სულ მალე თორნიკე ღვინიაშვილი თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს დაასრულებს და შემოქმედებით გზას გაუდგება

თარიღი: 2024-03-21 17:13:14

თორნიკე ღვინიაშვილზე ჩვენ ადრეც ვწერდით. მაშინ ის დამწყები პოეტი იყო და საკუთარ შთაგონებაზე მორიდებით საუბრობდა: „შეიძლება ნებისმიერი რამ გახდეს  ინსპირაცია  – დაჭმუჭნული სიგარეტის კოლოფი, მოლეკულებად დაშლილი თამბაქოს კვამლი, მტვრიანი მაგიდა… ანაც, შესაძლოა, რამდენიმე წლის წინანდელი სურათის გახსენებაო“. მის საყვარელ პოეტზეც ვისაუბრეთ და  ტერენტი გრანელის პოეზიით შთაგონებაზეც, იმაზეც, რომ დასაწყისში თავისთვის წერდა – წერდა და მერე ხევდა, არ მოსწონდა საკუთარი განცდების სხვებისთვის გაზიარება. მერე კი მიხვდა – ეს მისი ხელწერაა, მისი შემოქმედება და თამამად დაიწყო შთაბეჭდილებების ფურცელზე გადატანა…. გავიდა წლები და დღეს სიამაყით ვუბრუნდებით უკვე ბევრგან გახმიანებულ სახელს და გვარს, რადგან სწორედ გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი“ გახდა თორნიკეს პოეტური „ნათლია“. თავადაც მადლიერებით გვიხსენებს: „შეიძლება ითქვას, რომ თქვენთან ურთიერთობის შემდეგ დაიწყო ჩემი შემოქმედებითი კარიერა – თქვენ შემდეგ დავიბეჭდე საქართველოში ყველა ლიტერატურულ ჟურნალში, ისედაც, მგონი, განვვითარდი“, – ამბობს იგი.

შემოქმედებითი ცხოვრების დასაწყებად სულ ცოტა რამაა საჭირო –  აღმაფრენა, რაღაცით გატაცება, ფიქრი, რომელიც ჩვეულებრივი სიტყვით არ გამოიხატება, რითმა, რომელიც გაწვალებს, ანაც გამოხედვა, რომელიც ღამეს გათენებინებს. თორნიკესთვის ეს შთაგონება თავის დროზე სიყვარული ანაც გატაცება ყოფილა: „ლექსის წერა ერთმა გოგომ დამაწყებინა და რაც უნდა უხარისხო იყოს ამ დროს დაწერილი ლექსები, ჩემი აზრით, პოეტის შემოქმედებაში ეს ყველაზე გულწრფელი, ლაღი და გულუბრყვილო პერიოდიაო“ – ამბობს; დღეს კი, საკუთარ ლექტორებთან და მასწავლებლებთან ათასგზის გადამოწმების შემდეგ, უფრო ლაღად და თამამად შეუდგა პოეზიის ლაბირინთებს.

თავისუფლება უყვარს. ალბათ ამიტომაც შეიყვარა ზურაბ რთველიაშვილის ,,ოდა თავისუფლებას“. მისი აზრით, ეს ლექსი  არის „სწრაფვა განვითარებისკენ, ადამიანის სულის ჰიმნი და გასაღები“. თავისუფლების სიყვარულითვე ამართლებს იმას, რომ მოგზაურობა, ხეტიალი, ფოტოგრაფია, ძველი შავ-თეთრი ფირები მისი სტიქიაა.

სულ მალე თორნიკე თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს დაასრულებს და შემოქმედებით გზას გაუდგება – უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ – თამამად.

Via credentium

არ გინდა შენი თავის დამცირება,

დოგვა და კათოლიკური პურიტანიზმი,

– შენ ხარ, ვისაც რწმენა აღირსეს და

დააბრალეს მერე ანტაგონიზმი.

დადიხარ ბერი აბატივით,

ანდა ჰგავხარ უფრო მამა პადრეს,

ანბიონზე კიბეს აღარ ითვლი,

რადგან თვითონ ხარ შენი თავის არიადნე.

თვალში შესციცინებ ყველა გამვლელს,

ხურდას კი არ ითხოვ – თითო მოწიწებას,

გახსენდება: მოხუც ქალს რომ ასე ჩაუარე,

ხურდის მაგიერ რომ ათი მცნება მოგაწოდა.

შენი რწმენა ხდება უფრო მითოსური,

სტილი ცხოვრებისა ემსგავსება აცტეკურს,

ახლა ამბობენ, რომ შენ ხარ ეროსული,

რომ მორწმუნე დადიოდი აქ ერთ დროს.

Facebook
Twitter
LinkedIn