სტუდენტური ბლოგების კონკურსში გამარჯვებულები

თარიღი: 2023-06-02 17:03:03

ცოტა ხნის წინ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ ჩატარდა ,,სტუდენტური ბლოგების კონკურსი”, რომელშიც ISET-ის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტებმა გიორგი პაპავამ და ანა ტერაშვილმა გაიმარჯვეს.  

პროექტ ,,რეფორმეტრის” მიზანია შერჩეული ეკონომიკური რეფორმების პროგრესის ანალიზი, რეფორმით დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის ხელშეწყობა და რეფორმის განმახორციელებელი სამთავრობო უწყებების მხარდაჭერა რეფორმის ცნობადობის და ეფექტიანობის ასამაღლებლად. 

,,სტუდენტური ბლოგების კონკურსი”, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, პროექტ ,,რეფორმეტრის” ფარგლებში ორგანიზებული ღონისძიება იყო. კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდა საქართველოში ავტორიზებული ყველა უმაღლეს სასწავლებლის ბაკალავრიატისა  და პროფესიული სასწავლებლის აქტიურ სტუდენტს. კონკურსის პირობების თანახმად, მონაწილეებს უნდა დაეწერათ ანალიტიკური ბლოგი საქართველოში მიმდინარე და პროექტის ფარგლებში შერჩეული ოთხი ეკონომიკური რეფორმიდან ერთ-ერთის შესახებ. 

პროექტის ფარგლებში შეირჩა შემდეგი ეკონომიკური რეფორმები: კაპიტალის ბაზრის განვითარების, წყლის რესურსების მართვის, ელექტრონული კომერციისა და გადახდისუუნარობის რეფორმები. ეს ის ეკონომიკური  რეფორმებია, რომლებიც საქართველოში ახლა ინერგება. სხვა რეფორმებთან ერთად, შერჩეული ოთხი რეფორმის პროგრესს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, აფასებს მისი მიმდინარე პროექტის – ,,რეფორმეტრის” ფარგლებში.  

„სტუდენტური ბლოგების კონკურსში” მონაწილეობის სურვილი საქართველოს 6 სხვადასხვა უნივერსიტეტის 37-მა სტუდენტმა გამოთქვა. კონკურსის აპლიკანტები დაესწრნენ პროექტ ,,რეფორმეტრის” გუნდის მიერ ორგანიზებულ ონლაინ საინფორმაციო სესიებს თითოეული რეფორმის შესახებ, რის შემდეგაც მათ პროექტის გუნდს მათსავე მიერ შექმნილი ბლოგები გაუზიარეს. 

როგორც ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა ლევან თევდორაძემ გვითხრა, წარდგენილი ბლოგები კონკურსის ორგანიზატორებმა შეაფასეს სამი სხვადასხვა კრიტერიუმით: შინაარსი და ადეკვატურობა, ორიგინალურობა და სტილი. შეფასების შედეგად გამოვლინდა ორი გამარჯვებული, ანა ტერაშვილი და გიორგი პაპავა.

გიორგი პაპავას ბლოგი –პრობლემური ბიზნესი: ნავიგაცია გადახდისუუნარობის ლაბირინთში“ – შეეხებოდა გადახდისუუნარობის კანონის რეფორმას და მის განხილვას ეკონომიკურ ჭრილში. როგორც ბლოგის ავტორი ამბობს, ამჟამინდელი კანონის მთავარი მიზანი არის კრედიტორთა ინტერესების დაკმაყოფილება, უწინარეს ყოვლისა, ფირმის რეაბილიტაციის გზით, რაც ეწინააღმდეგება თავისუფალი ბაზრის ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპს, სახელდობრ, ,,წაგებულების” და ,,მოგებულების” არსებობას. ამგვარი რეაბილიტაციით ,,წაგებულ” – კონკურენტუუნარო ფირმას მეორე შანსი ეძლევა, რაც ბლოგის ავტორის აზრით, ეკონომიკურად გაუმართლებელია, რადგან კონკურენციის პირობებში გაკოტრებული მიმწოდებლის ადგილს უკვე არსებული კონკურენტუნარიანი ფირმები იკავებენ, ანაც ვაკუუმის შესავსებად ბაზარზე ახალი ფირმა ჩნდება.

გიორგი პაპავას დაკვირვებით, ,,წაგებული” ფირმის ბაზარზე ხელოვნური შენარჩუნებით ,,მოგებულ” ფირმებს  არა მარტო ესპობა დამსახურებული გაფართოების შესაძლებლობა, არამედ ბაზარზე რჩება ფირმა, რომელმაც ერთხელ უკვე ვერ მოახერხა კონკურენტულ გარემოში გადარჩენა და, ამდენად, ალბათობა იმისა, რომ იგი, მომავალი პრობლემების გამო, კიდევ ერთხელ აღმოაჩენს თავს იმავე სიტუაციაში, საკმაოდ მაღალია, რადგან გადახდისუუნარობის მთავარი მიზეზი ფირმის მცდარი მენეჯმენტი, ბიზნესის წარმოების არასწორი სტრუქტურა, ან მოძველებული ტექნოლოგიაა. ეკონომიკური კრიზისის პერიოდში გადახდისუუნარო შეიძლება გახდეს, მათ შორის, კონკურენტუნარიანი ფირმებიც. მაგალითად, ძლიერი გვალვის შედეგად მოსპობილი მოსავლის გამო სოფლის მეურნეობის სექტორში მრავალმა ფირმამ შეიძლება ვერ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, იმისდა მიუხედავად, რომ მათ არც მოძველებული ტექნოლოგიის, არც ცუდი მენეჯმენტის და არც მცდარი ბიზნეს მოდელის პრობლემები არ გააჩნდათ. „ასეთ დროს, აუცილებელია სწრაფი მოქმედება იმისათვის, რომ ეკონომიკური სექტორის დიდი ნაწილი არ იქნას განადგურებული. ამიტომ, მხოლოდ და მხოლოდ, კრიზისულ პერიოდში არის გამართლებული რეაბილიტაცია, რათა კრიზისი არ გადაიზარდოს ეკონომიკურ დეპრესიაში. არაკრიზისულ პერიოდში – ეკონომიკური ექსპანსიისა და, მითუმეტეს, ბუმის პერიოდში, ბაზარს უნდა მიეცეს შესაძლებლობა – თვითონვე დარეგულირდეს, მხოლოდ ასე შეძლებს ადამ სმიტის ,,უჩინარი ხელი” საუკეთესო ეკონომიკური შედეგი მოგვცეს“, – ამბობს გამარჯვებული ბლოგის ავტორი, რომელმაც კონკურსში მონაწილეობა „საკუთარი თავის შესამოწმებლად“ მიიღო, გამარჯვებამ კი, მისივე თქმით, მოტივაცია მისცა, თავი გამოეცადა სამეცნიერო საქმიანობაში.

ანა ტერაშვილის ბლოგი – წყლის რესურსების მართვის რეფორმაარსებული რეალობა და მოლოდინები – შეეხება საქართველოში დადგენილ ახალ კანონპროექტს ,,წყლის რესურსების მართვის შესახებ”, რომელიც ჩაანაცვლებს ძველ ,,კანონს წყლის შესახებ”. კანონპროექტთან დაკავშირებული რამდენიმე კრიტიკული ინდიკატორის გაანალიზების საფუძველზე, ბლოგში განხილულია ძველ სისტემაში არსებული ხარვეზები და სავარაუდო შედეგები. უფრო კონკრეტულად, ყურადღება გამახვილებულია რეფორმის ორ ძირითად კომპონენტზე, რომელიც მოიაზრებს ქვეყნის სააუზო მართვის სისტემაზე გადასვლას და წყლის მოხმარების ეკონომიკური ინსტრუმენტების შემოღებას, რაც წყლის რესურსების მონიტორინგის ქსელის გაფართოებას და წყლის დაბინძურების პრევენციის ზომების წარდგენასაც გულისხმობს.

ანა ტერაშვილის თქმით, „რეფორმეტრის“ „სტუდენტური ბლოგების კონკურსში“ გამარჯვება, სასიხარულოსთან ერთად, სტიმულის მომცემიცაა, რომ უფრო მეტად გაეცნოს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს და, შეძლებისდაგვარად, ჩაერთოს მათი მიმდინარეობის პროცესში, რაც, მისი აზრით, საინტერესო, საპასუხისმგებლო და, ეკონომიკური საკითხების მიმართ თვალსაწიერის გაფართოების  მხრივ, სასარგებლო პროცესია.

„სტუდენტური ბლოგების კონკურსში“ გამარჯვებულებს დაუფინანსდათ მათთვის სასურველი ონლაინ რესურსისა და ონლაინ სასწავლო კურსის გამოწერა. ასევე, 12 ივნისიდან ორივე გამარჯვებული გაივლის 2-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას ISET-ის კვლევით ინსტიტუტში, პროექტ ,,რეფორმეტრის” კვლევით გუნდში.

კონკურსანტთა ბლოგები ხელმისაწვდომია პროექტ ,,რეფორმეტრის” ფეისბუქ გვერდზე.

Facebook
Twitter
LinkedIn