რას წაიკითხავთ ჟურნალის – „ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებები” – მესამე გამოცემაში?

თარიღი: 2022-10-27 15:51:51

თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა  ჟურნალის – ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებები მესამე გამოცემა წარმოადგინეს. ოფიციალური ელექტრონული სტუდენტური ჟურნალი ეძღვნება ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა სფეროს აქტუალურ სამეცნიერო პრობლემებს, რომელიც განკუთვნილია ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის.

ჟურნალის მესამე გამოცემაში თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა  საინტერესო და მრავალფეროვანი  სტატიები შემოგვთავაზეს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების თემატიკაზე.

თსუ-ს  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის სტუდენტის   ნინო ქიტოშვილის ნაშრომში „ობიექტურსუბიექტური გარემო ფაქტორების როლი ადამიანის ქცევაში“  გაცემულია  პასუხი კითხვაზე – შეუძლია თუ არა გარემოს შეცვალოს ადამიანის ქცევა და ეს ცვლილება გააუმჯობესებს თუ არა პიროვნების ყოველდღიურობას? პასუხის გასაცემად ნაშრომში განხილულია გარემოს ფსიქოლოგიაში არსებული თეორიები და კვლევები, რომლებიც ეხებოდა გარემოს გავლენას ადამიანის ქცევის ცალკეულ სფეროებზე. როგორც კვლევის ავტორი აცხადებს: „დამუშავებული ლიტერატურიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ გენდერული აღქმა მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული სოციალიზაციის პროცესთან, თუმცა მხოლოდ არსებული კვლევები არ კმარა და საჭიროა სხვა ტიპის სიღრმისეული კვლევები, რომელთა ფოკუსი იქნებოდა იმ გამაშუალებლის კვლევაც, რომელიც სქესობრივ იდენტობას, სოციალიზაციის პროცესსა და გარემოზე პასუხისმგებლობის განცდას აერთიანებს“. როგორ განაპირობებს გენდერული სოციალიზაცია გარემოს აღქმას? როგორია მშობლის როლი შვილის გენდერულ სოციალიზაციასა და გარემოს აღქმის ჩამოყალიბებაში? – ამ კითხვებზე პასუხებს  ნაშრომის გაცნობის დროს იპოვით.

თსუ-ს ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის მაგისტრის  ეკატერინე ჯიქიძის კვლევის მიზანს წარმოადგენდა ზრდასრულობაში ტრანზიციის შესწავლა ქართულ კულტურაში, კერძოდ, იმის კვლევა – თუ რა ამოცანებთანაა დაკავშირებული ზრდასრულობაში გადასვლა ქართველი ახალგაზრდებისთვის, როგორი გამოცდილებით, რა თავისებურებებითა თუ გამოწვევებით ხასიათდება ადამიანის განვითარების ეს პერიოდი. ამ კვლევის სახით გამოვლინდა ქართველი ახალგაზრდების ზრდასრულობაში გადასვლის ამოცანები (ზრდასრულობის ნიშნები), ზრდასრულობაში ტრანზიციის პერიოდის მახასიათებლები, სოციო-კულტურული გარემოება და მასთან დაკავშირებული საკითხები. თუ რა დასკვნების გამოტანა შეგვიძლია ამ კვლევის საფუძველზე, ამას  ეკატერინე ჯიქიძის ნაშრომში  ქართველი ახალგაზრდების ზრდასრულობაში ტრანზიცია“ გაეცნობით.

თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრი რუსუდან სოფრომაძე დაინტერესდა  – თუ რა მნიშვნელობა აქვს მოცარტის ეფექტს, კერძოდ, მოცარტის მუსიკის მოსმენას სტრუპის დავალების შესრულებაზე.  ნაშრომში  მოცარტის ეფექტის გავლენა სტრუპის დავალების შესრულებაზე“ განხილულია ექსპერიმენტი, რომელიც ჩატარდა იმის დასადგენად – ჯგუფს, რომელმაც მოუსმინა მოცარტის მუსიკას, ექნებოდა თუ არა დავალების შესრულების უკეთესი შედეგები, ვიდრე მათ, ვისაც არ მოუსმენია მოცარტის მუსიკა. მონაწილეებს ევალებოდათ, შეესრულებინათ სტრუპის დავალება, ექსპერიმენტის დაწყებისას ეკრანზე ჩნდებოდა სხვადასხვა ფერით დაწერილი სიტყვები, მონაწილეებს კი უნდა განესაზღვრათ სიტყვების ფერი და დაეჭირათ კლავიატურის შესაბამის ღილაკზე. თუ რა ჰიპოტეზები არ დადასტურდა ექსპერიმენტის მიხედვით, ამას წაიკითხავთ რუსუდან სოფრომაძის ნაშრომში. 

„მომხმარებლისა და მარკეტერის ინტელექტი / Harish Sujan and Mita Sujan“- მიმოიხილავს კვლევებს, რომლებიც მარკეტერებისა და მომხმარებლების გარემოსთან ინტელექტუალური ურთიერთობის სტრატეგიებს ეხება. ნაშრომის ავტორია თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრი ქეთევან ქორეულაშვილი. 

ჟურნალში კავკასიის უნივერსიტეტის მაგისტრანტის  ანა ჭირაქაძის სტატიასაც გაეცნობით „მოზრდილთა მიჯაჭვულობის კავშირი სოციალურ შფოთვასა და ემოციურ ინტელექტთან ქართულ კულტურაში“. ავტორი შეეცადა სტატიაში  ეჩვენებინა კავშირი მოზრდილთა მიჯაჭვულობას, ემოციურ ინტელექტსა და სოციალური შფოთვის დონეს შორის. როგორც ნაშრომის ავტორი აცხადებს: „მოცემული კვლევა შეისწავლის კავშირს რომანტიკულ ურთიერთობებს, ემოციურ ინტელექტსა (EI) და სოციალურ შფოთვას შორის. კვლევა რომანტიკულ ურთიერთობებში მოიაზრებს მოზრდილთა მიჯაჭვულობას, ხოლო ემოციურ ინტელექტს განიხილავს, როგორც პიროვნულ ნიშანს (TEI)“. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 130 ადამიანმა, რის საფუძველზეც  დადასტურდა სამი ჰიპოთეზა, რომელსაც ნაშრომში გაეცნობით.

ცნობისთვის: სტატიების რეცენზირებასა და ექსპერტიზას თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური უზრუნველყოფს.

Facebook
Twitter
LinkedIn