სანდრო ცხვედაძე – დოქტორანტი, რომელიც ჰამბურგის უნივერსიტეტის ხელნაწერთა კულტურის ცენტრში ქართულ ხელნაწერებს შეისწავლის

თარიღი: 2024-03-11 18:40:33

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი სანდრო ცხვედაძე ჰამბურგის უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ „ხელნაწერთა კულტურის შემსწავლელ ცენტრში“ ქართულ ხელნაწერებს შეისწავლის და დისერტაციას ამ საკითხთან დაკავშირებით დაიცავს.  განათლებით ფილოლოგმა ინტერესები რამდენიმე წლის წინ ბიზანტიური ფილოლოგიისკენ მიმართა და, სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ,  სადოქტორო თემად  მეტად მნიშვნელოვანი საკვლევი საკითხი – „სტრუქტურულ-კომპარატიული ტიპები ბერძნულ ლექციონარებსა და ქართულ საწელიწდო სახარებებში“ – აირჩია. ინტერვიუში, რომელსაც გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი“ გთავაზობთ, სანდრო გვესაუბრება ჰამბურგის „ხელნაწერთა კულტურის შემსწავლელ ცენტრამდე” განვლილ გზასა და კვლევაზე, რომელიც სულ მალე დისერტაციის სახით მომზადდება.

– სანდრო, ქართული ფილოლოგიის ბაკალავრი როგორ გაგიტაცათ ბიზანტიური ფილოლოგიის პროგრამამ, რა გახდა შენი ინტერესის საგანი?

– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ფილოლოგიის სპეციალობით სწავლა  2013 წელს დავიწყე და 2017 წელს მივიღე ფილოლოგიის ბაკალავრის ხარისხი. ქართული ფილოლოგიის საკითხების შესწავლისას ჩემში განსაკუთრებული ინტერესი აღძრა შუა საუკუნეების როგორც ორიგინალურმა, ასევე თარგმნილმა ქართულმა ლიტერატურამ. ლიტერატურის შესწავლისას ყოველთვის მნიშვნელოვნად მიმაჩნდა პირველწყაროებზე მუშაობა, რაც მოიცავს, ერთი მხრივ, ხელნაწერი მემკვიდრეობის შესწავლას, ხოლო, მეორე მხრივ  – ქართული თარგმნილი ლიტერატურის ბერძნულ წყაროებზე მუშაობასა და მათ კვლევას. სწორედ ამ მიზნით გადავწყვიტე, რომ ჩავღრმავებოდი შუა საუკუნეების ბერძნული ენისა და ლიტერატურის საკითხებს, ფუნდამენტურად შემესწავლა ბიზანტიური ხელნაწერი მემკვიდრეობა და, ზოგადად, ბიზანტიურ-ქართული და ქართულ-ბიზანტიური სამწერლობო კულტურა. შესაბამისად, სწავლა განვაგრძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზანტიური ფილოლოგიის პროგრამაზე, რაც 2022 წელს დავასრულე. მაგისტრატურის საფეხურზე სწავლისას პროფესორ ლევან გიგინეიშვილის ხელმძღვანელობით ვიმუშავე საკითხზე – „ჰილდეგარდ ბინგენელის დრამატული შემოქმედება ბიზანტიურ და შუა საუკუნეების დასავლეთევროპულ ტრადიციასთან მიმართებით (Ordo Virtutum-ის მაგალითზე).

– ამ თემამ განაპირობა შენი ინტერესები ქართული ხელნაწერების მიმართ?

– როგორც აღვნიშნე, ჩემი სამაგისტრო კვლევის მიზანს წარმოადგენდა შუა საუკუნეების ლათინურენოვანი ავტორის თხზულების Ordo Virtutum შუა საუკუნეების ქრისტიანული ტრადიციის კონტექსტში ისტორიულ-ლიტერატურული და ტიპოლოგიური შესწავლა. დღესდღეობით მეცნიერებაში განსაკუთრებით აქტუალურია ბიზანტიური დრამატული პოეზიის ტექსტების სტრუქტურის მაიდენტიფიცირებელი ელემენტების გამოყოფა და ზოგადი მიმართებების პოვნა თანადროულ დასავლეთევროპულ ლათინურ ტრადიციასთან, რაც თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობის, ბიზანტინოლოგიისა და შუა საუკუნეების კვლევების მეინსტრიმს წარმოადგენს. ჰილდეგარდ ბინგენელის პერსონით საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში XX საუკუნის დასაწყისიდან ინტერესდებიან. როგორც ჩანს, მისი შემოქმედება დღემდე აქტუალურია ინტერდისციპლინური კვლევების მიმართულებით. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ავტორის  დრამასთან დაკავშირებული საკითხები სრულყოფილად არ არის შესწავლილი ევროპულ მეცნიერებაში (ტექსტის სტრუქტურა, სემიოტიკა, ლიტერატურული გავლენები, კონტექსტუალური კვლევები და სხვა, ხოლო ქართულ სამეცნიერო სივრცეში, შეიძლება ითქვას, რომ ჩემი კვლევა აღნიშნული ავტორის  შემოქმედების შესწავლის პირველ მცდელობას წარმოადგენდა (რაც ასევე მოიცავდა თხზულების პირველად გადმოქართულებასაც ლათინური ენიდან). სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში აღნიშნულ საკითხზე მუშაობისას, ბუნებრივია, მქონდა შეხება Ordo Virtutum-ის ტექსტის შემცველ ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ ხელნაწერთან (Hs.2), რამაც ჩემი ინტერესი ხელნაწერი მემკვიდრეობის მიმართ უფრო მეტად გააცხოველა.

– ჰამბურგის უნივერსიტეტის „ხელნაწერთა კულტურის შემსწავლელი ცენტრი“ მსოფლიოში მნიშვნელოვანი კვლევითი ცენტრია. სადოქტორო პროგრამის ამ უნივერსიტეტში გავლა თავიდანვე შენი სურვილი იყო თუ საკვლევმა ინტერესებმა განაპირობა იქ მოხვედრა?

– მაგისტრატურის საფეხურის დასრულებისთანავე მოვიპოვე DAAD-ს სრული 3-წლიანი დაფინანსება სადოქტორო პროგრამისთვის, რათა სწავლა და კვლევა გამეგრძელებინა ჰამბურგის უნივერსიტეტში „ხელნაწერთა კულტურის შემსწავლელ ცენტრში“  ბერძნული ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე პროფ. იოსტ გიპერტისა და პროფ. ქრისტიან ბროკმანის ხელმძღვანელობით.

 რას შეეხება შენი სადისერტაციო თემა და რა სამუშაოებს ასრულებ ჰამბურგის უნივერსიტეტში?

– ამჟამად ჩემი სადოქტორო პროექტი  – „სტრუქტურულ-კომპარატიული ტიპები ბერძნულ ლექციონარებსა და ქართულ საწელიწდო სახარებებში“ – მოიცავს ბიზანტიური, ბერძნული და, ამავე პერიოდის, ქართული ხელნაწერების კომპარატიულ კვლევას, ქართული ლიტურგიკის კონსტანტინოპოლურ წესზე გადასვლასა და მის ბერძნულ წყაროებს. შესაბამისად, ამჟამად ვმუშაობ ქართული საწელიწდო სახარებების ხელნაწერებსა და ხელნაწერ ფრაგმენტებზე, რომლებიც დაცულია ათონის მთის ივერთა მონასტრის ბიბლიოთეკის საცავებში, წმ. ეკატერინეს სახელობის მონასტერში სინას მთაზე, ბრიტანეთის მუზეუმში, ოქსფორდის ბოდლეს ბიბლიოთეკაში, მატენადარანში (სომხეთი, ერევანი), კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში და სხვა. ბიზანტიური ტიპის საწელიწდო სახარებების ხელნაწერი კოლექცია გაცილებით მრავალფეროვან სურათს გვიჩვენებს და, ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი კორპუსია შექმნილი მიუნსტერის უნივერსიტეტში (გერმანია), Bibliotheque Nationale de France (პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკა), რაზეც ამ ეტაპზე ქართული ხელნაწერების პარალელურად ვმუშაობ.

დღესდღეობით ჰამბურგის უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „ხელნაწერთა კულტურის შემსწავლელი ცენტრი“ ერთ-ერთი უპირველესი ინსტიტუციაა მსოფლიოს მასშტაბით, სადაც უძველესი ხელნაწერების შესწავლა ხორციელდება – იკვლევენ პაპირუსზე შესრულებულ უძველეს ბერძნულ და კოპტურ ხელნაწერებს, სპარსულ, ეთიოპურ, სირიულ, ებრაულ წერილობით მემკვიდრეობას და ა.შ. ჩემი სადოქტორო პროექტით პირველი დოქტორანტი ვარ ცენტრში, ვინც ძველ ქართულ ხელნაწერებს შეისწავლის და დისერტაციას ამ საკითხთან დაკავშირებით დაიცავს.

კვლევისა და დისერტაციის მომზადების საკითხში ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი დისერტაციის ხელმძღვანელის  – პროფესორ იოსტ გიპერტის მასშტაბური პროექტი, რაც ამავე ცენტრში მიმდინარეობს: „The Development of Literacy in the Caucasian Territories“ („დამწერლობის განვითარება კავკასიის ტერიტორიებზე“), რის ფარგლებშიც პროგრამულად მუშავდება და შესაძლებელი ხდება ისეთი პალიმფსესტური ხელნაწერების ქვედა ფენების გაშიფვრა, რომელიც მანამდე შეუძლებელი იყო. ეს კორპუსი მოიცავს ქართული, სომხური და კავკასიური ალბანური ტექსტების შემცველი ხელნაწერების დამუშავებასა და შესწავლას. ეს კი სრულ სურათს შექმნის სამი ხალხის ანბანური დამწერლობის საწყისი საფეხურისა და მისი განვითარების შესახებ.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვს, იქნება თუ არა შენი ინტერესის სფერო ისევ ქართული ხელნაწერები და ქართული კულტურა?

– სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, რასაკვირველია, ჩემი კვლევითი სფერო და არეალი იყო და დღემდე არის მიმართული შუა საუკუნეების ქართული დამწერლობისა და მწერლობის საკითხების დამუშავებასა და მის კომპლექსურ შესწავლასთან, მდიდარი ქართული კულტურის პოპულარიზებასთან როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ. ასევე, სამომავლოდ, მტკიცედ მჯერა, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვანი იქნება როგორც ქართული, ასევე, დასავლური სამეცნიერო წრეებისათვის.

Facebook
Twitter
LinkedIn