„პოლიტიკური კურსის ტრანსფერი საქართველოს ზოგადი განათლების პოლიტიკაში“

თარიღი: 2023-06-27 10:47:36

20 ივნისს თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სადოქტორო დისერტაცია დაიცვა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორის წოდება მიენიჭა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელს ალექსანდრე (სანდრო) ტაბატაძეს. სადისერტაციო ნაშრომის თემა იყო: „პოლიტიკური კურსის ტრანსფერი საქართველოს ზოგადი განათლების პოლიტიკაში“ (ხელმძღვანელი პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი სალომე დუნდუა).

პოლიტიკური კურსის ტრანსფერი თანამედროვე საჯარო პოლიტიკის წარმოების განუყოფელ ნაწილად იქცა. მართლაც, სხვადასხვა იურისდიქციას შორის გამოცდილების გაზიარება, პოლიტიკური კურსების მიზნების, შინაარსისა და ინსტრუმენტების გადატანა შედარებითი საჯარო პოლიტიკის კვლევის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა. აღნიშნული თემა განსაკუთრებით ტრანსფორმაციის პროცესში მყოფი სახელმწიფოების განათლების სექტორშია პოპულარული.  ამ თვალსაზრისით, საინტერესოა საქართველოს შემთხვევა, რადგან აქ განათლების (განსაკუთრებით კი, ზოგადი განათლების მიმართულებით) სექტორში პოლიტიკური კურსის ტრანსფერი თითქმის ყველა რეფორმისა და ცვლილების თანმდევად იქცა.

სანდრო ტაბატაძის კვლევის მიზანს წარმოადგენდა პოლიტიკური კურსის ტრანსფერის ფენომენის შესწავლა  საქართველოს ზოგადი განათლების პოლიტიკის მაგალითზე. ნაშრომში სამ საკვლევ კითხვას გაეცა პასუხი: 1. რა  განაპირობებს საქართველოს ზოგადი განათლების პოლიტიკაში პოლიტიკური კურსის ტრანსფერის გაჩენას? 2. როგორ ხორციელდება პოლიტიკური კურსის ტრანსფერი საქართველოს ზოგადი განათლების პოლიტიკაში? 3. რა ფაქტორები განაპირობებს  საქართველოს ზოგადი განათლების პოლიტიკაში  განხორციელებული პოლიტიკური კურსის ტრანსფერის  შედეგებს?

მოცემულ ნაშრომში გამოყენებულია თვისებრივი კვლევის მეთოდები: ინსტრუმენტული ტიპის შემთხვევის შესწავლა, ოფიციალური დოკუმენტების ანალიზი და პირისპირი, ნახევრად-სტრუქტურირებული სიღრმისეული ინტერვიუ. სულ მოძიებულია 43 ოფიციალური დოკუმენტი და ჩატარებულია 30 სიღრმისეული ინტერვიუ, მათ შორის შვიდი უცხოელ კონსულტანტთან.

კვლევამ აჩვენა, რომ პოლიტიკური კურსის ტრანსფერის კვლევა პოლიტიკური კურსის განვითარების ჩარჩოს გარეშე შეუძლებელია. უფრო კონკრეტულად კი, როცა ტრანსფერი პოლიტიკურ დღის წესრიგში დგება, ის ყოველთვის პოლიტიკური კურსის მიმდინარე ცვლილების ნაწილია და მის საშუალებად და ხერხად შეიძლება წარმოვადგინოთ. პოლიტიკური კურსის ტრანსფერის მთავარ მიზეზს პოლიტიკური კურსის მიმდინარე ცვლილება წარმოადგენს, თუმცა, დამატებითი მიზეზებიდან მნიშვნელოვანია სექტორში არსებული სისტემური ჩავარდნები, გარე (არაოფიციალური) აქტორების ჩართულობა და ძალისხმევა, შიდა (ოფიციალური) აქტორების პოლიტიკური ნება.

გარდა ამისა, კვლევის შედეგების მიხედვით, ტრანსფერის მთავარი აგენტები ადგილობრივი გადაწყვეტილების მიმღები პირები იყვნენ, ხოლო ორიენტირი – მსოფლიო ბანკის შეთავაზებული საუკეთესო პრაქტიკა ან/და ქართული მხარის ინდივიდუალური გამოცდილებები, რაც, კულტურული სიახლოვით, ენობრივი ხელმისაწვდომობითა და საგარეო პოლიტიკური ორიენტაციითაა განპირობებული.

ასევე, სამივე შემთხვევაში ტრანსფერირდებოდა პოლიტიკური კურსის მუშაობის მექანიზმები, შინაარსი და ინსტრუმენტები და ამას ნებაყოფლობითი სახე ჰქონდა. ტრანსფერის ძირითად ფორმას უცხოელი კონსულტანტების მიერ ორგანიზებული სასწავლო ვიზიტები, ტრენინგები და სემინარები წარმოადგენდა. გარდა ამისა, განხილულ შემთხვევებში კოპირების, შთაგონებისა და ჰიბრიდიზაციის ხარისხებია გამოყენებული.

კვლევის შედეგად პოლიტიკური კურსის ტრანსფერის შვიდი ძირითადი ხელისშემწყობი/ხელისშემლშლელი ფაქტორია იდენტიფიცირებული: პოლიტიკური მხარდაჭერა, ტრანსფერზე მომუშავე გუნდი და ლიდერი, კომუნიკაცია და ტრანსფერის ქსელების შექმნა, თანმიმდევრულობა და კონტექსტის გათვალისწინება, ინსტიტუციური და საზოგადოებრივი წინააღმდეგობა, ტრანსფერის განხორციელების დონე, მისი ბუნება და თემატიკა – ადაპირებადობა, ხელშესახებობა და განხორციელების სისწრაფე.

აღსანიშნავია, რომ შეკითხვები: „რა დონეზე ტრანსფერირდება?“; „როგორი ბუნებისაა პოლიტიკური კურსი?” შესაძლებელია ორთოდოქსულ ჩარჩოსთან ინტეგრირდეს.

მოცემულ ნაშრომში აკადემიური ლიტერატურის კლასიფიკაციის ახალი მცდელობაა შემოთავაზებული, პოლიტიკური კურსის ტრანსფერის შესწავლის ჰოლისტური და პოლიტიკური კურსის ცვლილების ჩარჩოებთან ინტეგრირებული მოდელებია ჩამოყალიბებული. მოცემული თეორიული სიახლეები ქვედარგში აკადემიური სკოლების ჩამოყალიბების ერთ-ერთი ხელისშემწყობი ფაქტორი შეიძლება გახდეს.

გარდა ამისა, კვლევის შედეგები საკითხით დაინტერესებულ პირებს, მათ შორის გადაწყვეტილების მიმღებებსა და კონსულტანტებს, საქართველოს ზოგადი განათლების სექტორში პოლიტიკური კურსების შერჩევის, დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების პროცესებში გამოყენების შესაძლებლობას მიცემს.

Facebook
Twitter
LinkedIn