სანდრო კაპანაძე რუსეთის ფედერაციაზე საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულებას იკვლევს

თარიღი: 2023-06-12 12:04:31

რუსეთ-უკრაინის ომის დროს საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების საფრთხეები გრძელვადიან პერსპექტივაში და მისი განხილვა ეროვნული უსაფრთხოების  დისკურსში – ამ სახელწოდებით მოამზადა მოხსენება თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მეორე კურსის სტუდენტმა სანდრო კაპანაძემ ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით გამართული სტუდენტთა IX საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენციისთვის წარსადგენად.  

რატომ დაინტერესდა ამ თემით და რა პროცესი გაიარა თემის დასამუშავებლად? – ამ კითხვაზე სანდრო გვპასუხობს, რომ მოცემული თემის გამომწვევი ფაქტორი, ბოლო დროს, უკავშირდება ყველაზე აქტუალურ რუსეთ-უკრაინის მიმდინარე კონფლიქტს, რომელიც  თანამედროვე საერთაშორისო სისტემაზე დიდ გავლენას ახდენს  და ზიანს აყენებს გლობალურ ეკონომიკას. ,,გამონაკლისი არც საქართველოს ეკონომიკაა, თუმცა, დღესდღეობით, ფიქსირდება რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების წილის სწრაფი ზრდა, რასაც გრძელვადიან პერსპექტივაში უარყოფითი შედეგი ექნება  და  ზეწოლას მოახდენს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე.  ამიტომაც ვფიქრობ – აღნიშნული თემა აქტუალურობის ზენიტშია  და ინფორმირების გაზრდის მიზნით აუცილებელია მისი კვლევა“, – ამბობს სანდრო კაპანაძე.

თემის დასამუშავებლად აღნიშნულ საკითხზე მომუშავე სტუდენტებმა (სანდრო კაპანაძემ და ლაშა მაჩაბელმა) თვისებრივი კვლევის მეთოდებიდან ლიტერატურის დამუშავების ე.წ. „სამაგიდო კვლევის“ ხერხი გამოიყენეს. მათ შეისწავლეს მეორეული  წყაროები, საინფორმაციო პორტალები,  ექსპერტთა პუბლიკაციები, ასევე, ექსპერტული სიღრმისეული ინტერვიუები. კონფერენციის მონაწილეებმა, ასევე, გააანალიზეს სტატისტიკური, რაოდენობრივი  მონაცემები და დასკვნა გამოიტანეს საქართველოს, ბელორუსიისა და სომხეთის მონაცემების შედარებითი კონტენტ-ანალიზის საფუძველზე.

,,მოცემული კვლევის მიზანი იყო  შეგვესწავლა – თუ რა გავლენა ექნება  საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულებას რუსეთის ფედერაციაზე  და, შესაბამისად, როგორ აისახება ეს საკითხი მის ეროვნულ უსაფრთხოებაზე. გავედი რამდენიმე მნიშვნელოვან მიგნებაზე: ეკონომიკური დივერსიფიკაცია რუსეთზე  ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირების ალტერნატივაა, რუსეთის ფედერაციაზე ეკონომიკური დამოკიდებულება გრძელვადიან პერსპექტივაში პოლიტიკურ ზეწოლას გაზრდის, რაც ეროვნულ უსაფრთხოებას შეეხება. მართალია, რომ რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკურ ურთიერთობებს ვერ გავწყვეტთ, თუმცა არ უნდა გავზარდოთ.  მოკლევადიანი დადებითი ეკონომიკური  ეფექტი არის ძალიან მყიფე და არასწორი გზა ეკონომიკური სარგებლის მისაღებად“, – აცხადებს სანდრო კაპანაძე.

ბლიც-ინტერვიუ

  • რატომ აირჩიე შენი პროფესია და რამდენად მოგწონს?
  • დაბალი კლასიდანვე მსურდა აღნიშნულ მიმართულებაზე სწავლა,  პირველ რიგში იმიტომ, რომ საერთაშორისო ურთიერთობების დისციპლინა არის კონგლომერატი, რომელიც მრავალ სფეროს მოიცავს და ჩვენ, სტუდენტებს, დიდ სივრცეს და საშუალებას გვაძლევს ჩვენი ინტერესების შესაბამისად ვრეალიზდეთ და სწორად განვსაზღვროთ მომავალი კარიერული გზა,  სხვადასხვა სპექტრიდან აღვიქვათ ესა თუ ის მოვლენა და ვისწავლოთ სწორი ანალიზი.
  • რა პრობლემას გამოკვეთდი საუნივერსიტეტო ცხოვრებიდან?
  • ცხადია, მრავალ პრობლემას ვაწყდებით  ხშირად ადმინისტრაციული კუთხით, ან, თუნდაც, გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით არაპროგნოზირებადი სიახლეების სახით, თუმცა, უნივერსიტეტი პერმანენტულად ცდილობას აღნიშნული სახის პრობლემების აღმოფხვრას და, ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი ესაა.
  • რა სურვილები გაქვს, რაც უნივერსიტეტს და შენს სტუდენტობას უკავშირდება?
  • ვფიქრობ, ყველაზე დიდი სურვილია უნივერსიტეტმა და განსაკუთრებით ჩვენმა ფაკულტეტმა, მიმართულებამ მრავალი წლის განმავლობაში შეინარჩუნოს წარმატებული მიმართულების სახელი და მრავალმხრივ განვითარდეს; ასევე, ჩვენ, სტუდენტებს, მოგვეცეს საშუალება – მრავალი აქტივობით, გაცვლითი პროექტებითა და ევროპულ სტრუქტურაზე  ორიენტირებული მეთოდებით მივიღოთ განათლება.
Facebook
Twitter
LinkedIn