საკორპორაციო სამართლის კრებულის მეოთხე ნომერი გამოიცა

თარიღი: 2024-04-11 15:06:03

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საკორპორაციო, საბანკო და ეკონომიკური სამართლის ინსტიტუტმა საკორპორაციო სამართლის კრებულის მეოთხე ნომერი გამოსცა. კრებულში მიმოხილულია ეროვნული და, ასევე, საერთაშორისო   საბაზრო ურთიერთობებისთვის დამახასიათებელი ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა, მაგალითად, ქართული კომპანიების ტრანსნაციონალურ კორპორაცია Google-თან ხელშეკრულებების გაფორმების პროცესში წამოჭრილი სამართლებრივი შესაბამისობის ნაწილი. კონკრეტულად ახალი კვლევები საკორპორაციო სამართალში ეხება „ორგანიზაციული მართვისა და კონკურენციის შესაბამისობას საკორპორაციო სამართალში“ (ნანა თურმანიძე), „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის გავლენას მომხმარებელთა უფლებებზე“ (ანა უგულავა), „ხელმძღვანელ პირთა კერძოსამართლებრივ პასუხისმგებლობის ფარგლებს კაპიტალური ტიპის საზოგადოებაში“ (ვახტანგ ნოღაიდელი), „დივიდენდის განაწილებას სამეწარმეო საზოგადოებაში შპს-სა და სს-ის მაგალითზე“ (გიორგი თორდუა). ავტორები პრაქტიკოსი და მკვლევარი იურისტები არიან. თითოეული თემატიკა კორპორაციული მართვის სისტემურ ჭრილშია გაანალიზებული. კრებული პროფესორ ირაკლი ბურდულისა და ასოცირებული პროფესორის გიორგი მახარობლიშვილის რედაქტორობით გამოიცა. პრეზენტაცია-განხილვა თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე გაიმართა. ღონისძიებას იურიდიული ფაკულტეტის  ადმინისტრაცია, აკადემიური პერსონალი, პრაქტიკოსი იურისტები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

„ამ ეტაპზე კრებულის მეხუთე ნომერზე მიმდინარეობს მუშაობა. ეკონომიკური სამართლის დარგში დარგობრივი სამეცნიერო კრებულების გამოცემის უწყვეტობა აუცილებელია, რადგან წმინდა საკორპორაციო-სამართლებრივ თანამედროვე აქტუალურ საკითხებს აერთიანებს. აღნიშნული პროცესის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, რომ კვლევას ჩვენი წარმატებული მკვლევარი და პრაქტიკოსი იურისტები ახორციელებენ. ჩვენს მიზანია ახალგაზრდა თაობისა და უფროსი თაობის პროფესორების კოლაბორაციის მაქსიმალური ხელშეწყობა-განვითარება, რაც თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ საკორპორაციო სამართლის კრებულის გამოცემა ჩემი მოწაფის დემეტრე ეგნატაშვილის აქტიური ჩართულობით დაიწყო, უკვე მეოთხე ნომრის თანარედაქტორი ასევე ჩემი მოწაფე, ასოცირებული პროფესორი გიორგი მახარობლიშვილია“, – აღნიშნა პროფესორმა ირაკლი ბურდულმა.

საკორპორაციო სამართლის IV ნომრის პრეზენტაციიდან რამდენიმე თვეში  დაგეგმილია მრგვალი მაგიდის ფორმატში კრებულში წარმოდგენილი ნაშრომების შესახებ დისკუსია-ანალიზი.

საკორპორაციო სამართლის ახალი ნომერი თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკასა და წიგნების მაღაზია „ლატერნაშია“ ხელმისაწვდომი.

Facebook
Twitter
LinkedIn