„ადამიანის უფლებათა დაცვა: ევროპული გამოცდილება და ეროვნული გამოწვევები“

თარიღი: 2024-04-03 20:55:32

„ადამიანის უფლებათა დაცვა: ევროპული გამოცდილება და ეროვნული გამოწვევები“  – თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტმა ყოველწლიური სამეცნიერო სტატიათა კრებულის მე-18 ნომერი გამოსცა. გამოცემა ადამიანის უფლებათა სფეროში აქტუალური საკითხების შესახებ 15 ახალ კვლევას აერთიანებს. ნაშრომები როგორც აკადემიური პერსონალისა და პრაქტიკოსი იურისტების, ისე სტუდენტების ავტორობით ქვეყნდება. წინასიტყვაობაში აღნიშნულია, რომ „კრებულის მიზანი ადამიანის უფლებათა სფეროში სხვა ქვეყნების გამოცდილებათა გაზიარებაა, როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით“.

„ჩვენ ვხედავთ კრებულს, როგორც ხიდს თეორიასა და პრაქტიკას, მეცნიერებასა და პრაქტიკოსებს შორის. თეორია და პრაქტიკა ავსებს ერთმანეთს და ამიტომ არის განსაკუთრებით საინტერესო როგორც მეცნიერების, ისე პრაქტიკოსების აზრების გაზიარება. მეცნიერმა იცის ის, რაც შეიძლება პრაქტიკოსმა არ იცოდეს და პირიქით. პრობლემების როგორც მეცნიერული, ისე პრაქტიკული გააზრებით შეიძლება მოიძებნოს მათი ოპტიმალური, საუკეთესო მოგვარების გზები. ცხადია, რომ ეს მიზნად ისახავს სტუდენტებს შორის მეცნიერების მიმართ ინტერესის გაღვივებას. ხანდახან სტუდენტების ნაშრომები ისეთ საყურადღებო  მოსაზრებებს გამოხატავენ, რომ გამოცდილი მეცნიერიც კი შეიძლება განაცვიფროს“, – აღნიშნა სამეცნიერო კრებულის რედაქტორმა, პროფესორმა კონსტანტინე კორკელიამ. 

ახალი კვლევების თემატიკა მოიცავს:

არჩილ ავალიშვილის – „შრომითი მიგრაციის მართვის ევროპული მოდელი: სახელმწიფო ინტერესებისა და ადამიანის უფლებათა ბალანსირების თანამედროვე გამოწვევები და საქართველო“; ნატა ახალაძის – „სუროგაციის ხელშეკრულების სუბიექტების სამართლებრივი მდგომარეობა“; მარიამ ბალავაძის – „ნიმუშის აღების თავისებურებები და იძულების პროპორციულობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით“; საბა ელიზბარაშვილის – „ადამიანის უფლებების დაცვა ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში: ხელოვნური ინტელექტის რეგულირების დასაწყისი“; თინათინ ერქვანიას – „გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა – აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მართლმსაჯულება (ცალკეული საკითხები)“; ვახტანგ გაბუნიას – „პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის პერსონალურ მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი რეგულირება საქართველოში და მისი შესაბამისობა ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებთან“; ნონა გელაშვილის – „ძირითადი უფლებების დაცვა კონკურენციის სამართლის აღსრულების პროცესში: ევროპული და ქართული პრაქტიკის შედარებითი ანალიზი“; ნიკა ხორავას – „საგანგებო მდგომარეობის გავლენა ადამიანის უფლებებზე: ევროპის ქვეყნების გამოცდილება და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები“; გივი ლუაშვილის – „აბორტის უფლება ამერიკის შეერთებულ შტატებში: Roe-დან Dobbs-ამდე“; ომარ მთივლიშვილის – „ევროპის საბჭოს სტანდარტები მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ და მათი გავლენა საქართველოს კანონმდებლობაზე“; შოთა მშვენიერაძის – „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულება: გამოწვევები ქართულ და ევროპულ პრაქტიკაში“; თამარ გობეჯიშვილისა და ალექსანდრე ნოზაძის – „სუფთა ჰაერზე ხელმისაწვდომობის უფლების დაცვა, როგორც საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება“; ანი სებისკვერაძის  – „ევროპის კავშირის საბჭოს „დროებითი დაცვის დირექტივის“ ამოქმედება – შეიარაღებული კონფლიქტის დროს გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვის ყველაზე ეფექტიანი ინსტრუმენტი?“; ნიკოლოზ ნურაშვილის – „კრიპტოვალუტა, როგორც საკუთრების უფლებით დაცული ინტერესი და მასთან დაკავშირებული გამოწვევები“; ნინო ნიკოლაიშვილის – „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების გადაწყვეტილებების გავლენა საქართველოს კანონმდებლობასა და პრაქტიკაზე“.

პროფესორ კონსტანტინე კორკელიას რედაქტორობით სამეცნიერო კრებული  ადამიანის უფლებათა საკითხების შესახებ 2006 წლიდან  ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით  ქვეყნდება.

„ყოველწლიურ კრებულში განიხილება არა მხოლოდ ადამიანის უფლებათა ფუნდამენტური საკითხები, არამედ ის საკითხებიც, რომლებიც დროის კონკრეტულ მონაკვეთში არის აქტუალური. ბოლო წლების აქტუალურ საკითხებს თუ გადავავლებთ თვალს, ბევრი თემა მიიპყრობს ყურადღებას, მათ შორის, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში, პანდემიის დროს ადამიანის უფლებათა დაცვა, ადამიანის უფლებათა დაცვა შეიარაღებული კონფლიქტების დროს, ევროპის კავშირთან საქართველოს დაახლოება და ა.შ. დროის კონკრეტულ მონაკვეთში ამა თუ იმ თემის შერჩევა იმასაც უსვამს ხაზს, რომ კრებული და, ზოგადად, სამეცნიერო ცხოვრება არ არის მოწყვეტილი რეალობას, არამედ, პირიქით – ყურადღების ცენტრშია ის საკითხები, რომლებიც შესაბამის პერიოდში საზოგადოებას აწუხებს. საზოგადოებას კრებული სთავაზობს მეცნიერულად დასაბუთებულ პრობლემათა მოგვარების გზებს,“ –   აღნიშნა კრებულის რედაქტორმა.

კრებულის –  „ადამიანის უფლებათა დაცვა: ევროპული გამოცდილება და ეროვნული გამოწვევები“ და ასევე წინა წლების ყოველწლიური გამოცემების გაცნობა დაინტერესებულ მკითხველს ბმულზე: https://bit.ly/3UcEPxf  – შეუძლია.

Facebook
Twitter
LinkedIn