როგორ გავხდეთ ნოტარიუსი?

თარიღი: 2023-04-07 20:06:59

საჯარო ლექცია იურიდიულ ფაკულტეტზე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე საჯარო ლექცია – „პროფესია ნოტარიუსი“ გაიმართა. შეხვედრას თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, ნოტარიუსი ეკატერინე შენგელია უძღვებოდა. საჯარო ლექცია, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტისა  და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, დამამთავრებელი კურსისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის ნოტარიუსის პროფესიის გაცნობის მიზნით ჩატარდა.

 „შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს მივაწოდეთ ინფორმაცია – თუ როგორ გავხდეთ ნოტარიუსი, კანონის რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი, რას ითვალისწინებს ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნის წესი, როგორ ხდება სანოტარო ბიუროს მოწყობა და რაში გამოიხატება სანოტარო საქმიანობის განხორციელების თავისებურებანი. შეიძლება ითქვას, რომ, გარკვეულწილად, სტუდენტებს პროფესიული თვალსაზრისით გზის გაკვალვაში ვეხმარებით“, – აღნიშნა ეკატერინე შენგელიამ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებს იურიდიული პროფესიების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდეთ. შესაბამისად, მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ მსგავსი სახის შეხვედრებს, რაც სტუდენტებს სამომავლო პროფესიის არჩევაში ეხმარებათ და რიგ შემთხვევაში, შესაძლოა, მათ საბოლოო გადაწყვეტილებასაც განაპირობებს. საქართველოს ნოტარიუსთა პალატასთან თანამშრომლობის ნაყოფიერი გამოცდილება გვაქვს – ფაკულტეტზე ნოტარიუსის პროფესიის სტუდენტებისთვის გაცნობის მიზნით შეხვედრები პერმანენტულად იმართება“, – განმარტა იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა თამარ ზარანდიამ.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა, ნოტარიუსის პროფესიის სტუდენტებისთვის გაცნობის მიზნით, საჯარო ლექციებს საქართველოს 30-მდე უმაღლეს სასწავლებელში მართავს. პროექტს პალატის სასწავლო ცენტრი ახორციელებს. როგორც ცენტრის წარმომადგენელმა სოფიო გოგაშვილმა აღნიშნა, „უმაღლეს სასწავლებლებთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტებს ნოტარიუსთა პალატაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობაც ეძლევათ“.

Facebook
Twitter
LinkedIn