რა შეჰმატა საბა სამუშიამ ,,ქართველ გენიათა სამჭედლოს“

თარიღი: 2023-06-10 14:20:31

,,რუსეთ-უკრაინის ომის ასახვა ქართულ სკოლებში: მიზეზები და შესაძლო შედეგები“ – ამ სახელწოდებით წარადგინა თავისი კვლევა თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მეორე კურსის სტუდენტმა საბა სამუშიამ ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით გამართულ სტუდენტთა IX საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენციაზე.

მისი კვლევის მთავარი კითხვა იყო – თუ  როგორ აისახება რუსეთ-უკრაინის ომი ქართულ სკოლებში,  რა არის ამგვარი ასახვის მიზეზები და რა შედეგები შეიძლება ჰქონდეს რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ სკოლებში ჩამოყალიბებულ დამოკიდებულებებს?

,,ამ თემით დაინტერესება რამდენიმე გარემოებამ განაპირობა: 1. რუსეთ-უკრაინის ომის ეფექტები, რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაანალიზდეს, რადგან ესაა თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური პოლიტიკური პროცესი; 2. ხშირ შემთხვევაში საფრთხეში მხოლოდ ეკონომიკურ დამოკიდებულებას ან სამხედრო ქმედებებს გულისხმობენ, როდესაც რუსეთს აქვს რბილი ძალის გამოყენების და ე.წ ,,მეხუთე კოლონის’’ ჩამოყალიბების საუკუნოვანი პრაქტიკა.  ეს გარემოება არ უნდა გამოგვრჩეს თვალთახედვიდან; 3. თავად ვასწავლი მეოთხე წელია და ჩემთვის სკოლა ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბებასთან ასოცირდება – ქართულ სკოლებზე რუსული პროპაგანდის გავლენა იშვიათად უკვლევია ვინმეს და ამიტომ დავინტერესდი სწორედ ამ თემით“, – ამბობს კვლევის ავტორი საბა სამუშია.

სტუდენტმა სიღრმისეული ინტერვიუს მეთოდით გამოკითხა რუსული ენის, სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის 10 მასწავლებელი და იმავე სკოლების 20 მოსწავლე ( მე-10/მე-12 კლასი). ასევე, ანკეტირებით გამოიკითხა თბილისის საჯარო სკოლების 500-მდე მოსწავლე.

რა დასკვნა დადო და რაზე მიუთითებს ახალგაზრდა მკვლევრის მიერ შერჩეული თემა? – ამ კითხვაზე საბა სამუშია გვპასუხობს:  ,,წარმოებულმა კვლევამ გამოკვეთა ტენდენცია, რომ ის მასწავლებლები, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომის თემაზე პრორუსულად არიან განწყობილნი, ინფორმაციას რუსული სამაუწყებლო საშუალებების მეშვეობით იღებენ; ასევე, გამოიკვეთა მასწავლებლების გავლენა მოსწავლეების მიერ გამოყენებულ ტერმინოლოგიურ აპარატზე რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით  და რუსული საგანმანათლებლო რბილი ძალის მასშტაბურობა სასაზღვრო რაიონებში“.

ბლიც-ინტერვიუ

  • რატომ აირჩიე შენი პროფესია და რამდენად მოგწონს?
  • საერთაშორისო ურთიერთობები იმიტომ ავირჩიე, რომ ჩემი ინტერესის ყველა სფეროს აერთიანებს: უცხოური ენები, პოლიტიკა, ისტორია და გეოგრაფია.  მიიჩნევა, რომ საერთაშორისო ურთიერთობების დისციპლინა ზედმეტად ვიწროა, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ და მგონია, რომ ეს მიმართულება სტუდენტებს ცოდნის საკმაოდ დიდ დიაპაზონს უშლის. სწორედ ამიტომ მიყვარს განსაკუთრებით მშობლიური მიმართულება.
  • ვინ არის/არიან უნივერსიტეტში შენი საყვარელი ლექტორ(ებ)ი?
  • ძალიან რთული კითხვაა… არ მინდა უცნაურად გამოვიდეს, მაგრამ მართლა ყველა ლექტორის მიმართ რაღაც განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, იშვიათი გამონაკლისების გარდა. ვფიქრობ, თითოეულმა მასწავლა რაღაც ისეთი, რასაც მთელი ცხოვრება გამოვიყენებ და  რის გამოც მათი მადლიერი ვიქნები მუდამ. რასაკვირველია, ჩემს პრაქტიკაშიც ყოფილან ლექტორები, რომლებიც, მიმაჩნია, რიგ შემთხვევებში, უსამართლოდ მომექცნენ, მაგრამ არა უშავს – როცა დღე ბატონობს, ღამის მცირე ზმანებებს არ უნდა მივაქციოთ ყურადღება.
  • რა პრობლემას გამოკვეთდი საუნივერსიტეტო ცხოვრებიდან?
  • უნივერსიტეტს არაერთი პრობლემა აქვს, რომელთა შესახებ საუბარიც ძალიან დიდხანს შეიძლება. მინდა, სიხარულით აღვნიშნო, რომ ძირითად პრობლემათა დიდი ნაწილი უკვე სწორდება, რის გამოც მადლობა უნივერსიტეტს. ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, ჩემი აზრით,  ბიუროკრატიულად გაუმართავ სისტემას შეეხება. ზოგჯერ რამდენიმე დოკუმენტის გაგზავნას ან მოთხოვნას დღეები სჭირდება, რაც უთუოდ იწვევს დისკომფორტს. მოსაწესრიგებელია LMS და ი-ლერნინგ პლატფორმები, რომლებიც სტუდენტთა აქილევსის ქუსლია – განსაკუთრებით საგნების არჩევის პერიოდში.
  • რა სურვილები გაქვს, რაც უნივერსიტეტს და შენს სტუდენტობას უკავშირდება?
  • ძალიან მიყვარს თსუ. რაღაც მისტიკური ადგილია, რომელიც ისე აჯადოვებს მის მკვიდრს, რომ სიყვარულისგან თავის დაღწევა ძალიან რთულია.  მთელი გულით  მინდა, დედაუნივერსიტეტმა ღირსეულად ატაროს რეგიონის საუკეთესო უმაღლესი სასწავლებლის ტიტული და არ უღალატოს იმ ტრადიციას, რომელიც მისი გახსნის დღიდან არსებობს. მინდა, ჩვენი უნივერსიტეტი აღჭურვილი იყოს თანამედროვე აპარატურით; გააჩნდეს უფრო დიდი ბიუჯეტი და, შესაბამისად, სამეცნიერო პროექტების დაფინანსების შესაძლებლობა. ერთ დღეს აუცილებლად დავბრუნდები, როგორც პროფესორი და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩემი მოკრძალებული წვლილით რაღაც შევმატო ქართველ გენიათა სამჭედლოს.
Facebook
Twitter
LinkedIn