ახალი სახელმძღვანელოები, რომლებიც თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე გამოიცა

თარიღი: 2024-04-04 17:57:51

გვესაუბრება თსუ-ს პროფესორი სიმონ გელაშვილი

,,საქართველოში პირველად გამოიცა ახალი სახელმძღვანელო  – ,,ცხოვრების დონის  სტატისტიკა“ (ავტორები:  სიმონ გელაშვილი, ირაკლი მაკალათია,   გიორგი მიქელაძე.   თსუ გამომცემლობა, თბ., 2023.), რომელიც გათვალისწინებულია მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტთათვის და ამ საკითხებით დაინტერესებული სხვა პირებისთვის.

მოსახლეობის ცხოვრების დონის კვლევისას, ცხოვრების დონის რაოდენობრივ მხარესთან ერთად, შეისწავლება ხარისხობრივი მხარეც, რაც მეტად მნიშვნელოვანია ცხოვრების დონის კომპლექსური და სიღრმისეული ანალიზისათვის. წარმოდგენილ სახელმძღვანელოში განხილულია 10 თემა მოსახლეობის ცხოვრების დონის სტატისტიკის ყველა ძირითადი მიმართულებიდან, ასევე, მოსახლეობის ცხოვრების დონის სტატისტიკის მეთოდოლოგიური და პრაქტიკული საკითხები, კერძოდ: ძირითადი ცნებები და კატეგორიები, ცხოვრების დონის შესახებ სტატისტიკურ მონაცემთა შეგროვების მეთოდები,  დასაქმებისა და უმუშევრობის დონის სტატისტიკური გაზომვის მეთოდები,  მოსახლეობის შემოსავლებისა და დანახარჯების სტატისტიკური ანალიზი,  ეკონომიკური ზრდის გავლენა ცხოვრების დონეზე, ცხოვრების დონის სტატისტიკის ზოგადი და სპეციფიკური მაჩვენებლების გაანგარიშების წესები, კონკრეტული მეთოდები და მათი გამოყენების პირობები. წიგნში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ცხოვრების დონის სტატისტიკის საერთაშორისო მეთოდოლოგიის განხილვას. თანამედროვე პირობებში მოსახლეობის ცხოვრების დონის კვლევაში მრავალი მიმართულება ყალიბდება, რაც მოითხოვს მეთოდების ფართო სპექტრის არსებობას. სწორედ ეს ფართო სპექტრია წარმოდგენილი აღნიშნულ სახელმძღვანელოში, რომელმაც სტუდენტების დიდი ინტერესი გამოიწვია.  

. . .

ჩემი შედგენილია განმარტებითი ლექსიკონი – ,,პროგნოსტიკა: მეთოდები, მოდელები, პროგნოზები“  (ს. გელაშვილი, თსუ გამომცემლობა, თბ., 2023.). ეს წიგნიც პირველია მსოფლიოში,  რომელშიც  წარმოდგენილია თანამედროვე მულტიმეცნიერულ მიმართულებაში – პროგნოსტიკაში – გამოყენებული ძირითადი ცნებები და კატეგორიები, კონკრეტული მოდელები და მეთოდები, ასევე, მოკლედაა განმარტებული მათი შინაარსი, წარმოდგენილია პროგნოზების მრავალფეროვანი ლექსიკის არსენალი და მათი კლასიფიცირებული ტერმინოლოგია. რა თქმა უნდა, ტერმინები დალაგებულია ქართული ანბანის მიხედვით. ამჟამად დასრულების პროცესშია მისი თარგმნა ინგლისურ ენაზე და იგეგმება მისი  გამოცემა საზღვარგარეთ. რამდენიმე უცხოური გამომცემლობიდან უკვე არის შემოთავაზება ამ წიგნის გამოცემაზე. განმარტებითი ლექსიკონი გათვალისწინებულია უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.

. . .

დღემდე არ არსებობს თანამედროვე საქართველოს ადმინისტრაციული რეგიონების არც დემოგრაფიული და არც სოციალური სტატისტიკის სახელმძღვანელო, რაც გარკვეულ სირთულეებს ქმნის შესაბამის სფეროში როგორც სასწავლო, ისე კვლევითი პროცესების მაღალ დონეზე განსახორციელებლად. ამ ხარვეზის ნაწილობრივ აღმოფხვრას ემსახურება სახელმძღვანელო – „საქართველოს რეგიონების დემოგრაფიული და სოციალური სტატისტიკა“ (ავტორთა ჯგუფი პროფ. სიმონ გელაშვილის ხელმძღვანელობით, თსუ გამომცემლობა, თბ., 2022;), რომელიც მოამზადა მეცნიერ-სტატისტიკოსების ჯგუფმა. სახელმძღვანელო  განკუთვნილია ეკონომიკის სამაგისტრო  საფეხურის სტუდენტთათვის,  რომლებიც  ამავე დასახელების  სასწავლო საგანს გადიან. წარმოდგენილი სახელმძღვანელო პირველია ამ სფეროში და მასში განხილულია დემოგრაფიული და სოციალური სტატისტიკის მეთოდოლოგიური და პრაქტიკული საკითხები რეგიონულ ჭრილში.

. . .

ასევე მნიშვნელოვანი  სასწავლო ლიტერატურაა  ,,დემოგრაფიული  სტატისტიკა“ (ავტორები:  მერაბ ხმალაძე, ქეთევან ჩიტალაძე.  თსუ გამომცემლობა, თბ., 2022), რომელიც  მომზადდა თსუ-ს ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრის მიერ დამტკიცებული სილაბუსის – „დემოგრაფიული სტატისტიკა“ – საფუძველზე. წარმოდგენილი სახელმძღვანელო პირველია ამ სფეროში.  მასში განხილულია დემოგრაფიული პროცესების სტატისტიკური კვლევის თანამედროვე მეთოდოლოგიურ-მეთოდური საკითხები. სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის. ის ასევე დახმარებას გაუწევს დოქტორანტებს, აღნიშნული პროფილის პრაქტიკოს სპეციალისტებსა და დემოგრაფიული სტატისტიკის შესწავლით დაინტერესებულ სხვა პირებს“.

Facebook
Twitter
LinkedIn