საკორპორაციო სამართალში პირველი ფუნდამენტური სახელმძღვანელო გამოიცა

თარიღი: 2024-03-29 15:25:18

„საკორპორაციო სამართლის“ ახალი გამოცემა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი შევსებული და კონსოლიდირებული ნაშრომია, რომელიც ქართული საკორპორაციო სამართლის სისტემას კომპლექსურად მიმოიხილავს. სახელმძღვანელოს მოსამზადებელი ფუნდამენტური სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საკორპორაციო, საბანკო და ეკონომიკური ინსტიტუტის ბაზაზე ბოლო 15 წლის განმავლობაში პროფესორ ირაკლი ბურდულის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა. შედეგად, სამეწარმეო სუბიექტების ქცევის მარეგულირებელი კანონმდებლობის ცვლილება-რეფორმირების პარალელურად, საკორპორაციო სამართალში ორი სახელმძღვანელო და არაერთი სამეცნიერო სტატია გამოიცა. ირაკლი ბურდულის ხელმძღვანელობით ეკონომიკური სამართლის დარგში დისერტაცია 14-მა დოქტორანტმა დაიცვა, მათგან ექვსი – გიორგი მახარობლიშვილი, ანა თოხაძე, დემეტრე ეგნატაშვილი, ნონა ზუბიტაშვილი, გიორგი ალადაშვილი და გვანცა მაღრაძე „საკორპორაციო სამართლის“ ახალი სახელმძღვანელოს თანაავტორები არიან.

„საქართველოში საკორპორაციო სამართლისადმი ინტერესი იზრდება და ეს გამოწვეულია არა მხოლოდ ქართული ეკონომიკის მზარდი ტემპით, არამედ ამ სფეროში გააზრებულად და მიზანმიმართულად ჩამოყალიბებული სამართლებრივი სისტემის ფორმირებით. საკორპორაციო სამართლის ძირითადი სამართლის წყაროს – მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის – ახლებურმა გააზრებამ და მისმა სრულად სახეცვლილმა 2021 წლის რედაქციამ, კიდევ უფრო გააღრმავა ამ დარგისადმი ინტერესი და საჭიროებაც კი საზოგადოების ფართო წრეში. ინტერესის პროფესიულ დონეზე დაკმაყოფილებისა და რეფორმირებულ ევროპულ სუპრანაციონალურ საკორპორაციო სამართალთან დაახლოების ტენდენცია წარმოუდგენელია ამ სფეროში სტრუქტურირებული და ამასთანავე მდგრადად განვითარებადი იურიდიული ლიტერატურის გარეშე.

საკორპორაციო სამართლის სახელმძღვანელოს პირველი და მეორე გამოცემიდან მცირე დრო გავიდა, თუმცა მისი დახვეწისა და გაფართოების საჭიროება კვლავ დგას იურიდიული საზოგადოების დღის წესრიგში. აღნიშნული მესამე გამოცემისთვის სიახლეს წარმოადგენს არა მხოლოდ ტექნიკურ-ორგანიზაციული ხარვეზების გამოსწორება, რაც დაშვებულ იქნა წინა გამოცემებში, არამედ ბოლო ნაწილის დამატება – მოძღვრება რეგისტრირებული კოოპერატივის შესახებ. საქართველოს საკორპორაციო სამართლის სისტემა და მით უფრო კანონმდებლობა (მეწარმეთა შესახებ კანონი), საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ თავისებურ გზას დაადგა და გაითვალისწინა ის სოციალურ-ეკონომიკური რეალობა, რაც მაშინდელ ქვეყანაში არსებობდა და კოოპერატივი კლასიკურ და ტრადიციულ მეწარმე სუბიექტთა გვერდით დააყენა. შესაბამისად, საკორპორაციო სამართლის კონსოლიდირებული სახელმძღვანელო სწორედ რეგისტრირებული კოოპერატივის იურიდიული ფორმის გარეშე არასრულყოფილი იქნებოდა. შეიძლება ითქვას, რომ ავტორთა იმთავითვე დასახული მიზანი – ყველა საკანონმდებლო სამეწარმეო ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, ერთ წიგნში გაერთიანებულიყო – მიღწეულად შეიძლება ჩაითვალოს“, – განმარტა პროფესორმა ირაკლი ბურდულმა.

ნაშრომი სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის – სასწავლო პროცესში, მოსამართლეებისთვის – სამართალშეფარდებისას, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის – სამეწარმეო საქმიანობის დაგეგმვა-ორგანიზება-განხორციელებისას და ასევე, ზოგადად, პრაქტიკოსი იურისტებისა თუ დაინტერესებული მკითხველისთვის არის განკუთვნილი.

„ეს ნაშრომი დარგში დაგროვებული ცოდნის გადამუშავების შემდეგ პირველი შემნახველი სახელმძღვანელო წიგნია და ამაყი ვარ, რომ საქართველოში ამ დარგში პირველი სახელმძღვანელოს თანაავტორი ვარ. მადლობა ყველა ავტორს, რომ მოკლე დროის განმავლობაში ასეთი დონის გამოცემა მომზადდა, რაც, როგორც წესი, არ ხდება-ხოლმე, მაგრამ შესაძლებელი გახდა სწორედ ამ წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნის საფუძველზე,“ – აღნიშნა სახელმძღვანელოს თანაავტორმა გიორგი მახარობლიშვილმა.

„სახელმძღვანელოზე მუშაობის პროცესში მხედველობაში მივიღეთ შედარებით სამართლებრივი კვლევის მეთოდი და გამოვიყენეთ ჩვენი უცხოელი კოლეგა მეცნიერების, პრაქტიკოსების ყველაზე თანამედროვე ნაშრომები, აკადემიური მიღწევები, ასევე, მანამდე არსებული სამეცნიერო კვლევები, რაც შესაბამისობაში იყო თანამედროვე საკანონმდებლო ჩარჩოსთან. შედეგად, აღნიშნული სახელმძღვანელო კომპლექსურად, სისტემურად განიხილავს ყველა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მნიშვნელობასა და ეკონომიკური სუბიექტების ძირითად სამართლებრივ მახასიათებელს დაფუძნებიდან ლიკვიდაციამდე. სახელმძღვანელოში მიმოხილულია ასევე პარტნიორების, აქციონერების წილთან, აქციებთან დაკავშირებული საკუთრების უფლებები“, – განმარტა სახელმძღვანელოს თანაავტორმა ანა თოხაძემ.

 „საკორპორაციო სამართლის“ პრეზენტაცია, თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე, 27 მარტს გაიმართა. ღონისძიებას იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებმა ახალი გამოცემა სოციალიზმიდან კაპიტალისტურ წესრიგზე გარდამავალ პროცესში სამეწარმეო ურთიერთობის მომწესრიგებელი სამართლის ჩამოყალიბება-ფორმირების კონტექსტში შეაფასეს.

 „მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონმა“ არაერთი ცვლილება განიცადა 1994 წელს მისი შექმნიდან დღემდე. სამი ძირითადი პერიოდი შეიძლება გამოვყოთ: 1994-დან 2008 წლამდე, 2008-დან 20021 წლამდე და 2021-დან დღემდე. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს პირველი სახელმძღვანელოა, რომელიც სამართლის ამ მნიშვნელოვან დარგში გამოიცა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პროფესორ ირაკლი ბურდულსა და ავტორთა ჯგუფს ამ საქმისთვის“, – აღნიშნა იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, პროფესორმა ირმა ხარშილაძემ წიგნის წარდგენისას.

„საქართველოში სამეწარმეო კანონმდებლობის შექმნა, სამოქალაქო კოდექსის მიღებამდე, 1993 წელს გადაწყდა, რადგან კერძოსამართლებრივ ურთიერთობას საბჭოთა სამოქალაქო კოდექსი ასე თუ ისე აწესრიგებდა, მაგრამ არ გვქონდა საბაზრო ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობა. შესაბამისად, მიმდინარეობდა კანონშემოქმედებითი და სამეცნიერო კვლევითი სამუშაო, თუმცა ასეთი ფუნდამენტური ნაშრომი, როგორიც „საკორპორაციო სამართლის“ სახელმძღვანელოა ამ დრომდე არ შექმნილა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართულ საკორპორაციო სამართლის სკოლას საფუძველი პროფესორმა ირაკლი ბურდულმა ჩაუყარა, დაიწყო უწყვეტი კვლევითი პროცესი, ჩამოაყალიბა ახალი მკვლევრები… 14 დოქტორანტის აღზრდა მნიშვნელოვანი წვლილია ქართული სამართლის განვითარებაში“, – განაცხადა „საკორპორაციო სამართლის“ რეცენზენტმა, პროფესორმა ბესარიონ ზოიძემ.

 „თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტისთვის მრავალი წლის განმავლობაში გადამწყვეტი უფროსი და უმცროსი თაობის ერთად მუშაობა იყო. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო წიგნის პრეზენტაციას ქალბატონი ირმა ხარშილაძე და ბატონი ბესარიონ ზოიძე დასწრებოდნენ, რომლებიც ჩემი მასწავლებლები იყვნენ. სწორედ ამ უფროსი თაობის ქართველ იურისტთა კოჰორტამ (ბესარიონ ზოიძე, თევდორე, ნინიძე, ლადო ჭანტურია, ჯონი ხეცურიანი და სხვ) მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული კერძო და, საერთოდ, ქართული სამართლებრივი სისტემის ჩამოყალიბებასა და მომავალი თაობის იურისტების აღზრდის საქმეში. ეს არის ის ინსტიტუციონალური ჯაჭვი და თაობიდან თაობაზე გადატყორცნილი მეხსიერება, რის გარეშეც ახალი ქართული სამართლის სკოლა, რომელზედაც ბატონი ბესო საუბრობდა, ვერ ჩამოყალიბდებოდა,“ – განმარტა ირაკლი ბურდულმა.

 „საკორპორაციო სამართლის“ ახალი III გამოცემის ავტორთა ჯგუფი სახელმძღვანელოს განახლებას პერმანენტულად გეგმავს. ასევე, დაგეგმილია „მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის“ კომენტარზე მუშაობის დაწყება.

Facebook
Twitter
LinkedIn