გამოვიდა რევაზ გაჩეჩილაძის კრებული  – „სხვადასხვა დროის ნაშრომები“

თარიღი: 2023-10-24 15:09:15

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო საგამომცემლო საბჭოს გადაწყვეტილებით, გამოვიდა აკადემიკოს რევაზ გაჩეჩილაძის კრებული – „სხვადასხვა დროის ნაშრომები“ სამ ენაზე. წიგნში დასტამბულია ქართულ- ინგლისურ-რუსულენოვანი ნაშრომები, რომლებიც, როგორც წინასიტყვაობაშია ნათქვამი, ავტორის მულტიდისციპლინური სამეცნიერო ინტერესების ნიმუშს წარმოადგენს.

წიგნში შესული ქართულენოვანი ნაშრომებიდან ნაწილი ადრე გამოუქვეყნებელი ნაშრომებია: კონკრეტულად, „ცნობა საქართველოს პოლიტიკური მომავლის შესახებ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებზე (1990)“ – ეხება აღნიშნული გამოკითხვის გაანალიზებას. მეორე ნაშრომი არის ამონარიდი 2013 წელს დასტამბული წიგნიდან „საქართველო მსოფლიო კონტექსტში“.  ნაშრომი – „ქართული ნაციონალიზმი და ზვიადიზმი“ ლოგიკურად ებმის პირველ ნაშრომს. მასში გაანალიზებულია საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი წლები.

კრებულში, ასევე,  შესულია ნაშრომები: „გეოპოლიტიკა და დიპლომატია სამხრეთ კავკასიისა და თურქეთის საზღვრების ჩამოყალიბებისას 1921 წელს“, „ტოპონიმური ცვლილებები, როგორც მოსახლეობის ეთნიკური სტრუქტურისა და ცვალებადი იდეოლოგიის ანარეკლი (სომხეთის მაგალითზე)“  და „ზია გიოქალფის შრომები ინგლისურ ენაზე“ – რეცენზია. მათგან პირველი  ორი  შეეხება  საქართველოს  თანამედროვე სამხრეთ-დასავლეთ საზღვრის იურიდიულ გაფორმებას და სომხეთში მომხდარ ტოპონიმურ ცვლილებებს დემოგრაფიული და იდეოლოგიური ძვრების ფონზე.

კრებული აერთიანებს ავტორის ინგლისურენოვან და რუსულენოვან ნაშრომებსაც. ინგლისურ ენაზე დაბეჭდილია ჰოლანდიაში,  ინგლისსა და საქართველოში გამოქვეყნებული ნაშრომები და თავი წიგნიდან „The New Georgia: Space, Sociery, Politics”, რომელშიც შედარებულია საქართველოს პირველი და მეორე დამოუკიდებლობა მე-20 საუკუნეში. ერთ-ერთ სტატიაში განხილულია საქართველოს ებრაული მოსახლეობის დინამიკა და მისი ისტორიული განსახლება 1926 წლის მოსახლეობის აღწერის მასალებზე დაყრდნობით.

წიგნში, ასევე, შესულია რუსულ ენაზე გამოქვეყნებული ხუთი ნაშრომი, რომლებიც სხვადასხვა საკითხს მიმოიხილავს, მათ შორის, 1937-1938 წლების საბჭოთა ტერორს, საქართველოს დამოუკიდებლობის  (გასული საუკუნის 90-იანი წლები) პირველ ეტაპს და სხვ.

კრებულს ერთვის აკადემიკოს რევაზ გაჩეჩილაძის მიერ გამოქვეყნებული შრომების სია. 

Facebook
Twitter
LinkedIn