სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილის კომენტარის პრეზენტაცია

თარიღი: 2024-04-10 11:48:37

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის მიმართულების პროფესორთა ჯგუფის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილის კომენტარი გამოიცა. ნაშრომი პროფესორ ნონა თოდუას, პროფესორ მერაბ ტურავასა და პროფესორ მაია ივანიძის სამეცნიერო რედაქტორობითა და თანაავტორობით შეიქმნა. ავტორთა ჯგუფს ასევე შეადგენენ თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი: ლალი ფაფიაშვილი, ლევან ხარანაული, თემურ ცქიტიშვილი, ირინე ხერხეულიძე, ირაკლი დვალიძე, ირინა აქუბარდია და მორის შალიკაშვილი. გამოცემა ორი ტომისგან შედგება.

საქართველოს სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი გერმანული საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის (GIZ) საგრანტო პროექტის ფარგლებში დაფინანსდა. პროექტის სამეცნიერო კონსულტანტი გერმანიის თიუბინგენის უნივერსიტეტის პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი ბერნ ჰაინრიხი გახლდათ.

„ბატონი ჰაინრიხის რეკომენდაციები მნიშვნელოვანი იყო ორტომეულის მომზადების პროცესში არა მხოლოდ შინაარსობრივი, არამედ ტექნიკური თვალსაზრისითაც.  ახალ გამოცემაში  მოცემულია სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილის დოგმატური საკითხები და წმინდა მეცნიერული ანალიზი, მიმოხილულია სასამართლო პრაქტიკა, თითოეულ მუხლთან დაკავშირებით გაცემულია საკანონმდებლო რეკომენდაცია. შესაბამისად, გამოცემის დანიშნულება არ შემოიფარგლება მხოლოდ სასწავლო პროცესით, იგი მნიშვნელოვანია პრაქტიკოსი იურისტებისთვის. სემესტრის ბოლოს დაგეგმილი გვაქვს ნაშრომში წარმოდგენილი  აქტუალური საკითხების შესახებ სადისკუსიო შეხვედრის მოწყობა, სადაც იურიდიული საზოგადოების უკუკავშირს მოვისმენთ/განვიხილავთ“, – განმარტა სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილის კომენტარის პრეზენტაციაზე პროფესორმა ნონა თოდუამ.

სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილის კომენტარის ორტომეულის პრეზენტაცია 6 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ღონისძიებას გერმანული საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის, თბილისის საქალაქო სასამართლოს, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების, გენერალური პროკურატურის, ადვოკატთა ასოციაციის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა ახალი გამოცემის მნიშვნელობა შეაფასეს:

იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თამარ ზარანდია: „სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილის კომენტარი ხელს შეუწყობს საქართველოს სისხლის სამართლის ნორმების სწორ განმარტებას“.

იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი ირმა ხარშილაძე: „საქართველოს სწრაფვა ევროკავშირში გაერთიანებისკენ, უპირველეს ყოვლისა, სამართლებრივ ბაზაზე უნდა იყოს ასახული და სწორედ ევროკავშირის სამართალთან დაახლოების მიზანი ჩანს ამ ნაშრომში“.

იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი ირაკლი ბურდული: „თამამად შემიძლია თქმა იმისა, რომ მსგავსი ხარისხისა და მნიშვნელობის კომენტარი იმ ცვლილებების ფონზე, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელდა, პირველად შეიქმნა“.

საქართველოს სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილის კომენტარი სტუდენტებისთვის, აკადემიური პერსონალისა თუ დაინტერესებული მკითხველისთვის თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სამკითხველოში და თსუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში იქნება ხელმისაწვდომი.

Facebook
Twitter
LinkedIn