გამოიცა ახალი წიგნი – „შარიათი: ისტორია, დოგმატიკა, სამართალი“

თარიღი: 2024-04-26 19:57:50

„შარიათი: ისტორია, დოგმატიკა, სამართალი“,  –  ამ სახელწოდებით  ახლახანს გამოიცა   აღმოსავლეთმცოდნე-ისტორიკოსის, სამართალმცოდნის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის პროფესორის ნანი გელოვანის ახალი წიგნი, რომელშიც, პირველად ქართულ ისტორიოგრაფიაში, კომპლექსურადაა განხილული და გაანალიზებული შარიათის ისტორიული, თეოლოგიური და სამართლებრივი ასპექტები.

ნანი გელოვანის ინფორმაციით, ნაშრომში განხილულია ისლამური სამართლის წყაროები, დოქტრინალური სკოლები, რიტუალური პრაქტიკა, სამართლის ნორმები, ყურანისეული დიქოტომია — ჰარამ-ჰალალ (აკრძალული და დაშვებული), კლასიკური ისლამური სამართლის გავლენა თანამედროვე მუსლიმური ქვეყნების სამართლებრივი სისტემების ფორმირებასა და ფუნქციონირებაზე, სასამართლო სისტემის სტრუქტურა არაბთა სახალიფოსა და თანამედროვე მუსლიმურ სამყაროში, ასევე სახელმწიფო სამართლის, სისხლის სამართლის, პირადი სტატუსის სამართლისა და საფინანსო სამართლის პრობლემატიკა.  მაქსიმალურადაა გათვალისწინებული ახლო აღმოსავლეთის რეგიონისა და ისლამის რელიგიის მთელი რიგი თავისებურებები, რადგანაც ისლამური სამართალი, სხვა სამართლებრივი სისტემებისაგან განსხვავებით, მჭიდროდაა დაკავშირებული ისლამთან და მოიცავს მის დოგმებს. დიდი ყურადღება ეთმობა ისლამურ რელიგიურ ინსტიტუტებს, რომლებიც განსაზღვრავდნენ შარიათის სასამართლოებისა და მრავალრიცხოვანი რელიგიური დაწესებულებების ფუნქციონირებას, წარმართავდნენ საზოგადოებრივი ცხოვრების იმ სფეროს საქმიანობას, რომელიც განათლებას და ინტელექტუალურ მოღვაწეობას მოიცავდა. მაგ., მუფთის, შეიხ-ულ-ისლამის, მარჯა ათ-თაკლიდის, ვილაიათ-ი ფაკიჰის და სხვ. გაანალიზებულია ულემების (ღვთისმეტყეველთა) როლი მუსლიმური ქვეყნების საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში და რელიგიურ ურთიერთობათა სამართლებრივი რეგულირების ზოგიერთი ასპექტი. ყურადღება გამახვილებულია შარიათის ნორმების ევოლუციაზე ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით.

შარიათისა და ფიკჰის ძირითადი ცნებებისა და ტერმინების განხილვის დროს შეძლებისდაგვარად არის წარმოდგენილი ქართული მასალა. ამით ნაშრომი ორიგინალურ ხასიათს იღებს უცხო ენებზე არსებულ სხვა ანალოგიურ ნაშრომებთან შედარებით. მაგალითად,  ნაშრომის ერთი თავის სათაურია – რუსეთის იმპერიის კონფესიური პოლიტიკა და შარიათის სწავლებისა და იურიდიული პრაქტიკის თავისებურებები ამიერკავკასიაში (სამხრეთ კავკასიაში).

ნაშრომი ეფუძნება ისლამური სამართლის პირველწყაროებს, ისტორიულ წყაროებს, საარქივო დოკუმენტებს, ნორმატიულ-სამართლებრივ აქტებსა და სამეცნიერო ლიტერატურას.

წიგნი გამოვიდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2023 წლის საგამომცემლო  სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში.

Facebook
Twitter
LinkedIn