელი რიგი მოვლენები არ არის ისე  გაანალიზებული, როგორც ამას ობიექტურობა მოითხოვს. მაგალითად,  ბოლომდე  გაცნობიერებული არ გვაქვს, როგორ უნდა ვასწავლოთ ეს მოვლენა სკოლებში, რაზე უნდა გაკეთდეს ძირითადი აქცენტები, შეიძლება თუ არა მოსწავლეებთან  ღიად საუბარი იმაზე, რომ რუსეთი  მტერია, როგორ უნდა აისახოს ეს სახელმძღვანელოებში და სხვა. ეს ის კითხვებია, რომლებზე პასუხებსაც ეს სახელმძღვანელოები ძირითადად არ იძლევა.

მოხსენების შემდეგ დისკუსია გაიმართა, ამ კუთხით საკმაოდ კარგი გამოცდილება მივიღეთ, მაგალითად, უკრაინელებისთვის ჩემი მოხსენება საინტერესო იყო გამოცდილების მიღების  თვალსაზრისითაც, რადგან  ჩვენ  ეს ისტორია უკვე გავლილი გვაქვს.

ზაფხულის სკოლის ორგანიზატორებთან დიდი ხნის თანამშრომლობა გვაკავშირებს, ამიტომ სამომავლოდ მსგავსი პროექტი თუ ისევ განხორციელდება, კვლავ აქტიურად ჩავერთვებით“, _ აღნიშნა ივანე წერეთელმა.

Facebook
Twitter
LinkedIn