თეა ბურჭულაძე თსუ-ის ჟურნალისტ სტუდენტებს ქართული მეტყველების კულტურას ასწავლის

თარიღი: 2022-10-04 18:09:08

ქართულად გამართული მეტყველება და წერა უკანასკნელ ხანს თითქოს გაჭირდა. ეს პრობლემა განსაკუთრებით გამოიკვეთა როგორც ოფიციალურ დოკუმენტებში, ასევე  მასმედიაში. რა არის ამის მიზეზები, რა ტიპის შეცდომები გახშირდა და როგორ შეიძლება ამ პრობლემას მოვუაროთ? გვესაუბრება ფილოლოგიის აკადემიური დოქტორითსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი თეა ბურჭულაძე. 

როგორ ფიქრობთ, რა არის მიზეზი იმისა, რომ დღეს ახალგაზრდებს ქართულ ენაზე წერა უჭირთ?

– არა მხოლოდ წერა, ზოგადად, ქართული მეტყველებაც უჭირთ.  მგონია, რომ ეს უფრო სკოლიდან მოდის, რადგან  ტესტებმა  თუ  სხვა ამ ტიპის სამუშაოებმა მოსწავლე საუბარსა და წერას  გადააჩვია. როდესაც  ტესტებია  შემოსახაზი, იმის იქით უკვე ენობრივ საკითხებზე, ლექსიკაზე აღარ ფიქრობს. ჩემი აზრით,  ამას თან ერთვის კითხვის ნაკლები სიყვარული. აშკარად ეტყობა  სტუდენტს ან მოსწავლეს, წიგნი უყვარს თუ არა ─  მხატვრული იქნება ეს თუ სხვა. მის ლექსიკასა და წერით კულტურაზე ეს კარგად აისახება. მგონია, რომ მიზეზი  სწორედ  ამ  ორ  ფაქტორს  ემყარება:  ნაკლები  წერითი  და სამეტყველო გამოცდილება და  წიგნის კითხვის სურვილის არქონა.

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აკრიტიკებენ ჟურნალისტებს, რომელთაც აშკარად მწირი ლექსიკა აქვთ და ქართულად აზრის გამართულად ჩამოყალიბება უჭირთ. თქვენი დაკვირვებით, რა ტიპის შეცდომები დასტურდება და ამას თუ აქვს თავისი საფუძველი?

– მე ყოველთვის აღვნიშნავ, რომ  გრამატიკულ  შეცდომებთან  ერთად  სტილი  არის  საოცარი. მაგალითად, ხშირად გაიგონებთ ტელევიზიით: „24-საათიან რეჟიმში ვმუშაობ“,  „ამ საკითხთან მიმართებაში ეს ვთქვით“, „იმ საკითხთან კავშირში ეს გამოიკვეთა“, „ისევ განვმეორდები“, „ვციტირებ“ და ბევრი სხვაც… ეს ფორმები განსაკუთრებით ჭრის ყურს.

სხვათა შორის, ძალიან გათანაბრდა პოლიტიკოსთა, საჯარო მოხელეთა და ჟურნალისტთა მეტყველება. ეს, ალბათ, გამოიწვია იმან, რომ დღეს წინა პლანზე გადმოვიდა პოლიტიკური ელიტა. ადრე, თუნდაც 30-50 წლის წინ, ინტელიგენცია  მეტად ჩანდა, მათ უსმენდნენ და უყურებდნენ. ახლა ეპოქა შეიცვალა. ტელევიზიითაც ყველაზე ხშირად პოლიტიკოსები გვევლინებიან და მათი მეტყველების სტილი გადავიდა როგორც საზოგადოების, ისე ჟურნალისტთა მეტყველებაში. ყველგან  ოფიციალურ-საქმიანი, თუმცა არასწორად გავრცელებული  ენობრივი სტილი და ფორმებია. სტუდენტებს სულ ვეუბნები, რომ ენათმეცნიერთა აუდიტორია არის მაქსიმუმ 100 კაცი, თქვენი ─  მილიონობით ადამიანი. შესაბამისად, გავლენას  ჩვენ კი არა, სწორედ ჟურნალისტები ახდენენ  ─  როგორც ისინი მეტყველებენ, ისე საუბრობს შემდეგ საზოგადოება.

არის თუ არა ამის მიზეზი ისიც, რომ ინგლისური ენა, როგორც ადრე რუსული, ძალუმად შემოიჭრა ქართულ მეტყველებასა და ლექსიკაში. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დავსვი კითხვა – მაგალითად, ქართველმა ფეხბურთის კომენტატორებმა რატომ არ შეიძლება გამოიყენონ ინგლისური „სეივის“ ქართული შესატყვისი – „მოგერიება“, ან  რა  ისეთი  ტერმინია „ასისტი“, რომ ქართულად ვერ გამოითქმის? პასუხად მივიღე, რომ ქართულად იმ აზრის გადმოსაცემად, რისი თქმაც უნდათ, ბევრი სიტყვა უნდა გამოიყენონ მაშინ, როცა ინგლისურად ის ერთ სიტყვაში მარტივად გამოითქმის. ამას გარდა, ხშირად ასეთი არგუმენტიც  მოჰყავთ:  ენა  ცოცხალი  ორგანიზმია და ის ვითარდება სხვა ენებიდან შემოსული სიტყვების ხარჯზე. თქვენი აზრით, მართლა ასე მშვიდად უნდა ვიყოთ თუ ამაშიც არის პრობლემა, რომელიც, თუ არ მივხედეთ, მძიმე შედეგს მოიტანს? 

– ერთი რამ უნდა ითქვას, რომ, ზოგადად, ტერმინოლოგიას უხდება ერთი სიტყვა. ორი სიტყვა და მეტი არ ამახსოვრდება ადამიანს.  მაგრამ  ეს  არ  არის  გამართლება.  ჯერ ერთი, არ გვაქვს მწირი ლექსიკა, არსებობს შესაბამისი შესატყვისები. მეორეც, მე ასეთი ფორმების გადმოტანა კეკლუცობა უფრო მგონია. „გოლკიპერსაც“ ძალიან ხშირად  იყენებენ და  რატომ? ხომ გვაქვს მისი შესატყვისი? ქართული ენისადმი დამოკიდებულების  ძალიან კარგი მაგალითი არის რაგბიში არსებული ტერმინოლოგია. მაგალითად, ძირითადად ერთმა კაცმა, ბატონმა ზაალ გიგინეიშვილმა შეძლო ის, რომ გააქართულა  ტერმინები და დღეს ასე აქტიურად გამოიყენება. როდესაც ადამიანს უნდა, რა თქმა უნდა, ქართული შესატყვისები გვაქვს და პოულობს. ამაზე ენათმეცნიერების ინსტიტუტის ტერმინოლოგიური განყოფილებაც მუშაობს. ასე რომ, ეს არ არის მიზეზი. ხანდახან, დიახაც, რომ ორი სიტყვა უნდა გამოიყენო, რომ ქართულ ენას სცე პატივი. სჯობს თქვა ორი სიტყვით, ვიდრე ერთი უცხოენოვანი გაიმეორო.

კიდევ ერთი შესამჩნევი ტენდენცია არის ის, რომ ნებისმიერ ენაზე კომენტარის ჩაწერა უფრო მარტივია, ვიდრე ქართულზე, რადგან სხვა ენაზე მოსაუბრე რესპონდენტები ადვილად აყალიბებენ აზრს, რასაც ქართველზე  ვერ იტყვი – მეტყველებს დამახინჯებული ქართულით, უჭირთ გამართულად აზრის ჩამოყალიბება. ხომ არ არის ამის მიზეზი ის, რომ სამეტყველო და ლიტერატურული ქართული ერთმანეთს დასცილდა?

– გეთანხმებით, რომ ტენდენციური გახდა სასაუბრო ენის ყველა სფეროში გადასვლა, რაც არ არის სწორი. სასაუბრო ენა არ უნდა დასცილდეს სალიტერატუროს. ეს მხოლოდ გრამატიკულ ფორმებს არ ეხება, ლექსიკური მარაგი აქვთ მწირი და სანამ აზრს ჩამოაყალიბებენ, დიდი დრო სჭირდებათ. ამას ისევ განათლებისა და კითხვის პრობლემასთან მივყავართ, არადა, თითქოს ბევრი ახალგაზრდა დადის წიგნით ხელში, თუმცა, ეტყობა, არ არის რაოდენობრივად ბევრი.

ალბათ, თქვენც დაჰკვირვებიხართ: როდესაც რესპონდენტს ან სტუდენტს რამეს შეეკითხები, მსჯელობას იწყებენ „ანუ“-თი ან „ესე იგი“-თ. ეს იმდენად ყურში მოსახვედრია, თავად კი ვერ ხვდებიან. რატომ? იმიტომ, რომ მყისიერად იმ სიტყვას ვერ პოულობს, რითაც უნდა საუბარი დაიწყოს და ამას ავსებს პარაზიტი სიტყვებით. ოთარ ჭილაძეს აქვს ნათქვამი – მშობლიურ ენასაც სწავლა უნდაო და ეს უკვირთ ხოლმე. არადა, გრამატიკული ნორმების ცოდნას ენობრივი ალღო მოჰყვება, რაც დღეს უკვე ძალიან ცოტა ადამიანს აქვს. სასაუბრო და სალიტერატურო ენა არ უნდა იყოს დაცილებული, ეს არის ერთიანი სალიტერატურო ენა.

თქვენ წეღან ახსენეთ ინტელექტუალები. რა ვუყოთ იმას, რომ თანამედროვე ქართული მწერლობის ენაც გაღარიბდა?

– თანამედროვე მწერლები ლექსიკის სიმწირეს და სიმარტივეს ხსნიან იმით, რომ თანამედროვეობას ასახავენ და, შესაბამისად, თანამედროვე ადამიანის საუბარი გადმოაქვთ ნაწარმოებში. ენის ლაბირინთებში ყველაზე მეტად მწერალია და სწორედ ისაა, ვინც ქმნის ახალ სიტყვას – ქართულ ძირზე დაფუძნებულს. როდესაც ეს აღარ არის და მკითხველი თანამედროვე ტექსტებშიც მწირ ლექსიკას ხვდება, ფიქრობს, რომ ეს არის ბუნებრივი.

თქვენ აქტიურად ხართ  ჩაბმული  ქართული მეტყველების კულტურის დახვეწის საქმეში. თქვენი თანამონაწილეობით არაერთი ნორმა დადგინდა და მართლწერის არაერთი ლექსიკონი შეიქმნა.  თუ  დაჰკვირვებიხართ, რა შედეგი აქვს ენათმეცნიერების ძალისხმევას – რამდენად სწრაფად და შედეგიანად მიდის ინფორმაცია ცვლილებების შესახებ, მაგალითად, სკოლის პედაგოგებთან?

– ენის ის ნორმები, რომლებითაც დღეს ვსარგებლობთ, ძირითადად,  50 წლის წინანდელია და დიდებულადაა დაწერილი, მაგრამ თვით არნოლდ ჩიქობავამაც ბრძანა, რომ ენა, რამდენადაც  ცოცხალია, მისი ნორმა უცვლელი ვერ იქნება. იმის შემდეგ ბევრი დრო გავიდა და ნორმები მართლაც გადასასინჯი აღმოჩნდა. ბოლო პერიოდში, დაახლოებით, ათი  ნორმა დამტკიცდა ─ ზოგი ახალია, ზოგიც განახლებული. მაგალითად, დღევანდელი ნორმით სწორი  ფორმაა  „უნებლიედ“, ხოლო „უნებლიეთ“ დარჩა მხოლოდ გამოთქმაში ნებსით და უნებლიეთ.

ცვლილებები შეესაბამება დღევანდელობას, არსებულ ენობრივ ცვლილებს.  მაგრამ, არის ერთი პრობლემა. თუმცა ჯერჯერობით სკოლებში ჯერაც  არ მისულა ინფორმაცია ამის თაობაზე. პირობითად, მე სტუდენტს ყოველთვის ვაწვდი ამ  სიახლეებს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ეს ცვლილებები სახელმძღვანელოებშიც უნდა შევიდეს.

ამ ცვლილებების შესახებ სადმე არსებობს წერილობითი ინფორმაცია, გარდა უწყებრივი გამოცემებისა?

– ცვლილებები არის გამოცემული ბიულეტენებად. ის ასახულია როგორც ენათმეცნიერების ინსტიტუტის, ასევე სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ვებგვერდზეც. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ცვლილებებს გაეცნოს, მაგრამ ჰკითხეთ, აბა, რამდენმა მასწავლებელმა ან ჟურნალისტმა იცის ამის შესახებ? არ იციან. ვერავინ ვერ იტყვის, რომ აკლია გამოცემები ან არ გვაქვს განახლებული ნორმები. უბრალოდ, ამას სჭირდება მუდმივი გაცნობა.

თქვენ ასწავლით მომავალ ჟურნალისტებსაც. როგორ მუშაობთ მათთან, ადევნებთ თუ არა თვალს, რა შეცდომები აქვთ და იხილავთ თუ არა ამ შეცდომებს ლექციებზე?

– თითოეულ სემინარზე განვლილი სალექციო საკითხების შესახებ ყოველთვის ვიხილავთ ჟურნალისტთა და პოლიტიკოსთა წერით თუ ზეპირ მეტყველებაში დადასტურებულ შეცდომებს.  როგორც ამბობენ, სხვის შეცდომებზე სწავლობენ. გარდა ამისა, ყოველთვის თვალ-ყურს  ვადევნებ, როგორ ითვისებენ ენობრივ საკითხებს. არის სტუდენტთა კატეგორია, რომელიც ძალიან კარგად მოგვყვება სწავლის პროცესში და ჩართულია მთლიანად, ნაწილი კი ─ არა. არის კიდევ ის პრობლემა, რომ ისინი ხშირად თავინთი მუშაობისას არ/ვერ იყენებენ ნასწავლს.  ცოტაა ისეთი სტუდენტი, რომელიც ენას დიდი პასუხისმგებლობით  ეკიდება  და  შემდეგ  საქმიანობაშიც  იყენებს.  მაგალითად, ეს საშინელი სტილი – „განვმეორდები“ და „ვციტირებ“ – არ შემხვედრია ჩემი სტუდენტების მეტყველებაში, ჩემ გამო კი არა, პასუხისმგებლობიანი აღმოჩნდა, ისწავლა და ეს მსიამოვნებს.

დაბოლოს, თქვენი აზრით, ამ პრობლემებს როგორ უნდა მოვუაროთ, რა გზა არსებობს?

– ერთადერთი გზა არის პასუხისმგებლობა. ვერავინ ვერ გამოასწორებს ამას, ვერც დაგაძალებენ, თუ შენ თავად არ მიისწრაფვი იმისკენ, რომ იყო კარგი მოქართულე და ჟურნალისტი. ვცდილობ, ავუხსნა სტუდენტებს, რომ კარგი ჟურნალისტი არის კარგი მოქართულე. გამოსწორების გზა არის სიახლეების ძიება და საკუთარ თავზე მუშაობა. არაერთი ცნობარი და წიგნი არსებობს, რითაც  შეიძლება სწავლა და განვითარება. ახლახან თსუ ენათმეცნიერების ინსტიტუტის 80 წლის იუბილესთვის პატარა წიგნაკი გამოვეცით – „მართლწერის 80 რეკომენდაცია“. იქაც შევეცადეთ, რომ გახშირებული შეცდომები შეგვეტანა და ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. ასევე არსებობს „ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ცნობარი“, „მართლწერის ლექსიკონი მედიისათვის“,  „ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი“. მნიშვნელოავნია, რომ ჟურნალისტებმა უცხოენოვანი სტრუქტურა და წყობა არ უნდა შემოიტანონ ქართულში. ზოგადად, ბარბარიზმს მეტად ეშველება, ვიდრე დამკვიდრებულ კალკებსა და სინტაქსურად გაუმართავ წინადადებებს. ეს ყველაფერი არის უცხო ენის გავლენა და თუ არ იმუშავეს საკუთარ თავზე, არაფერი გამოვა.

Facebook
Twitter
LinkedIn