საერთაშორისო სამართლის პროგრამის სტუდენტებმა ორ ეროვნულ იმიტირებულ პროცესში გაიმარჯვეს

თარიღი: 2023-06-14 14:41:39

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის პროგრამის  სტუდენტებმა, მიმდინარე აკადემიურ სემესტრში, ორ ეროვნულ იმიტირებულ პროცესში გაიმარჯვეს:

1. ადამიანის უფლებათა სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგანმანათლებლო პროექტის გრანტით  „ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს“ (ELSA Georgia) ორგანიზებით განხორციელდა. გამარჯვებული გუნდის წევრები ELSA Georgia-ს მხარდაჭერითა და დაფინანსებით მონაწილეობას მიიღებენ ჰელგა პედერსენის სახელობის საერთაშორისო იმიტირებულ პროცესში (Helga Pedersen Moot Court Competition).

2. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ეროვნული შეჯიბრი, რომელშიც ასევე თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის გუნდმა გაიმარჯვა.

ორივე შეჯიბრში გამარჯვებული გუნდის სამეული – დავით ხვისტანი, ნაია სისაური და ციცი გიგოიძე საერთაშორისო სამართლის პროგრამის ბაკალავრიატის საფეხურის მეოთხე სემესტრის სტუდენტები არიან.

ჰუმანიტარული სამართლის შეჯიბრში მონაწილეობას იღებდა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის პროგრამის მეორე გუნდიც, რომელიც საუკეთესო ექვსეულში შევიდა. გუნდი ასევე მეოთხე სემესტრელი სტუდენტებისგან – მზია კვეკვესკირი, თორნიკე თევზაძე და თეონა ჩაჩუა – შედგებოდა.

ეროვნული შეჯიბრი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით ყოველწლიურად ტარდება. ტრადიციული იმიტირებული სასამართლო პროცესების ფორმატისგან განსხვავებით, შეჯიბრის მიმდინარეობისას განსახილველი საქმის შინაარსი სტუდენტებმა წინასწარ სრულად არ იციან, ინფორმაციის მიღება-გაანალიზება-წარდგენა შეზღუდულ დროში უწევთ, რაც დამატებით სისხარტეს, კონცენტრაციას და სწორი გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარს მოითხოვს.

სტუდენტებს მენტორობა სამართლის დოქტორმა ნათია კალანდარიშვილმა და თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტმა ომარ მთივლიშვილმა გაუწიეს.

კონკრეტულად რა გამოწვევები აქვს იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მონაწილეობას და რა გავლენა აქვს სტუდენტების განწყობაზე, სამომავლო სწავლა-კვლევის მოტივაციის კონტექსტში, გამარჯვება-დამარცხების ეფექტს – გამარჯვებული სტუდენტები მიღებულ გამოცდილებას აანალიზებენ:

ნაია სისაური: „ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც შეჯიბრის მიმდინარეობისას დავდექით, იყო კვლევის კომპონენტი – რამდენად სწორად ვაწარმოებდით კვლევას იმ საკითხზე, რომელსაც განსახილველი ქეისი მოითხოვდა. განსხვავებული ვითარებაა მაშინ, როდესაც კვლევას რეფერატისთვის ვაკეთებთ, რადგან ვიცით სად, რა და როგორ უნდა მოვიძიოთ. ამ შემთხვევაში კი დამოუკიდებლად გვიწევდა გადაწყვეტილების მიღება – ინფორმაციის შერჩევა, ძებნა, გათავისება, დასკვნების გამოტანა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოცდილება ამ მიმართულებით მივიღეთ, რამაც დაგვაფიქრა სამეცნიერო კვლევის მნიშვნელობაზე პრაქტიკული პროფესიული საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ კვლევა, შესაძლოა, ჩემი სამომავლო პრაქტიკული საქმიანობის თანმხლებ პროცესად ვაქციო“.

ციცი გიგოიძე: „დიდი გამოცდილება მივიღეთ, გავიმარჯვეთ, ახლაც ემოციებით დატვირთულები ვართ. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი სასწავლო პროცესის დროს ჯერ არ გაგვივლია, მაგრამ ნათია კალანდარიშვილის ლექციებისა და ომარ მთივლიშვილის მენტორობის შედეგად შევძელით ერთთვიანი მომზადების ფარგლებში საჭირო ცოდნის მიღება, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ და თსუ-ს საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორს ირინე ქურდაძეს თანადგომისა და გაწეული დახმარებისთვის.

ეს შეჯიბრი განსხვავებულია, საქმის დეტალები წინასწარ არ ვიცოდით, ეტაპობრივად გვიწევდა გარკვევა, იყო სტრესული გარემო, გვიწევდა საკითხის სწრაფად შესწავლა და ჩვენი პოზიციის ჩამოყალიბება. ძალიან რთული იყო, მაგრამ გაცილებით მეტი გამოცდილება მოგვცა, ვიდრე სტანდარტულ იმიტირებულ სასამართლო პროცესზე მივიღებდით.“

დავით ხვისტანი: „შეზღუდულ დროის ფაქტორს, ვფიქრობ, ის დატვირთვა აქვს, რომ ყველა იურისტს უწევს ფორს-მაჟორულ სიტუაციაში მუშაობა, ამისთვის სწრაფი ადაპტირების უნარია საჭირო – რამდენიმე წუთში გადაამუშაო ინფორმაცია და მოსამართლეების წინაშე სათანადოდ წარდგე. გამოიმუშაო ნებისყოფა, სიმტკიცე.

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სფერო ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა, თუმცა მე, ზოგადად, მაინტერესებს ყველაფერი, რაც ადამიანის უფლებებს უკავშირდება. საბაზისო ცოდნა, რომელსაც ვიღებთ სწავლის პროცესში, არის ის, რაც პროფესიონალურად გაყალიბებს და რაც წარმატებებს განაპირობებს.

ზოგადად, ვერ გეტყვით, რომ მოგების ფაქტორი ძალიან მამტკიცებს ან მადუნებს, თუმცა მას მოდუნების ეფექტი ნამდვილად აქვს, თავისი მინუსი ყველაფერს აქვს“.

თეონა ჩაჩუა: „ეს ჩემი პირველი საუკეთესო გამოცდილება იყო.  მიუხედავად იმისა, რომ მეორე კურსის სტუდენტები ვართ და პირდაპირი შეხება საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალთან ჯერ არ გვქონია, უნივერსიტეტში მიღებულმა ცოდნამ მოგვცა საშუალება, რომ შეჯიბრში მონაწილეობა მიგვეღო და გამოწვევებს გავმკლავებოდით“.

მზია კვეკვესკირი: „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიმართულებით ეროვნული შეჯიბრი საკმაოდ მრავლისმომცველი აღმოჩნდა ჩვენთვის, რადგან შეგვძინა ძალიან ბევრი პრაქტიკული უნარი. მკაფიოდ  დაგვანახა, რა დიდი როლი აქვს გუნდურ მუშაობას კონკრეტული მისიის შესრულებისას და მიგვაჩვია გუნდურ ფორმატში აქტიურობას. ზოგადად, ასეთი ფორმატის შეჯიბრებებში  და იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მონაწილეობას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან გვაჩვევს კრიტიკულ აზროვნებას, არგუმენტების, კონტრარგუმენტების ფორმირებას, პაექრობის კულტურას.

ძალიან ბევრი შეჯიბრი და იმიტირებული სასამართლო პროცესი იმართება, ყველა მათგანში გაიმარჯვო რთულია, ამიტომ მხოლოდ გამარჯვებაზე ორიენტირებული წინასწარი განწყობა მცდარი მგონია. რეალურად ყველაზე მნიშვნელოვანი მონაწილეობის პროცესია, გარდა პროფესიული უნარების ფორმირებისა, ამ დროს ჩვენ ვიძენთ სამეგობრო წრესა და ახალ კონტაქტებს.

საუკეთესო ექვსეულში მოხვედრა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვერ ვიტყვი, რომ ეს მარცხია, მაგრამ დამარცხების გარეშე ადამიანი ვერასდროს ვერ შეიგრძნობს გამარჯვების ფასს“.

***

საქართველოში ეროვნული იმიტირებული  პროცესების ჩატარების მხარდამჭერი და ინიციატორი საქართველოს იუსტიციის სამინისტროა. გამარჯვებულები საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა საქართველოში ანნ მონტავონმა თემატური ლიტერატურით დააჯილდოვეს.

,,ეროვნული შეჯიბრი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან და იუსტიციის სასწავლო ცენტრთან ერთად უკვე მე-11 წელია ატარებს, უნიკალური შესაძლებლობაა სტუდენტებისთვის  – აიმაღლონ თეორიული ცოდნა საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალსა და საერთაშორისო სამართლის მომიჯნავე სფეროებში და მიიღონ პროფესიული განვითარებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები. სტუდენტებისთვის შეჯიბრში მონაწილეობა, ასევე, სახელმწიფო უწყებებში კარიერული გზის დაწყების შესაძლებლობასაც იძლევა. იუსტიციის სამინისტროს სახელით კიდევ ერთხელ ვულოცავთ გამარჯვებას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს და ვუსურვებთ წარმატებებს აკადემიურ და პროფესიულ ასპარეზზე”, – აღნიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან სარაჯიშვილმა. 

Facebook
Twitter
LinkedIn