„სხვენის“  სპექტაკლი „მხიარული ნოველები“ უნგრეთის აიტა-ს საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე

თარიღი: 2023-06-19 13:05:36

თსუ-ს თეატრალური დასი „სხვენი“ აიტა-ს საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალი უნგრეთის ქალაქ დებრეცენში გაიმართება. „სხვენი“ სპექტაკლს კლოუნადას ჟანრში – „მხიარულ ნოველებს“ წარადგენს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური დასი უნგრეთში დღეს გაემგზავრა.

საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ორგანიზატორებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მიერ წარდგენილი ათეულობით სპექტაკლიდან 12 საუკეთესო შეარჩიეს, მათ შორის არის „მხიარული ნოველები“.  სპექტაკლის რეჟისორი და სცენარის ავტორი „სხვენის“ დასის ხელმძღვანელი გიორგი გომურაშვილია, მსახიობები – ლევან შალამბერიძე, ანა ადამაშვილი, ნიკოლოზ ადამაშვილი, მარიამ ცომაია, ნიკოლოზ ქაცარიძე და დავით მაისურაძე.

„ფესტივალი ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და სპექტაკლებს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული 12 თეატრალური დასი წარმოადგენს. ვფიქრობ, რომ ეს უკვე დიდი წარმატებაა, რადგან მსოფლიოს ბევრი ქვეყნიდან აგზავნიან ნამუშევრებს.

„მხიარული ნოველები“ სრულიად განსხვავებული ჟანრია – კლოუნადა, რომელიც მაყურებელმა, შესაძლოა, კომედიად აღიქვას, თუმცა მასში შეფარული სევდა და ცხოვრებისეული გამოწვევებია ჩადებული. „მხიარული ნოველები“  „საერთაშორისო ენაზეა“, რაც იმას ნიშნავს, რომ არცერთ ენაზე არ ვლაპარაკობთ, მაგრამ ყველასთვის ყველაფერი გასაგებია. ფაქტობრივად, მსახიობები არ საუბრობენ, მაყურებელი სხვადასხვა ენაზე გარკვეულ შეძახილებს თუ მოისმენს. ხშირად მაყურებელი სიტყვა „კლოუნადას“ მოსმენისას საცირკო წარმოდგენასთან ახდენს ასოცირებას, თუმცა ჩვენი კლოუნადა აბსოლუტურად განსხვავებულია – ეს კლოუნი დრამატულია“, – ამბობს თსუ-ს თეატრალური დასის „სხვენის“ რეჟისორის ასისტენტი, მსახიობი ქეთი ოქუაშვილი.

Facebook
Twitter
LinkedIn