ქრისტეფორე ჯაყელის გახსენება

თარიღი: 2024-03-26 18:21:05

ცნობილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, პროფესორი ქრისტეფორე ჯაყელი  დაიბადა 1917 წლის 25 დეკემბერს, საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი –  გურიის მხარის – ოზურგეთის  (იმდროინდელი მახარაძის რაიონის) მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში. სოფელი შრომა კი, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთაც, ცნობილი და აღიარებული იყო აქ მცხოვრები ადამიანების დიდი შრომისმოყვარეობითა და ენთუზიაზმით, მათ შორის გამორჩეული იყო ბატონი ქრისტეფორეს ოჯახიც, სწორედ ამ ოჯახიდან შეიძინა შრომისმოყვარეობის, პასუხისმგებლობის და ადამიანებთან ურთიერთობის ყველა ის თვისება, რითაც ასე გამოირჩეოდა ბატონი ქრისტეფორე.

ბატონმა ქრისტეფორემ  1934 წელს დაამთავრა ბათუმის რკინიგზის სატრანსპორტო-სამშენებლო სასწავლებელი, 1934-1936 წლებში მუშაობდა ურეკის მეურნეობაში ტექნიკოს-მშენებლად, 1940 წელს კი დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფიის ფაკულტეტი და იმავე წელს დაიწყო მუშაობა ქუთაისის 25-ე საშუალო სკოლაში, პედაგოგად. შემდეგ მან სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში, ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით, რისი შეწყვეტაც მოუწია მსოფლიო ომში მონაწილეობის გამო 1940-1945 წლებში. ომიდან დაბრუნების შემდეგ მან გააგრძელა სამეცნიერო მოღვაწეობა თსუ-ში და 1949 წელს გამოჩენილი მეცნიერის, პროფესორ ბ. დობრინინის ხელმძღვანელობით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე – ,,მდ. სუფსისა და მდ. ნატანების ფიზიკურ-გეოგრაფიული (ლანდშაფტური) დახასიათება“. 1950-1954  მუშაობდა გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ხოლო 1954 წლიდან  – კვლავ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  აგრძელებს  მოღვაწეობას და კითხულობს ლექციებს მსოფლიოს ფიზიკურ-გეოგრაფიაში. 1974-1987 წლებში იგი წარმატებით ხელმძღვანელობდა ფიზიკური გეოგრაფიის კათედრას კათედრის გამგის სტატუსით.

ბატონი ქრისტეფორეს სამეცნიერო ინტერესები ფიზიკური გეოგრაფიისა და ლანდშაფტმცოდნეობის აქტუალურ საკითხებს ეხებოდა. იგი გახლავთ 170-მდე,  ქართულ და უცხოურ ენებზე გამოქვეყნებული, სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული და საენციკლოპედიო  ნაშრომების ავტორი. თავის მრავალრიცხოვან პუბლიკაციებში ის  განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა  ლანდშაფტების კომპლექსური თავისებურებების შესწავლას, ბუნებრივი რესურსების ეფექტურად გამოყენებისა და გარემოს დაცვის პრობლემებს. ასევე, გამორჩეული და მნიშვნელოვანია მისი კვლევები საქართველოს მთიანი რეგიონების ფიზიკურ- გეოგრაფიული კარტოგრაფირებისა და დარაიონების შესახებ.

ბატონი ქრისტეფორეს თანაავტორობითაა ( პროფ. დავით უკლება, დოც. მელეტი სანებლიძე) შედგენილი  საქართველოს ორი ლანდშაფტური რუკა (1964-1970). პირველი მათგანი განთავსებულია საქართველოს გეოგრაფიულ ატლასში (1964), მეორე კი გამოცემულია რუკის სახით, რომელზეც დატანილია საქართველოს ბარისა და მთის კლასის ლანდშაფტები და აქვე (ჩანართის სახით) თანდართულია   ქვეყნის ფიზიკურ- გეოგრაფიული დარაიონების სქემა.

ბატონი ქრისტეფორე რამდენიმე წიგნის ავტორიცაა: მისი თანაავტორობით 1985 წელს გამოიცა „გეოგრაფია აბიტურიენტებისათვის“ (ერთ-ერთი პირველი), რასაც მოჰყვა შემდგომ წლებში (1990, 1991) მისივე თანაავტორობით ანალოგიური დამხმარე სახელმძღვანელოები.  ცალკე აღნიშვნის ღირსია უმაღლესი სკოლის სახელმძღვანელო  –  „ბუნებრივი რესურსების გამოყენება და ბუნების დაცვა“, რომელიც მან შვილთან, ოთარ ჯაყელთან ერთად გამოაქვეყნა 1977 წელს.  დასახელებული სახელმძღვანელო  მსგავსი თემატიკით კათედრის ისტორიაში პირველად იქნა გამოქვეყნებული  და საგნადქცეული, რომელიც დღემდე აქტუალურია და წარმატებით ეკითხებათ  გეოგრაფიის სპეციალობის სტუდენტებს.

პროფ. ქრისტეფორე ჯაყელი გახლდათ მეტად აქტიური და ენერგიული პიროვნება, მისი უშუალო ძალისხმევითა და მონდომებით, გასული საუკუნის 80-იან წლებში,  ფიზიკური გეოგრაფიის კათედრაზე 4 წლის განმავლობაში  მუშავდებოდა სახელშეკრულებო თემა – „დასავლეთ საქართველოს საბჭოთა მეურნეობებისა და კოლმეურნეობების  მსხვილმასშტაბიანი ლანდშაფტური ანალიზი“,  რომელიც მოიცავდა აფხაზეთის, აჭარის, გურიისა და სხვა რაიონებს.

ბატონი ქრისტეფორეს ხელმძღვანელობით დაცულია არაერთი სადიპლომო და სადისერტაციო ნაშრომი, იგი იყო დარგობრივი სადისერტაციო საბჭოს (ხარისხის მიმნიჭებელი)  წევრი. მას ასევე ჰქონდა აქტიური კომუნიკაცია და სამეცნიერო კავშირები მოსკოვის, ბაქოს, ერევნის და სხვ. უნივერსიტეტების შესაბამისი კათედრების პროფესორ-მასწავლებლებთან.  ის ხშირად იყო აქტიური მონაწილე სხვადასხვა  დონის  კონფერენციებისა და სიმპოზიუმებისა.

სტუდენტთა სწავლებისა და მათი მაღალკვალიფიციურ კადრებად ჩამოყალიბების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის  ქრისტეფორე  ჯაყელს მინიჭებული აქვს (1984) უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკის წოდება.

ბატონ ქრისტეფორეს ჰყავდა სანიმუშო ოჯახი: მეუღლე – ქეთევან ქოჩლაძე გახლდათ თსუ-ს კარტოგრაფიის კათედრის მასწავლებელი, ვაჟიშვილი – ოთარ ჯაყელი  (აწ გარდაცვლილი) აგრძელებდა მამის ტრადიციას და იყო თსუ-ს მეცნიერ-თანამშრომელი, თუმცა მისი ბუნებრივი ნიჭი უფრო წარმატებით, შესაძლებელი იყო ხელოვნების (ჭედური ხელოვნება და ხეზე კვეთა) მიმართულებითაც გაგრძელებულიყო … ქალიშვილი –  ნუნუ ჯაყელი  მორფოლოგიის ინსტიტუტის წარმატებული მეცნიერ-თანამშრომელი გახლდათ.

ბატონი ქრისტეფორე იყო არაჩვეულებრივი მეუღლე, მამა, ბაბუა, უფროსი კოლეგა და სტუდენტების საყვარელი ლექტორი. ამაგდარი პროფესორის  ღვაწლი თვალსაჩინოა და  მისი ხსოვნა დიდხანს დარჩება მისი აღზრდილებისა  და  ღვაწლის დამფასებელთა შორის.

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტი

 ბუნებათსარგებლობის გეოგრაფიის (ყოფილი ფიზიკური გეოგრაფიის) კათედრა

Facebook
Twitter
LinkedIn