თინათინ წერეთლის გამარჯვება იმის ნიშნად, რომ მომავალშიც გააგრძელებს კვლევებს

თარიღი: 2023-06-17 13:50:26

 ,,ეთნიკური უმცირესობების გამოწვევები ქვემო ქართლის საჯარო სკოლებში“ – ამ სახელწოდებით წარადგინა თავისი მოხსენება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციალური მუშაობის მიმართულების მე-3 კურსის სტუდენტმა თინათინ წერეთელმა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით გამართულ სტუდენტთა IX საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენციაზე (სექცია – მოწყვლადი ჯგუფები თანამედროვე საქართველოში). თინათინ წერეთელი კონფერენციაში გამარჯვებულთა შორისაა.

,,სტუდენტურ კონფერენციას აქამდე არც კი დავსწრებივარ და მინდოდა მენახა – როგორ მიმდინარეობდა პროცესი, რა შენიშვნები შეიძლება ჰქონოდათ კომისიის წევრებს.

ჩემი მონაწილეობა შეიძლება ჩაითვალოს თავის მოსინჯვად სამეცნიერო საქმიანობაში. ამიტომ პირველივე გამარჯვებას იმის ნიშნად მივიღებ, რომ მომავალშიც განვაგრძო კვლევითი საქმიანობა სოციალური მუშაობის დისციპლინაში“, – ამბობს თინათინ წერეთელი.

რატომ დაინტერესდა ამ თემით და რა პროცესი გაიარა თემის დასამუშავებლად?  – კონფერენციაში გამარჯვებული თინათინი, რომლის მეწყვილეც სტუდენტი ელენე ელბაქიძე გახლდათ, საკუთარ ინტერესებზე გვიამბობს და აცხადებს: ,,თავად ქვემო ქართლიდან ვარ და მინდოდა მეკვლია – რა სირთულეები აქვთ ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსწავლეებს სკოლაში. ბოლნისში თავადაც მყავდნენ ეთნიკურად აზერი კლასელები და მას შემდეგ, რაც სკოლა დავამთავრე, მაინტერესებდა –  გაუმჯობესდა თუ არა კომუნიკაცია და აწყდებოდნენ თუ არა იმავე გამოწვევებს მოსწავლეები სასწავლო პროცესში. გარდა ამისა, მე და ჩემმა თანამომხსენებელმა ჩავთვალეთ, რომ ჯობდა ისეთ თემაზე კვლევა, რომელიც ხშირად არ არის წარდგენილი სტუდენტურ კონფერენციაზე. პროცესი მოიცავდა საკვლევი ჯგუფისა და თემის შერჩევას, კვლევის დიზაინის შექმნას.  შემდეგ ქვემო ქართლში ინტერვიუები ჩავატარეთ და დავიწყეთ შედეგების ანალიზი“, – ამბობს თინათინი.

როგორც თინათინ წერეთელი აღნიშნავს, კვლევის შედეგად დაასკვნეს, რომ ენის ბარიერი უპირველეს გამოწვევად რჩება, რის გამოც მოსწავლეს უჭირს გაკვეთილის გააზრება და მასში სრულფასოვნად ჩართვა. ,,რაც შეეხება კლასელებთან კომუნიკაციას, გამოიკვეთა საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებული თავისებურება. ვინაიდან ქალაქ მარნეულში ტერიტორიულად ინტეგრირებულია ეთნიკურად  აზერბაიჯანელი და ქართველი მოსახლეობა, მათ შორის კომუნიკაცია გაუმჯობესებულია, რასაც ვერ ვიტყვით ქალაქ ბოლნისის სკოლის მოსწავლეებზე. გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესია მხარდამჭერის როლის გამოკვეთა. ყველა მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ეთნიკურად აზერი მოსწავლე აღნიშნავდა, რომ ოჯახის ჩართულობა და მათი საგანმანათლებლო პროცესში მხარდაჭერა მოტივაციის არსებობასა და აკადემიურ წარმატებას განაპირობებს“, – ამბობს თინათინი.

ბლიც-ინტერვიუ

  • რატომ აირჩიე შენი პროფესია და რამდენად მოგწონს?
  • სოციალური მუშაობის შესახებ სკოლაში გავიგე, პროფესიამ თავიდანვე მიმიზიდა, თუმცა ჩაბარებისას ბევრი სხვა ინტერესის გამო გადაჭრით არ მქონდა  გადაწყვეტილი სოციალური მუშაკი გავმხდარიყავი. მას შემდეგ, რაც სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სხვადასხვა დისციპლინის შესავალი გავიარე, აღმოვაჩინე, რომ სწორედ სოციალური მუშაობაა ყველაზე ახლოს ჩემს ღირებულებებთან. პროფესიის მიზნის თანახმად, ადამიანების გაძლიერება და სირთულეების გადალახვაში მათი მხარდაჭერა უკვე ჩემი ცხოვრების მისიად მიმაჩნია. ემოციური, ამაღელვებელი, ხშირად გამოწვევებით სავსე, მაგრამ ღირებული და საჭირო პროფესია შევარჩიე და ამ ყველაფრის გამო მომწონს ის.
  • რა ცოდნას გაძლევს უნივერსიტეტი?
  • საბაკალავრო პროგრამა იმ ძირითად თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას მაძლევს, რომელიც აუცილებელია სოციალური მუშაკისათვის. სრულად რომ შევაფასო, პროგრამა პროფესიული ღირებულებების გააზრებასა და მათ ჩამოყალიბებაში მეხმარება. პრაქტიკის ნაწილი მოიცავს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში ერთი სემესტრის განმავლობაში გამოცდილების მიღებას, რაც უნიკალურია ჩვენს ფაკულტეტზე. ვფიქრობ, რაც უფრო მეტს სწავლობ, მით უფრო მეტი საკითხი ჩნდება, რომელიც არ იცი… ასე რომ, პროფესიული განათლება უნივერსიტეტში არ სრულდება და საკუთარი ძალისხმევითაც უნდა ვეცადოთ ცოდნის გაღრმავებას.
  • ვინ არის/არიან უნივერსიტეტში შენი საყვარელი ლექტორ(ებ)ი?
  • სოციალური მუშაობის მიმართულების ლექტორები, ვფიქრობ, ამსხვრევენ იმ სტერეოტიპებს, რაც თსუ-ს მიმართ არსებობს. გულწრფელად მიჭირს არჩევა, თითოეულ მათგანს სხვადასხვა მიზეზის გამო ვცემ პატივს. რადგანაც კონფერენციაზე საუბრით დავიწყე, ჩვენი კვლევის ხელმძღვანელს – თამარ მახარაძეს გამოვყოფ. ქალბატონ თამარს სავალდებულო საგნებზე ყველა სოციალური მუშაობის სტუდენტი ხვდება. მისგან ყოველთვის ობიექტური შეფასების მოსმენას ველი, მომწონს სტუდენტების მიმართ მისი მიუკერძოებელი დამოკიდებულება.
  • რა პრობლემას გამოკვეთდი საუნივერსიტეტო ცხოვრებიდან?
  • სტუდენტობა მხოლოდ მას შემდეგ ხდება ცხოვრების კარგი ეპიზოდი, როცა ის სრულდება. სინამდვილეში ის ბევრ სტრესთან და საკუთარ თავთან ყოველდღიურ ბრძოლასთან ასოცირდება. ქართული რეალობა, ვფიქრობ, თანაბარ შესაძლებლობებს არ სთავაზობს ყველა სტუდენტს ცოდნის გამოვლენისას. რჩებიან სტუდენტები, რომლებსაც, თუნდაც, საჭირო ტექნიკა არ აქვთ, რომელიც ასეთი აუცილებელია თანამედროვე სამყაროში ცოდნის გაღმავებისთვის. დავამატებდი სტუდენტების კვების პრობლემას. მიხარია, რომ გეგმაშია საკვები ობიექტის დამატება და ვიმედოვნებ – ის მართლაც მორგებული იქნება სტუდენტების ფინანსურ შესაძლებლობებსა და კვებით საჭიროებებზე.
  • რა სურვილები გაქვს, რაც უნივერსიტეტს და შენს სტუდენტობას უკავშირდება?
  • ამჟამად მსურს, მაქსიმალურად გამოვიყენო უნივერსიტეტი, როგორც ცოდნის          მიღების საშუალება, მივიღო ქართული და საერთაშორისო გამოცდილება. ასევე, ძალიან მინდა მომავალში მეც ვუზიარებდე ცოდნას სტუდენტებს, თუმცა იქამდე ჯერ კიდევ ბევრი გამოცდილებაა დასაგროვებელი.
Facebook
Twitter
LinkedIn