სახალისო ქიმია გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის

თარიღი: 2023-11-09 18:10:44

გასულ კვირას თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლები გორის მუნიციპალიტეტის სოფლების: მერეთის, დიცისა და კარბის სკოლების მოსწავლეებს ეწვივნენ. მათ რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციის გრანტის  (SPG-23-527) – ,,ქიმია ჩვენს ირგვლივ“ ფარგლებში ბავშვებს  სახალისო ქიმიური ექსპერიმენტები, სახალისო ლექცია და სხვადასხვა აქტივობები შესთავაზეს.

რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციის გრანტი ითვალისწინებს სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას ახალგაზრდების მეცნიერებით დაინტერესებისთვის. თსუ-ს ქიმიკოსებისთვის მსგავსი ვიზიტი პირველი არ ყოფილა, ისინი ასევე იყვნენ ბოლნისში, სადაც ქართული და არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის სხვადასხვა აქტივობა ჩატარდა და გამარჯვებულ მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

„ამ გრანტით გათვალისწინებულია, რომ მოსწავლეებს მიეცეთ ქიმიის, ამ  მნიშვნელოვანი STEM მეცნიერების, გაცნობის შესაძლებლობა სახალისო ლაბორატორიულ ექსპერიმენტებზე დაკვირვების საშუალებით. რა თქმა უნდა, ამ ასაკის მოსწავლეები, ჯერჯერობით, ვერ შეძლებენ სრულად აღიქვან ქიმია, როგორც უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტური მეცნიერება, როგორც პრაქტიკული საჭიროების და ბუნებისდაცვითი მნიშვნელობის  ტექნოლოგიური დარგი, აგრეთვე, ქიმიურ-ტექნოლოგიური წარმოება, როგორც ეკონომიკური საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი სფერო, მაგრამ ასაკისათვის შესაფერისი ინფორმაციის მიწოდებით ამ საკითხების მიმართ ინტერესის გაღვივება შესაძლებელი და საჭიროა. ამ მიზნის მიღწევის საუკეთესო საშუალებად მიგვაჩნია მოსწავლეებისთვის ქიმიის თანამედროვე მიმართულებებზე თეორიული ცოდნის გაღრმავება, ასევე, ქიმიური ექსპერიმენტების დემონსტრირება, მათი ქიმიური შინაარსის განმარტება და მოსწავლეების მიერ მათი დამოუკიდებლად ჩატარების შესაძლებლობის მიცემა“, – აღნიშნა ჩვენთან საუბარში თსუ ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის მაკ­რო­მო­ლე­კუ­ლე­ბის ქი­მი­ის სასწავ­ლოსა­მეც­ნი­ერო ლა­ბო­რა­ტო­რი­ის გამ­გემ, ქი­მი­ის დოქ­ტო­მა ელ­იზა მარ­ქა­რაშ­ვი­მა.

პროექტი, რომელიც თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებმა და ლაბორატორიის თანამშრომლებმა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში „მეცნიერების პოპულარიზაციის“ გრანტის ფარგლებში წარადგინეს, აქტუალურ თემატიკას ითვალისწინებს. მისი მიზანია ქიმიის მეცნიერების და ქიმიური ტექნოლოგიების, როგორც მეწარმეობის დიდი სფეროს, მიმართ ინტერესის გაღვივება და ამ სფეროში პრაქტიკული საქმიანობის პერსპექტიულობის ჩვენება.

პროექტის ინოვაციური მხარეა ქიმიური ლაბორატორიული ექსპერიმენტების მოსწავლეებთან ერთად ჩატარება, განხილვა, მოსწავლეების დამოუკიდებელი ექსპერიმენტული მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავების უზრუნველყოფა გარემოს დაცვითი პრობლემატიკის მაგალითების განხილვით. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად დაიგეგმა მოსწავლეებისათვის ასაკისათვის შესაფერი სახალისო ექსპერიმენტების, შემეცნებით/პოპულარული განმარტებების მიწოდება,  ქიმიურ-ტექნოლოგიური დარგების პრაქტიკული საჭიროების და პერსპექტიულობის შესახებ საუბრები, ქიმიურ-ეკოლოგიური მიმართულების აქტუალური საკითხების განხილვა, ამ მხრივ მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავების მნიშვნელობის განმარტება და სხვა ღონისძიებები. „ლაბორატორიული მუშაობის სპეციფიკის გაცნობით მოსწავლე შეიძენს და გაიღრმავებს თეორიულ ცოდნას და ექსპერიმენტული მუშაობის უნარ-ჩვევებს; დაეუფლება ქიმიური  ამოცანების ამოხსნის მეთოდებს და შეიძენს სასკოლო დონის თანამედროვე გამზომი ხელსაწყოების გამოყენების უნარებს. ეს მას დაეხმარება სასკოლო პროგრამის დაძლევაში და სტიმული იქნება მომავალი პროფესიის ქიმიის მეცნიერებასა ან ქიმიურ-ტექნოლოგიურ სფეროში არჩევისათვის. პროექტით გათვალისწინებული გასვლებით, ლაბორატორიული მუშაობის დროს, შესრულდება სახალისო ქიმიური ექსპერიმენტები, რომლებისთვისაც  გამოიყენება ყველა ბავშვისათვის ნაცნობი საგნები, მასალები, პროდუქტები, რაც გააადვილებს ამ ასაკის ბავშვებისათვის ქიმიის ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებას და, მიუხედავად ქიმიური არსის ჯერ არცოდნისა, პრაქტიკული მაგალითებით  აჩვევს ბავშვს – ისწავლოს სხვადასხვა მოვლენის მეცნიერებასა და ტექნოლოგიასთან კავშირის დადგენა. ამავე მიზანს ემსახურება სახალისო ექსპერიმენტების დასახელება: „ლიმონის ტარტალეტკები“, „სპილოს ეშვები“ (ქიმიური ტორტი), „ვულკანი“, „ფარაონი“ და სხვა“, – გვითხრა ელიზა მარქარაშვილმა.

მსგავსი გასვლები და ღონისძიებები ჩატარდება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საზღვრისპირა (გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტები) და ოკუპირებული აფხაზეთის მოსაზღვრე  (სამეგრელოს რეგიონის სოფლები) სკოლებში, აგრეთვე მარნეულის, ახალქალაქისა და ახალციხის  სკოლების მოსწავლეებისათვის.

პროექტი ეფუძნება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლების, თანამშრომლების, ლაბორანტებისა და  სტუდენტების უმცროს და უფროსკლასელ მოსწავლეებთან მუშაობის მრავალწლიან გამოცდილებას. პროექტს კოორდინირებას და პრაქტიკულ განხორციელებაში დახმარებას უწევს თსუ-ს სტუდენტური სერვისების და კარიერული განვითარების ცენტრი და ამ ცენტრის განყოფილება – „თსუ საბავშვო უნივერსიტეტი“.

Facebook
Twitter
LinkedIn