სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სწავლის დაფინანსების ახალ ინიციატივაზე მეტი ინფორმაცია სჭირდებათ

თარიღი: 2024-04-03 20:27:01

სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 6 მარტიდან 31 მაისის ჩათვლით გრძელდება განცხადებების მიღება 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის გადასახადის დაფინანსების მიზნით. ეს ინიციატივა თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველებს, მრავალშვილიანებსა და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებს საშუალებას აძლევს – განცხადებით მიმართონ თბილისის მერიას და სრულად დაფარონ გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასური.

 „დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ აქტიური სტუდენტის სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები; არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსი“, – განაცხადა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კახი კალაძემ.

ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, თუ როგორ ნაწილდება თანხა გარკვეულ სტუდენტზე და აქვს თუ არა ყველა სოციალურად დაუცველთა სტატუსის მქონე სტუდენტს დაფინანსების მიღების შესაძლებლობა. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ სემესტრული თანხა გაიცემა არაუმეტეს – 1125 ლარისა, 50%, 70% და 100%-იანი დაფინანსებით. სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებული ის სოციალურად დაუცველი სტუდენტები დაფინანსდებიან, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 70 000 ან ნაკლებია და სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე სწავლობენ. გასაცემი დაფინანსების რაოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის წინა სემესტრში მიღებულ შეფასების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა საჭირო ინფორმაცია ატვირთულია, სტუდენტების გარკვეულ ნაწილს მაინც არ აქვს ინფორმაცია ამ პროგრამის არსებობაზე, შესაბამისად ბევრი მათგანი, ნაკლები ინფორმირებულობის გამო, პროგრამაში ვერ იღებს მონაწილეობას. აუცილებელია ხაზგასმით იყოს გამოკვეთილი ის ფაქტი, რომ ამ პროგრამის ფარგლებში მხოლოდ თბილისში რეგისტრირებული სტუდენტები ფინანსდებიან. (ძალიან ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც რეგიონში რეგისტრირებული სტუდენტი აგროვებს ყველა საჭირო დოკუმენტს იმ იმედით, რომ სწავლას დაუფინანსებენ, მაგრამ, საბოლოოდ, აღმოჩნდება, რომ მას არ უზრუნველყოფენ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გადასახადით მხოლოდ იმის გამო, რომ რეგიონშია რეგისტრირებულია და არა დედაქალაქში).

თბილისის მერიის ცხელ ხაზზე დარეკვაც გართულდა, რადგან დიდი დრო სჭირდება, სანამ ოპერატორი გიპასუხებს და სრულ ინფორმაციას მოგაწვდის იმ დოკუმენტების შესახებ, რომლებიც სტუდენტმა პროექტში მონაწილეობისთვის გამგეობაში უნდა წარადგინოს.

პროგრამაში მონაწილეობისთვის სტუდენტმა მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან;
  • ცნობა უნივერსიტეტიდან წლიური/სემესტრული გადასახადის და გრანტის პროცენტული ოდენობის მითითებით;
  • უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები და ანგარიშფაქტურა;
  • უნივერსიტეტის მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების ფურცელი (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა);
  • პირადობის მოწმობის ასლი;

ხოლო, პირველსემესტრელი სტუდენტისთვის ჩამონათვალს ემატება ცნობა ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულებისა და შედეგების შესახებ.

სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 4 000-ზე მეტი სტუდენტი, რომელსაც აქვს სოციალურად დაუცველის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახის წევრის სტატუსი. ამასთანავე, წარმატებულ 617 მაგისტრანტს გამოეყო თანხა ფინანსური წახალისების მიზნით.

თინათინ ჭილაური

თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის

ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულების სტუდენტი

Facebook
Twitter
LinkedIn