აკაკი ყულიჯანიშვილისა და ნანა გულიაშვილის ერთობლივი ნაშრომი

თარიღი: 2024-01-22 18:55:41

გამოიცა ახალი ნაშრომი  – ,,რომანტიზმის ესთეტიკა“, რომლის ავტორები თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის მიმართულების ყოფილი პროფესორი აკაკი ყულიჯანიშვილი და ფილოსოფიის დოქტორი, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის ს/ს კვლევითი ინსტიტუტის ესთეტიკისა და კულტურის ფილოსოფიის ასისტენტ-პროფესორი ნანა გულიაშვილია. ნაშრომი წარმოადგენს მონოგრაფიას, ის არის ერთგვარი კვლევა, რომელიც განხორციელდა ფილოსოფიის მიმართულების, ესთეტიკისა და კულტურის ფილოსოფიის კათედრაზე.

ნაშრომში განხილულია (გერმანული) იენის რომანტიკული სკოლის ფილოსოფიური საფუძვლები;  ნაჩვენებია  – თუ როგორ არის კავშირში გერმანული რომანტიკული სკოლა კანტის და ფიხტეს ფილოსოფიურ ნააზრევთან, აგრეთვე, ნაჩვენებია ფრ. შელინგის დამსახურება რომანტიკული მსოფლმხედველობის საბოლოოდ ჩამოყალიბებაში.

მონოგრაფიაში წარმოჩენილია რომანტიკულ ფილოსოფიასა და საგნობრივ ესთეტიკას შორის კავშირები ძმები შლეგელების, ნოვალისის და ტიკის მაგალითზე.

,,საინტერესოა ის გარემოება, რომ ფილოსოფიური იდეების ესთეტიზირების გარდა რომანტიკოსები აზროვნების ესთეტიზირებითაც გამოირჩეოდნენ. შემთხვევითი არ იყო, რომ თითქმის ყველა რომანტიკოსი თეორიასთან ერთად მხატვრულ საქმიანობასაც ეწეოდა. ხშირ შემთხვევაში, როგორც ეს ნოვალისთან, ჰოფმანთან და შლეგელთან ჩანს, მათ მხატვრული შემოქმედების თეორეტიზირება სჭირდებოდათ იმისთვის, რათა ესთეტიკურ-ფილოსოფიურად დაეფუძნებინათ ის მხატვრული სტილისტიკა, რომელსაც საკუთარი შემოქმედების პროცესში მისდევდნენ. ძნელია გამიჯვნა – რომანტიკოსები თეორეტიკოსები უფრო იყვნენ თუ პოეტები. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულად ჩანს  ფრ. შელინგის ფიგურა, რადგან, მისი მხატვრული მცდელობების მიუხედავად, იგი მაინც რჩება ფილოსოფოსად, ვიდრე ხელოვანად“, – აღნიშნავს ნანა გულიაშვილი.

ნანა გულიაშვილი აკაკი ყულიჯანიშვილის მეუღლეა. როგორც ქალბატონი ნანა ამბობს, წიგნის გამოცემას მოუთმენლად ელოდა ცოლ-ქმარი. ბატონი აკაკი ვეღარ მოესწრო წიგნის ფიზიკურად ნახვას.

მალე გამოიცემა ახალი კრებული, რომელიც აკაკი ყულიჯანიშვილის ხსოვნას მიეძღვნება

ნანა გულიაშვილს ამჟამად დაწყებული აქვს მუშაობა ახალ კრებულზე, რომელიც  აკაკი ყულიჯანიშვილის ხსოვნას მიეძღვნება.

,,კრებულის სავარაუდო სახელწოდება მოფიქრებულია, თუმცა შეიძლება მისი კორექტირებაც. მასში განთავსდება  კაკოს რამდენიმე სტატია, ასევე კოლეგების სამეცნიერო სტატიები, რომლებიც თემატურად დალაგდება.  კრებულის გარკვეული ნაწილი დაეთმობა მოგონებებს. ამ კრებულის გამოცემის შემდეგ, ვფიქრობ, გამოვცემ მის შრომებს, სტატიებს, ინტერვიუებს სხვადასხვა თემებზე, რაც საშური საქმეა სტუდენტებისთვის (მომავალი თაობებისთვის), ზოგადად, სამეცნიერო და (არა მარტო) საზოგადოებისათვის. დაახლოებით, კრებულის 100 გვერდამდე გაკეთებული მაქვს“, – ამბობს ნანა გულიაშვილი

Facebook
Twitter
LinkedIn