რა მომსახურებას ელოდება რიგში მდგომი 40-მდე სტუდენტი თსუ-ს სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრისგან?

თარიღი: 2023-10-31 20:08:28

ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ სტუდენტური ფსიქოლოგიური სახის პრობლემების დასაძლევად თსუ-ში სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი არსებობს, რომელიც ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჯერ კიდევ 2018 წლიდან ფუნქციონირებს. საწყის ეტაპზე და პანდემიის დროს ფსიქოლოგიური კონსულტაციები ონლაინ რეჟიმით მიმდინარეობდა. ცენტრი ზრუნავს სტუდენტთა ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და მათი პოტენციალის განვითარებაზე.

2021 წლის იანვრიდან ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე დაიწყო ახალი პროექტი: ,,ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში“ (Establishment of Psychological Counselling Centers at Georgian HEIs for Students – E-PSY, N617980-EPP-1-2020-1-G-EPPK2-CBHE-SP). აღნიშნული პროექტი ხორციელდება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით ერაზმუს + პროგრამის (Capacity Building in a Field of Higher Education) ფარგლებში. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი და მის ფარგლებში არსებული ფსიქოლოგიური კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი მონაწილეობს ამ პროექტში, როგორც კონსორციუმის წევრი.

სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრს თსუ-ში ნეიროფსიქოლოგი, თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი თამარ გაგოშიძე ხელმძღვანელობს, რომელიც ცენტრის მომსახურების მიზნებსა და პირობებზე გვესაუბრება.

სტუდენტებს, მსოფლიოს მასშტაბით, ხშირად აქვთ ჩივილები ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ეს ჩივილები საკმაოდ მრავალფეროვანია, მათ შორისაა, შფოთვითი აშლილობა, დეპრესია, სოციალური ურთიერთობების დამყარების პრობლემები… გამონაკლისები არც ქართველი სტუდენტები არიან. მსგავსი პრობლემებით თსუ-ში შექმნილ ცენტრს უკვე არაერთი ახალგაზრდა მიმართავს.

ცენტრს აქვს ,,ფეისბუქ” გვერდი (იხილეთ ბმული: https://www.facebook.com/TSUpsy/), რომელსაც ოპერატორი მართავს. მისი მეშვეობით ხდება ფსიქოლოგიური დახმარების მსურველ სტუდენტთა სიის ფორმირება.

ეს არ არის ერთჯერადი კონსულტაცია, სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, რომ გაიარონ 6 ფსიქოლოგიური სესია, ცხადია, უფასოდ.

,,მეტი ცნობადობისა და ხელმისაწვდომობისთვის, ჩვენი და თსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომლობით, LMS-ის პორტალზე ნებისმიერი მიმართულების სტუდენტს ეგზავნება ცნობა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრიდან”, – ამბობს თამარ გაგოშიძე. მისი ინფორმაციით, პროექტის გაფართოების ფარგლებში გამოიყო სივრცეები, რომელიც აღიჭურვა ფსიქოლოგიური სესიების ჩასატარებლად საჭირო ტექნიკით, გადამზადდნენ და ტრენინგები ჩაუტარდათ ფსიქოთერაპევტებსა და კონსულტანტებს.

ჩვენს რესპონდენტთან საუბრისას ერთი ყველაზე მთავარი ფაქტი და განწყობა იკვეთება  – მას სურს, რომ ახალგაზრდები, რომლებიც არც თუ ისე იშვიათად საჭიროებენ ფსიქოლოგიურ დახმარებას, პროფესიონალი, კომპეტენტური კადრების ხელში აღმოჩნდნენ.

,,ამ ცენტრის კიდევ ერთი დადებითი მხარე ზუსტად ეს იქნება: გადამზადდებიან კადრები, რომლებმაც უნდა იზრუნონ ახალგაზრდების მენტალურ კეთილდღეობაზე. სწორედ ამ მიზნით ჩვენ უკვე ვმუშაობთ დოკუმენტაციაზე, რათა დაწესდეს ერთგვარი ხარისხი  ფსიქოლოგიური მომსახურების კუთხით“, – აღნიშნავს თამარ გაგოშიძე, რომელიც ცალსახად მიუთითებს ამ სფეროში ხშირად ფსიქოლოგად წოდებული ადამიანების საქმიანობის უკონტროლობაზე საქართველოში.

გარდა იმისა, რომ ამჟამად ფსიქოლოგიური მომსახურების მსურველი 40  სტუდენტი ელოდება რიგის მიხედვით მინიჭებულ სესიას, ცენტრი კვლავ განაგრძობს მუშაობას. თამარ გაგოშიძის თქმით, წლის ბოლოს მათ უკვე ექნებათ ლიტერატურა, ტესტები და ინსტრუმენტები, რომლითაც უფრო მარტივად მოხერხდება ფსიქოლოგიური დახმარების საჭიროების მქონე ინდივიდთა მდგომარეობის გაუმჯობესება. მთავარი იქნება ის, რომ უცხოურ გამოცდილებასთან ერთად, ეს ლიტერატურა აუცილებლად მოიცავს და მოერგება ქართულ რეალობას.

. . .

განსაკუთრებით სასარგებლო და გამოსადეგი ეს ცენტრი პანდემიის პერიოდში აღმოჩნდა სტუდენტებისთვის. სესიებთან ერთად ჩატარდა ტრენინგები სტრესის მართვასთან, დროის მენეჯმენტთან და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. ფსიქოლოგიური პრობლემების გამომწვევ მიზეზებზე საუბრისას, თამარ გაგოშიძე პანდემიისას ახალგარდების მკვეთრად გაუარესებულ მდგომარეობას უსვამს ხაზს, რასაც თან ერთვის ტექნოლოგიურ მოწყობილობაზე დამოკიდებულება.

,,შექმნილმა რეალობამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ იზოლაცია ადამიანისა და მისი სოციალური ურთიერთობებისათვის დამღუპველია”, – აღნიშნავს თამარ გაგოშიძე, რომლის იდეის განხორციელებამ, პროფესიულმა გამოცდილებამ და მსოფლიო მაგალითების გაანალიზებამ ცენტრს უკვე თავისი იმიჯი შესძინა.

ნინო ჯანჯალაშვილი

თსუ-ს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტი

Facebook
Twitter
LinkedIn