Erasmus Family და სწავლა ესპანეთის კორდობას უნივერსიტეტში

თარიღი: 2023-10-09 16:31:26

ინტერნაციონალური საუნივერსიტეტო გარემო, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა-სწავლება, Erasmus Family და ევროპული თავგადასავლები – თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი საბა ბასილაძე ევროპული სტუდენტური ცხოვრების შესახებ ესპანეთიდან გვიყვება. 

საბა მეოთხე კურსზეა. კორდობას  უნივერსიტეტში სამართლის თეორიას, განვითარების ფსიქოლოგიას, ეკონომიკის საფუძვლებს, ბიზნესის სტრატეგიას, ტურიზმის პოლიტიკურ და ეკონომიკურ დაგეგმარებასა და ესპანური ენის ოთხთვიან კურსს გაივლის. 

„თსუ-გან განსხვავებით აქ შუალედური გამოცდები არ არის და სტუდენტები მხოლოდ დასკვნით გამოცდებს აბარებენ საახალწლო არდადეგების შემდეგ. თუმცა, ორ კვირაში ერთხელ გვაქვს ე.წ. ქვიზები და საინტერესო ტესტები, რომლებიც, გარდა განვლილი მასალის შემოწმებისა, ჩვენი ზოგადი განათლებისა და პიროვნული ხედვების წარმოჩენას ისახავს მიზნად. სწავლების მეთოდი, თეორიული ცოდნის გარდა, მეტწილად, პრაქტიკული სამუშაოებით სტუდენტის კრეატიულობის, ინფორმაციის სწრაფად და სრულყოფილად მოძიების, პრეზენტაციის და საკუთარი პოზიციის მკაფიოდ გამოხატვის უნარზეა ორიენტირებული.

ძალიან აქტიურად ვიყენებთ ხელოვნურ ინტელექტს, chatgpt-ს, ექსელს, powerpoint-ს, რაც აღნიშნულ პლატფორმაზე მუშაობის გაცილებით სიღრმისეულ ცოდნას გვაძლევს. ბიზნესის სტრატეგიული დაგეგმარების საგანში ამჟამად მე და ჩემი გუნდი ვმუშაობთ ჩვენს ბიზნეს-მოდელზე და ყოველკვირეულად ნასწავლი ახალი კრიტერიუმების მიხედვით ვაფასებთ, ვზომავთ და ვსახავთ მისი განვითარების სტრატეგიას. საბოლოო ბიზნეს-მოდელის მიხედვით კი მივიღებთ ფინალური გამოცდის შეფასებას. აქედანაც ჩანს, რომ სწავლების მოდელი, მეტწილად,  პრაქტიკული უნარების გამომუშავებასა და ცოდნის მრავალმხრივ განვითარებაზეა ორიენტირებული, ვინაიდან უშუალოდ მუშაობის დროს პირადად ვაწყდებით იმ პრობლემებს და ვეძებთ გამოსავალს, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში აუცილებლად იჩენს თავს,“ – გვიყვება საბა.

გარდა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისა, კორდობას უნივერსიტეტში არსებული ინტერნაციონალური საუნივერსიტეტო გარემო სტუდენტებს განსხვავებული კულტურის წარმომადგენლების უკეთ გაცნობასა და ახალი კონტაქტების დამყარება-გაღრმავებაში ეხმარება.

„ჩემი კურსელები, გარდა ადგილობრივი სტუდენტებისა, მეტწილად, Erasmus-ის და სხვა გაცვლითი პროგრამების მონაწილე სტუდენტები არიან. ამიტომ ბევრი მეგობარი მყავს იტალიიდან, იაპონიიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან, აფრიკიდან და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. განსაკუთრებით დავუახლოვდი იტალიელებს, რომლებიც 200-ზე მეტნი არიან კორდობაში. როგორც მითხრეს, ამ სემესტრში საქართველოდან მხოლოდ მე ვარ და ამ ადამიანებმა თავიანთ სამეგობროში, ოჯახში დიდი სიყვარულით და ხალისით მიმიღეს. რაც მთავარია, ჩემთვის მოამზადეს ნამდვილი იტალიური პიცა და პასტა. მათაც არანაკლებ მოეწონათ მჭადი, ყველი, აჯიკა, ჩურჩხელა და ხაჭაპური. კორდობაში მობილობის პერიოდი თებერვლის ბოლომდე გრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ 5 თვე მაქვს პიროვნული განვითარების, უცხო ენების შესწავლის, ცოდნის გაფართოების, დამოუკიდებელი ცხოვრებისა და უდიდესი გამოცდილების მისაღებად“, – ამბობს თსუ-ს სტუდენტი.

სასწავლო პროცესის პარალელურად არაერთი მასშტაბური ღონისძიება იგეგმება  Erasmus Family-ს ფარგლებში. Erasmus Family 2014 წელს Erasmus-ის ალუმნებმა  დააფუძნეს სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნების მიზნით და სტუდენტებს ევროპის მასშტაბით სხვადასხვა ტურებს, უკვე წლებია, სთავაზობენ.

„როდესაც მარტო ხარ უცხო ქვეყანაში, ორმაგი ძალისხმევა და აქტიურობა გჭირდება საზოგადოებაში ადგილის დასამკვიდრებლად, თუმცა Erasmus -ის წარმომადგენლები ყოველდღიურად აორგანიზებენ საღამოს შეხვედრებს, სადაც გვეძლევა საშუალება მყუდრო, გასართობ და სასიამოვნო გარემოში სტუდენტებმა ერთმანეთი გავიცნოთ, საერთო ენა გამოვნახოთ და დავმეგობრდეთ.

გარდა ყოველდღიური საღამოებისა, Erasmus Family თავის წევრებს სთავაზობს ტურებს ესპანეთში და ესპანეთს გარეთ, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა პორტუგალია, მაროკო, საფრანგეთი და სხვა. გასულ კვირას პორტუგალიის ულამაზეს ქალაქ ალგარვეში ვიყავით, სადაც საერთაშორისო სტუდენტების დაახლოებისთვის იდეალური გარემო იყო შექმნილი. სწორედ აქ გავიცანი ჩემი იტალიელი და ბენინელი მეგობრები, რომლებიც უკვე გეგმავენ არდადეგების საქართველოში გატარებას, რადგან ძალიან მოეწონათ ქართული სიმღერა, ცეკვა, ტრადიციები და ჭაჭა, რა თქმა უნდა.

ერთი სიტყვით, ეს იდეალური შესაძლებლობაა ყველა სტუდენტისთვის გაიღრმაოს ცოდნა თავის და მისთვის საინტერესო სხვა პროფესიაში, განივითაროს პრაქტიკული უნარები, ისწავლოს დამოუკიდებელი ცხოვრება, დარჩეს მარტო საკუთარ თავთან, განსხვავებული თვალით შეხედოს ცხოვრებას, გაიცნოს უამრავი ადამიანი, თანატოლი, რომლებიც მუდმივად მზად არიან ახალი ურთიერთობებისთვის, გამოწვევებისა და თავგადასავლებისთვის, გაერთოს, დაისვენოს და უკვე შემდგარი ადამიანი დაბრუნდეს საქართველოში ახალი ენერგიით, გეგმებით და მიზნებით“.

Facebook
Twitter
LinkedIn