თამარ ნოზაძე: თითოეულ ჩვენთაგანს უფლება აქვს იცოდეს –  ვცხოვრობთ თუ არა ელექტრომაგნიტური დაბინძურების თვალსაზრისით უსაფრთხო გარემოში?

თარიღი: 2023-11-28 16:01:23

თბილისში სასკოლო საგანმანათლებლო დაწესებულებების ლოკაციებზე  ელექტრომაგნიტური დაბინძურების კვლევა-ანალიზი იწყება. კვლევით პროექტს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის ფარგლებში, ფიზიკის დოქტორი, თსუ-ს ასისტენტ პროფესორი თამარ ნოზაძე პროფესორ გიორგი ღვედაშვილის ხელმძღვანელობით განახორციელებს. კვლევა ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება. საგანმანათლებლო დაწესებულებების ლოკაციები გამიზნულად შეირჩა, რადგან კვლევითი პროექტის ავტორის განმარტებით,  „ბავშვების ორგანიზმი განვითარებადია, ელექტრომაგნიტური გამოსხივება ადვილად შეღწევადია, ამიტომ ელექტრომაგნიტური ზემოქმედებით გამოწვეული შესაძლო უარყოფითი შედეგები შეიძლება უფრო სერიოზული იყოს, ვიდრე მოზრდილებში“. კვლევის შედეგების საფუძველზე მკვლევრები ელექტრომაგნიტური დაბინძურების რუკის შექმნას გეგმავენ, სადაც ყველა ის ლოკაცია აისახება, რომელიც უსაფრთხოების თვალსაზრისით საყურადღებო აღმოჩნდება. პროექტის აქტუალობის დეტალებს თამარ ნოზაძე ინტერვიუში აზუსტებს.

რამდენად აქტუალურიელექტრომაგნიტური ფონის კვლევა?

თამარ ნოზაძე: ,,აღსანიშნავია, რომ ადამიანები ქმნიან თავდაცვის საშუალებებს ფიზიკური საფრთხეებისგან დასაცავად, მაგრამ მათ არ შეუძლიათ იგივე გააკეთონ ელექტრომაგნიტური ველების ზემოქმედების წინააღმდეგ, რომლებიც დღითიდღე სწრაფად იზრდება. ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია ელექტრომაგნიტური ფონის გამოკვლევა, რომელსაც ქმნიან საბაზო სადგურები და სხვადასხვა სახის ანტენები, ელექტრომაგნიტური მოწყობილობები.  საკვლევი თემის აქტუალობას მოწმობს უახლოეს პერიოდში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების სიმრავლე. არსებობს მტკიცებულება რადიოსიხშირული ელექტრომაგნიტური გამოსხივების უარყოფითი ზემოქმედების შესახებ ფლორასა და ფაუნაზე. მეცნიერები თვლიან, რომ  ელექტრომაგნიტური ველის ზემოქმედების შედეგად ფუტკრების და სხვა დამამტვერიანებლების თანდათანობით შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები უფრო მასშტაბური და მყისიერი, ვიდრე გლობალური დათბობა. საბედნიეროდ, განგაშის ზარი დარეკეს და დროა შემუშავდეს სტრატეგიული გეგმები, რათა დავიცვათ არა მხოლოდ თაფლის ფუტკრები, არამედ ადამიანის სიცოცხლე და გარემო  ელექტრომაგნიტური გამოსხივების შესაძლო უარყოფითი გავლენისგან“.

AI(Artificial Intelligence) concept.

რა მეთოდით გეგმავთ კვლევის განხორციელებას და რამდენ ეტაპიანია პროექტი?

თამარ ნოზაძე: „წინამდებარე კვლევა მიზნად ისახავს თბილისის (საქართველო) სკოლების ლოკაციებზე ელექტრომაგნიტური ველის მნიშვნელობების გაზომვას  ელექტრომაგნიტური დაბინძურების დონის განსაზღვრის მიზნით. აღნიშნული ლოკაციების შერჩევა მოხდა იმ მიზეზით, რომ ბავშვები დროის უმეტეს ნაწილს ატარებენ სკოლაში. ნებისმიერ მშობელს აინტერესებს  – არის თუ არა სკოლის არეალი უსაფრთხო მათი შვილებისთვის ელექტრომაგნიტური დაბინძურების თვალსაზრისით. ბავშვების ორგანიზმი ჩამოუყალიბებელია/განვითარებადია და ადვილად შეღწევადია ელექტრომაგნიტური გამოსხივების მიმართ, ამიტომ  ელექტრომაგნიტური ზემოქმედებით გამოწვეული შესაძლო უარყოფითი შედეგები ბავშვებში შეიძლება უფრო სერიოზული იყოს, ვიდრე მოზრდილებში. გაზომვებით მიღებული შედეგების საფუძველზე პროგრამული პაკეტების გამოყენებით შეიქმნება  ელექტრომაგნიტური დაბინძურების რუკა, რომელზეც თვალსაჩინო იქნება ის ლოკაციები, რომელიც ყველაზე საყურადღებოა ელექტრომაგნიტური უსაფრთხოების თვალსაზრისით.  რიცხვითი ექსპერიმენტის განხორციელების გზით მოხდება ელექტრომაგნიტური ველის ზემოქმედების შესწავლა ადამიანზე შერჩეულ 5G საკომუნიკაციო სიხშირეებზე გაზომვით მიღებული ელექტრომაგნიტური ველის მაქსიმალური მნიშვნელობების მიხედვით. კომპიუტერული მოდელირების გზით შევისწავლით გამოსხივებული ენერგიის რა ნაწილი შთაინთქმება ადამიანის ორგანიზმის მიერ და როგორია შესაბამისი ტემპერატურის მატების მნიშვნელობები ბავშვის და ზრდასრული ადამიანის თავში. მოხდება მიღებული შედეგების დამუშავება/ანალიზი უსაფრთხოების სტანდარტებთან მიმართებაში, შესაძლო ჯანმრთელობის რისკების შეფასება. კვლევა ითვალისწინებს, ასევე, რეკომენდაციების შემუშავებას/განმტკიცებას შესაძლო უარყოფითი შედეგების თავიდან არიდების მიზნით.

წარმოდგენილი საგრანტო პროექტის განხორციელებით პირველად იქნება ღრმად და საფუძვლიანად გამოკვლეული განსაზღვრულ საკვლევ არეალში ელექტრომაგნიტური ფონი, დადგინდება რამდენად უსაფრთხოა გარემო  ელექტრომაგნიტური დაბინძურების თვალსაზრისით.  უნდა აღინიშნოს, რომ აუცილებელია პერიოდული მონიტორინგი და ელექტრომაგნიტური ფონის შესახებ ინფორმაციის განახლება, რადგან ელექტრომაგნიტური მოწყობილობების, განსაკუთრებით კი, საკომუნიკაციო მოწყობილობების რიცხვი, მითუმეტეს ბოლო პერიოდში, მნიშვნელოვნად იზრდება. შემოთავაზებული პროექტი ბიძგს მისცემს ახალი უფრო მასშტაბური კვლევების დაწყებას ელექტრომაგნიტური ფონის კვლევის მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში“.

Facebook
Twitter
LinkedIn