თსუ-სა და მალტის საერთაშორისო საზღვაო სამართლის ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი დაიწყო

თარიღი: 2023-10-01 14:45:13

თსუ-სა და მალტის საერთაშორისო საზღვაო სამართლის ინსტიტუტს (International Maritime Law Institute – IMLI) შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი დაიწყო. IMLI  საერთაშორისო საზღვაო სამართლის სფეროში ერთადერთი  სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც გაეროს  საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასა (International Maritime Organization – IMO) და მალტის სახელმწიფოს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე დაარსდა.

თსუ-ს რექტორის, აკადემიკოსისა და პროფესორის ჯაბა სამუშიას  სპეციალური მოწვევით, 25-27 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია  IMLI-ს დირექტორი, პროფესორი ნორმან მარტინეს გუტიერესი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ელდა კაზარა ბელია. ვიზიტის მთავარი მიზანი იყო  სამმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება თსუ-ს,   ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა (ბსსა) და  IMLI-ს შორის.   27 სექტემბერს შედგა ხელმოწერის ცერემონია და მემორანდუმს ხელი მოაწერა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, IMLI-ს დირექტორმა, პროფესორმა ნორმან მარტინეს გუტიერესმა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა, კაპიტანმა მურთაზ დევაძემ.  

თსუ-ს რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას თქმით, საერთაშორისო საზღვაო სამართლის ინსტიტუტთან თანამშრომლობა უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილების მომტანია, ამიტომ ურთიერთთანადგომა, ცოდნის გაზიარება მისასალმებელია.

„თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენი უნივერსიტეტისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვისაც. საზღვარო სამართლის სფეროს განვითარება საქართველოში დამოუკიდებლობის შემდგომ დაიწყო და ამ ინსტიტუტის გამოცდილება ჩვენთვის არის გზამკვლევი, რომ ჩვენმა სტუდენტებმა სრულყოფილი და თანამედროვე ცოდნა მიიღონ“, – აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

„ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა სამ საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის გახსნის თანამშრომლობის ახალ პერსპექტივებს. დარწმუნებული ვარ, მემორანდუმი საფუძველს ჩაუყრის მრავალ წარმატებულ ერთობლივ პროექტს, რაც აამაღლებს საქართველოში საზღვაო განათლების დონეს“, -აღნიშნა მურთაზ დევაძემ.

დოკუმენტის მიხედვით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საერთაშორისო საზღვაო სამართლის ინსტიტუტსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას შორის თანამშრომლობა მოიცავს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით სფეროებს, სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლით პროგრამებს, ერთობლივ სამეცნიერო კონფერენცია-სემინარების ორგანიზებას IMLI-ის გამოცდილების გათვალისწინებით. მემორანდუმის თანახმად, საერთაშორისო საზღვაო სამართალის მიმართულებით საერთო სადოქტორო პროგრამების, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების/საგნების/სილაბუსების განვითარებისა და იმპლემენტაციის საკითხებში თსუ-ს წარმოადგენს იურიდიული ფაკულტეტის  საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი.

თსუ-ში IMLI-ს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ასევე ჩატარდა აკადემიკოს ლევან ალექსიძისადმი მიძღვნილი ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „თანამედროვე საერთაშორისო საზღვაო სამართალი – საერთაშორისო და ეროვნული სამართლის ურთიერთმიმართება“ და საჯარო ლექციები: პროფესორ ნორმან მარტინეს გუტიერესის – „კანონშემოქმედება საერთაშორისო კონვენციების იმპლემენტაციისთვის: კონვენციების ტექსტის მომზადებისას გასათვალისწინებელი საკითხები – ეროვნული სამართლის გამოწვევები – კონვენციების იმპლემენტაცია” და ქ-ნ ელდა კაზარა ბელიას „საერთაშორისო ხელშეკრულებები შესრულება და აღსრულება“.

„საერთაშორისო კონფერენციაზე განვიხილეთ საერთაშორისო საზღვაო სამართლის თანამედროვე აქტუალური საკითხები, საერთაშორისო კონვენციებისა და ეროვნული სამართლის ურთიერთმიმართების ასპექტები, რაც საზღვაო ინდუსტრიის განვითარების ათვლის წერტილია.

ვამაყობთ, რომ ქართულ უნივერსიტეტებთან  თანამშრომლობა დავიწყეთ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვიზიტისას დავრწმუნდი, რომ მას აქვს სათანადო აკადემიური და ადმინისტრაციული რესურსი საზღვაო სამართალში პროფესიონალი კადრების მოსამზადებლად, რის თქმის საფუძველსაც სამეცნიერო კონფერენციაზე მოსმენილი მოხსენებები და სტუდენტებთან საჯარო ლექციების დროს მიღებული უკუკავშირი მაძლევს“, – აღნიშნა თსუ-ში ვიზიტის შეფასებისას პროფესორმა ნორმან მარტინეს გუტიერესმა.

IMLI-ს დელეგაციის ჩამოსვლა თსუ-ში, მიმდინარე წლის მაისში, მალტაზე თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თამარ ზარანდიას, იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ ირინე ქურდაძისა და ამავე ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის ეკა სირაძის ვიზიტისას დაიგეგმა. სამართლის დოქტორი ეკა სირაძე თავად გახლავთ IMLI-ს წარმატებული კურსდამთავრებული და დღეს IMLI-ს მოწვეული ლექტორი. სწორედ ეკა სირაძის ინიციატივითა  და ძალისხმევით დაიწყო თანამშრომლობა თსუ-მ IMLI-სთან. პროფესორ თამარ ზარანდიას განმარტებით, „IMLI-სა და თსუ-ს შორის თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია საქართველოში საზღვაო სამართლის განვითარების კონტექსტში, რაც, უპირველესად, ახალი სასწავლო კურსების შეთავაზებასა და თსუ-ს პროგრამებში IMLI-ის აკადემიური პერსონალის ჩართულობაში გამოიხატება“.    

 „ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საზღვაო სამართლის ინსტიტუტის  დირექტორი და  ადმინისტრაციის ხელმძღვანელი საქართველოში რექტორის მოწვევით ჩამობრძანდა. ამით დაგვირგვინდა ამ წლის დასაწყისში  დაწყებული მოლაპარაკებები IMLI-სა და თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტს შორის. აუცილებელია აღინიშნოს, რომ საერთაშორისო კონფერენცია საზღვაო სამართალში მეორე აკადემიური ღონისძიებაა, რომელიც ჩვენი მასწავლებლის, აკადემიკოს ლევან ალექსიძის ხსოვნას მიეძღვნა. იმედი მაქვს, რომ  სამომავლოდ ეს კარგ ტრადიციაში გადაიზრდება“, – განმარტა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ირინე ქურდაძემ.

25 სექტემბრის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „თანამედროვე საერთაშორისო საზღვაო სამართალი – საერთაშორისო და ეროვნული სამართლის ურთიერთმიმართება“  ორი პლენარული სხდომის ფორმატში გაიმართა, რომლებსაც მოდერატორობა გაუწიეს პროფესორებმა კონსტანტინე კორკელიამ და ირინე ქურდაძემ. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ: თსუ-ს ვიცე რექტორი, სამართლის დოქტორი ნინო გვენეტაძე, იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ ზარანდია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ქ-ნი ხათუნა თოთლაძე და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორი, კაპიტანი მურთაზ დევაძე. საზოგადოების წინაშე წარდგენენ ქართველი და უცხოელი მომხსენებლები. კონფერენცია შეაჯამა თსუ-ს პროფესორმა, სამართლის დოქტორმა დავით პატარაიამ.

ღონისძიებას ქართველ და უცხოელ საერთაშორისო სამართლის მკვლევრებთან და სტუდენტებთან ერთად აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. წარმოდგენილი მოხსენებები ეხებოდა შემდეგ თემებს: „შესაძლებლობების განვითარების როლი საერთაშორისო ინსტრუმენტების ეფექტურ იმპლემენტაციაში“ (პროფესორი ნორმან მარტინეს გუტიერესი), „MLC 2006 წლის ზეგავლენა მეზღვაურთა სოციალურ-შრომითი უფლებების დაცვაზე ღია რეესტრის გემებზე“ (ასოცირებული პროფესორი ეკა სირაძე), „საზღვაო გარემოს დაცვასა და საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტები IMO-ს ეგიდით“ (IMO იურიდიული კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე ივანე აბაშიძე), „შიდა ბორნების უსაფრთხოება: ეროვნული კანონმდებლობის შემუშავებას საერთაშორისო სამოდელო რეგულაციების ხელმძღვანელობით“  (IMLI-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ელდა კაზარა ბელია), „მეზღვაურების, როგორც შრომითი მიგრანტების, დაცვის საერთაშორისო სტანდარტები“  (თსუ-ს ასისტენტ პროფესორი მარიამ კევლიშვილი),  „მონტრეს კონვენცია, როგორც ძალაუფლების ბალანსი შავ ზღვაში“ (თავდაცვის ინსტიტუციური სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლოზ მელქაძე), „წყალქვეშა მილსადენებისა და კაბელების მნიშვნელობა, პოლიტიკური და ეკონომიკური  როლი და სამართლებრივი ჩარჩო“ (საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში მერი ჩაკვეტაძე).

„ეს კონფერენცია არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ IMLI-ს ექსპერტებთან ერთად თანამედროვე საზღვაო საერთაშორისო სამართლის აქტუალური საკითხები განვიხილოთ. თანამშრომლობა სასწავლო და კვლევით სფეროში უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის, რომელიც მნიშვნელოვნად არის ჩართული საზღვაო ინდუსტრიაში. საქართველო, ისევე, როგორც სხვა მრავალი ქვეყანა, ეყრდნობა თავის საზღვაო სივრცეს ვაჭრობის, ტრანსპორტირებისა და ეკონომიკური აქტივობების საკითხში. IMLI აძლევს ქვეყნებს სამართლებრივ ბერკეტებს და ცოდნას, რომელიც აუცილებელია საზღვაო ინტერესების დაცვისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვის საკითხში“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ქ-მა ხათუნა თოთლაძემ.  

„საერთაშორისო საზღვაო სამართლის სპეციალისტების დეფიციტი საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების პირველ წლებში იყო. სწორედ ამიტომ, აკადემიკოსმა ლევან ალექსიძემ საფუძველი ჩაუყარა საერთაშორისო სამართლის სკოლას. შედეგად, დღეს ჩვენ გვყავს პროფესიონალები, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონირების თვალსაზრისით. თუმცა, მსოფლიოში გეოპოლიტიკური და სამართლებრივი პროცესები სწრაფად ვითარდება, საქართველო პატარა სახელმწიფოა, რომელსაც საკუთარი ინტერესების დასაცავად ორ-სამჯერ უკეთესი სპეციალისტები ესაჭიროება. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად, თსუ-ს საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი აღრმავებს კავშირებს პარტნიორ სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუციებთან“, – განმარტა თსუ-ს საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის პროფესორმა დავით პატარაიამ.

„ვფიქრობ, ეს მემორანდუმი უნიკალურია ახალი სამმხრივი ფორმატის ჩამოყალიბებისთვის, რაც სტუდენტებს პროფესიული განვითარების საშუალებას მისცემს. უშუალოდ საერთაშორისო კონფერენციისა და საჯარო ლექციების მიმდინარეობისას საფუძვლიანად გაანალიზდა საერთაშორისო სამართლის ნორმების ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაციის პროცესი-მნიშვნელობა-გამოწვევები“, – გვითხრა მერი ჩაკვეტაძემ, რომელიც პირველი დღიდანვე აქტიურად იყო ჩართული მემორანდუმის დადების პროცესში ბსსა-ს მხრიდან.

სტუდენტებზე, როგორც პრიორიტეტულ სამიზნე ჯგუფზე, IMLI-ის  ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ელდა კაზარა ბელიამაც ისაუბრა: „ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტუდენტობაა, ჩვენ ვიკვლევთ, ვასწავლით და ვმუშაობთ იმისათვის, რომ მათ გადავცეთ ჩვენი გამოცდილება, რათა მომავალში შეძლონ და შექმნან-დახვეწონ ეროვნული საზღვაო სამართლის ნორმები, რაც დღეს მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციებისთვის“.

სამეცნიერო კონფერენციისა და საჯარო ლექციებისას სპიკერების სტუდენტებთან ინტერაქცია შეაფასეს თსუ-ს სტუდენტებმაც.  „სამეცნიერო კონფერენციაზე და საჯარო ლექციებზე ყველა გამოსვლა მნიშვნელოვანი იყო. ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მივიღეთ. სამომავლო პროფესიული განვითარებისთვის ასევე მნიშვნელოვანია თანამშრომლობის მემორანდუმი. ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი და დასაფასებელია ის დამოკიდებულება, რომელიც უცხოელი სპიკერების მხრიდან ვიგრძენით“, – აღნიშნა თსუ-ს საერთაშორისო სამართლის მიმართულების სტუდენტმა ნუცა ნადაშვილმა.

პროფესორ ნორმან მარტინეს გუტიერესისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის – ელდა კაზარა ბელიას თსუ-ში ვიზიტი 27 სექტემბერს დასრულდა. ამ დროისთვის IMLI-ის  დელეგაცია შეხვედრებს ბათუმის საზღვაო აკადემიაში აგრძელებს.

Facebook
Twitter
LinkedIn