თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა „საუკეთესო საარბიტრაჟო სარჩელის“ ტიტული მოიპოვეს

თარიღი: 2023-06-08 17:15:53

კომერციული არბიტრაჟის II ეროვნულ შეჯიბრში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა „საუკეთესო საარბიტრაჟო სარჩელის“ ტიტული მოიპოვა. შეჯიბრი საქართველოს არბიტრთა ასოციაციის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა. შეჯიბრში თსუ-ს წარმოადგენდნენ სტუდენტები: ნანა მჭედლიშვილი, თამაზ ღლონტი, ნანული შაკინოვი და მარიტა სამხარაძე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს  მენტორობა იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრანტებმა თათია ნიკვაშვილმა და ელენე კუტალაძემ გაუწიეს.

„იურიდიული ფაკულტეტი ამაყობს თავისი საუკეთესო სტუდენტებით, რომლებიც ძალიან წარმატებულნი არიან ყველა ასპარეზზე. ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი სტუდენტებისაგან დაკომპლექტებულმა გუნდმა საქართველოს არბიტრთა ასოციაციის მიერ ჩატარებული კომერციული არბიტრაჟის ll ეროვნულ შეჯიბრში ,,საუკეთესო საარბიტრაჟო სარჩელის” ტიტული მოიპოვა. მინდა, მადლობა ვუთხრა გუნდის წევრებსა და გუნდის მენტორებს მათი შრომისთვის და წარმატებები ვუსურვო მომავალშიც“, – განაცხადა იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა თამარ ზარანდიამ.

 „არბიტრაჟის შესახებ პირველად სამოქალაქო საპროცესო სამართლის გავლისას გავიგეთ. ამ პერიოდში გამოცხადდა მიღება კომერციული არბიტრაჟის მეორე ეროვნულ შეჯიბრში, სადაც მონაწილეობის მიღების უფლება ყველა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს ჰქონდა. ვიფიქრეთ, რომ პროექტში მონაწილეობა პრაქტიკულ გამოცდილებას მოგვცემდა და საკითხს საფუძვლიანად შევისწავლიდით. პროექტი, დაახლოებით, ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, ჩაგვიტარდა ლექციები, შევისწავლეთ საარბიტრაჟო სარჩელისა და შესაგებლის მომზადების წესი. მეორე ეტაპზე გადასვლის შემდეგ ზეპირი რაუნდები დაინიშნა, სადაც თითოეულ გუნდს მოუწია საკუთარი პოზიციის არბიტრაჟის წინაშე წარდგენა. ზეპირი რაუნდებიც რამდენიმე ეტაპად ჩატარდა, ჩვენი გუნდი ნახევარ-ფინალიდან გამოეთიშა ასპარეზს, თუმცა დაიმსახურა „საუკეთესო საარბიტრაჟო სარჩელის” ტიტული, რაშიც დიდი წვლილი ჩვენს მენტორებსაც მიუძღვით. პროექტში მონაწილეობა, პროცესი ძალიან შრომატევადი  იყო, თუმცა მიღებულ ცოდნად ნამდვილად ღირდა. ვფიქრობ, არბიტრაჟის შესახებ საფუძვლიანი ცოდნის დაგროვების საუკეთესო გამოცდილება იყო, რადგან მისი მიმდინარეობისას რეალურ გამოწვევებზე ფიქრი და მათი შეფასება გვიწევდა“, – აღნიშნა იურიდიული ფაკულტეტის III კურსის სტუდენტმა  ნანა მჭედლიშვილმა.

Facebook
Twitter
LinkedIn