რა სიახლეებით ხვდება ახალ სასწავლო წელს იურიდიული ფაკულტეტი?

თარიღი: 2023-10-03 15:56:44

თამარ ზარანდია, იურიდიული ფაკულტეტის დეკანი:

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ,,consortium omnis vitae – მთელი ცხოვრების თანამეგობრობას” სამართლის, საერთაშორისო სამართლისა და ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის 960 პირველკურსელი შემოუერთდა.  იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტი საუკუნოვან ის­ტო­რი­ას ით­ვლის და დღეს ამაყად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ, აკადემიური ტრა­დი­ცი­ებ­ის გათვალისწინე­ბით, გა­ნათ­ლე­ბის ბა­ზარ­ზე მოთხოვ­ნის, სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის, კურ­სდამ­თავ­რე­ბულ­თა და­საქ­მე­ბი­სა თუ სხვა მაჩ­ვე­ნებ­ლით, იგი უპირობო ლიდერია. ამასთან, იურიდიულ ფა­კულ­ტეტ­ზე ჩაბარება თითოეული სტუდენტის გულმოდგინებისა და თავდაუზოგავი შრომის შედეგია. თუმცა,  ჩარიცხვა თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე არის რთული, მაგრამ სწავლა – კიდევ უფრო რთულია, ამიტომაც ჩვენს სტუდენტებს წინ კიდევ არაერთი გამოწვევა აქვთ.

იურიდიული ფაკულტეტი ახალ სასწავლო წელს მთელი რიგი სიახლეებით ხვდება – გაფართოვდა საერთაშორისო პარტნიორობა სხვადასხვა უნივერსიტეტსა თუ ინსტიტუტებთან, საგანმანათლებლო პროგრამებზე დამატებულია ახალი და უნიკალური სასწავლო კურსები, გრძელდება სასტიპენდიო კონკურსები სტუდენტებისთვის და სხვა.

ტრადიციულად გაგრძელდება თანამშრომლობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით. მისი ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის, ლელა ჯანაშვილის ინიციატივით, ჩატარდა და დაიგეგმა არაერთი შეხვედრა ამ მიმართულებით და ფაკულტეტი აქტიურად გააგრძელებს  ურთიერთთანამშრომლობას, რათა დაინტერესებულ მხარეებს მიეწოდოთ ინფორმაცია პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ, გაიგონ ყველაფერი საკუთარ უფლებებზე და შეძლონ მათი დაცვა.

2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის სიახლეებია სასწავლო კურსების შეთავაზების მხრივაც. იურიდიული ფაკულტეტი მუდმივად ზრუნავს, შესაბამისი პროცედურების დაცვით, საკუთარი პროგრამების განვითარებაზე, კერძოდ,  მიმდინარე სასწავლო წელს გვეწვევა ჰარვარდისა და ფრაიბურგის უნივერსიტეტების პროფესორი, დოქტორი იან ლიდერი, რომელიც წაიკითხავს უნიკალურ სასწავლო კურსს „სამართლის ეკონომიკური ანალიზი“. უკვე ტრადიციად იქცა ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორის ოლაფ მუთჰორსტის მოწვევა სალექციო კურსის „გერმანიის ფედერალური უმაღლესი სასამართლოს აქტუალური გადაწყვეტილებები სამოქალაქო საქმეებზე“ წასაკითხად. გვეწვევა პროფესორი ბენსდორფი, რომელიც ჩაატარებს საჯარო ლექციათა ციკლს საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.

სტუდენტებს შევთავაზებთ  სხვა ახალ სასწავლო დისციპლინებს ჩვენი პროფესორების ჩართულობით: ასოცირებულმა პროფესორმა ანრი ოხანაშვილმა შემოგვთავაზა სასწავლო კურსი – სისხლის სამართლის პოლიტიკა საქართველოში, რომელსაც ჩვენი ბაკალავრიატის სტუდენტები პირველად მოისმენენ.

იუსტიციის სამინისტროსთან ინსტიტუციური თანამშრომლობის ფარგლებში, იურიდიული ფაკულტეტის ერთ-ერთი აუდიტორია აღიჭურვება თანამედროვე ინვენტარითა და ტექნიკით, უზრუნველყოფილი იქნება ფაკულტეტის პერსონალისა და სტუდენტებისათვის საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე წვდომის დამატებითი შესაძლებლობა. აუდიტორია ,,იუსტიცია” დაიტვირთება როგორც სასწავლო მიზნებისათვის, ასევე, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ საჯარო ლექციებსა და თემატურ დისკუსიებს იუსტიციის სფეროში დასაქმებული დარგის წამყვანი სპეციალისტების ჩართულობით, რაც, ცხადია, წაადგება ჩვენი სტუდენტების შემდგომ განვითარებას.

მიმდინარე წელი საიუბილეო წელია კიოლნის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით განხორციელებული პროგრამისათვის. ეს პროგრამა უკვე 15 წელია ამ თანამშრომლობის ფორმატში ხორციელდება. იუბილესთან დაკავშირებით, 2023 წლის ოქტომბრის თვეში გერმანიიდან თსუ-ს ეწვევიან კიოლნის უნივერსიტეტის პროფესორები, ლექტორები, მოსამართლეები, მათ შორის, თსუ-ს საპატიო დოქტორები: ქალბატონი ანგელიკა ნუსბერგერი და ბატონი ჰანს პრუტინგი. ღონისძიების ფარგლებში, ათწლიანი ერთგულებისა და თავდაუზოგავი შრომისათვის, საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება პროგრამის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, პროფესორ კრისტიან ფონ კიოლნს.

მიმდინარე წელს იურიდიული ფაკულტეტი აღნიშნავს ორი გამორჩეული ცივილისტის  – პროფესორ ბესარიონ ზოიძის 70 წლისა და პროფესორ ლადო ჭანტურიას 60 წლის იუბილეს. ფაკულტეტის აკადემიურმა გუნდმა ამ ორ გამორჩეულ ცივილისტსა და მეცნიერს საიუბილეო კრებული მოუმზადა, რომელთა პრეზენტაციაც წლის ბოლომდე გაიმართება. უკვე დაგეგმილია პროფესორ ლადო ჭანტურიას კრებულის პრეზენტაცია, რომელიც 20 ოქტომბერს შედგება და იურიდიული ფაკულტეტი ამ დღეს უმასპინძლებს მსოფლიო დონის იურისტებს, პროფესორებს როლფ კნიპერს, ჰაინ კოტცს, ანგელიკა ნიუსბერგერს, მაიდან სულეიმენოვს, ფარხად კარაგუსოვს და სხვა ძალიან საპატიო სტუმრებს.

ასევე დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენცია ჰამბურგის მაქს პლანკის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტთან თანამშრომლობით, რომელიც პროფესორ იურგენ ბაზედოვის გარდაცვალების გამო გადაიდო, მაგრამ, მაქს პლანკის ინსტიტუტთან არსებული შეთანხმებით, 2024 წლის 31 მაისს – 1 ივნისს ჩატარდება საქართველოში. ის  მიეძღვნება საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს და უმასპინძლებს ძალიან ცნობილ პროფესორებს, მათ შორის, ჰამბურგის მაქს პლანკის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტის დირექტორს, პროფესორ რალფ მიხაელს.

ტრადიციულად გავაგრძლებთ სტიპენდიების კონკურსს. ძალიან სასიხარულოა, რომ წელს სახელმწიფო სტიპენდიატთა რიცხვი გაიზრდება და განათლების მინისტრის ეს ინიციატივა მართლაც ძალიან  მნიშვნელოვანია ჩვენი სტუდენტებისათვის. ჩვენი მხრივ, გავაგრძელებთ სახელობით სასტიპენდიო კონკურსებს და ჩვენს სტუდენტებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა იურიდიული ფირმების მხარდაჭერით გახდნენ ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, თინათინ წერეთლის, ზოზო ნანეიშვილის, ალექსანდრე ვაჩეიშვილის, სერგო ჯორბენაძის, ფატი გოკიელის, ლევან ალექსიძის და სხვათა სახელობითი სტიპენდიის მფლობელები.

ძალიან ბევრი სხვა სიახლე გვაქვს ფაკულტეტის ყოველდღიურ ცხოვრებაში, ყველაზე მნიშვნელოვანი კი  მაინც   ჩვენი არაჩვეულებრივი სტუდენტებია, რომლებიც წელს გახდნენ იმ დიდი ოჯახის წევრები, რასაც თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი ჰქვია – მთელი ცხოვრების თანამეგობრობა!  მე მჯერა, რომ იურისტების ეს ახალი თაობა ხელს შეუწყობს უფრო ეთიკური და კეთილსინდისიერი იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებისა და, მთლიანად, საზოგადოების ფორმირებას და ამით ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებას. ფაკულტეტს აქვს მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაც უკავშირდება ჩვენი აკადემიური გუნდის სახელფასო პოლიტიკას და მჯერა, რომ უნივერსიტეტის რექტორატის მხარდაჭერით ჩვენ ყველა გამოწვევას გავუმკლავდებით. იურიდიული ფაკულტეტი, უკვე წლებია, პირველია აბიტურიენტთა არჩევანში. ჩვენი პროგრამები ამ მიმართულებით უკონკურენტოა და  იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული გუნდი კვლავაც ზრუნავს, რომ ჩვენ – ყველამ ერთად – ღირსეულად გავაგრძელოთ უმაღლესი იურიდიული განათლების საუკუნოვანი ტრადიცია.

Facebook
Twitter
LinkedIn