ბრძოლა თანასწორობისა და განვითარებისთვის

თარიღი: 2022-12-13 19:17:01

ინტერვიუ ნატალია ჭამიაშვილთან

სულ რაღაც სამი წლის წინ შექმნილი ,,მოხალისეთა ჰაბი’’ ჩვენი რესპონდენტისა და მისი მეგობრების ძლიერმა მოტივაციამ და აქტიურმა შრომამ ქვეყნის ყველაზე დიდ ახალგაზრდულ ორგანიზაციად აქცია. ქალების კარიერული განვითარებისა და განათლების ხელშეწყობისთვის შექმნილი ჯგუფი W4W კი დღეს 70 000-მდე ქალისთვის საყვარელი და საიმედო სივრცეა.

ნატალია ჭამიაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და არაერთი ძალიან საინტერესო და წარმატებული პროექტის ავტორია.  ევროპისა და აშშ-ს უნივერსიტეტებში სწავლისას დაგროვილ ცოდნასა და შეძენილ უნარებს ნატალია თანასწორობისა და განვითარებისთვის ბრძოლაში იყენებს. 

– ნატალია, როგორ გახსენდებათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გატარებული წლები? რა არის მთავარი, რაც აქ ისწავლეთ?

– თსუ-ში გატარებული დრო ძალიან კარგად მახსენდება. ერთი მხრივ, ძალიან კარგ ლექტორებთან ურთიერთობის, სწავლისა და განვითარების საშუალება მქონდა. მეორე მხრივ, სწორედ უნივერსიტეტში გავიცანი საყვარელი ადამიანი.

როდესაც სტუდენტი გავხდი, არ ვიცოდი რისი კეთება მინდოდა. ჩავაბარე საერთაშორისო ურთიერთობებზე, რომელიც ბევრ დისციპლინას აერთიანებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვისწავლე, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რისი გაკეთება გინდა და რა გადაწყვეტილებას მიიღებ. მთავარია – შეძლო ამ გადაწყვეტილების გამართლება. ნებისმიერ გარემოში, ნებისმიერი საქმის კეთებისას აგროვებ გამოცდილებას, იძენ უნარებს და შეუძლებელია, ეს ყველაფერი დაიკარგოს.

რამდენად შეცვალა ევროპისა და აშშ-ს უნივერსიტეტებში გატარებულმა დრომ და მიღებულმა ცოდნამ თქვენი ცხოვრება, მიზნები და სამომავლო გეგმები?

– საერთაშორისო სტუდენტობა საოცარი გამოცდილებაა. ეს გაძლევს საშუალებას, შეიძინო საერთაშორისო მეგობრები, ჩაერთო საინტერესო აქტივობებში და ისწავლო ისეთი რაღაცები, რაც საქართველოში ხელმისაწვდომი არ არის. უნდა ითქვას, რომ ხშირად, როდესაც გაცვლით პროგრამებზე ვსაუბრობთ, ფიქრობენ, რომ საზღვარგარეთ ყველაფერი საუკეთესო დახვდებათ. ცხადია, საერთაშორისო სტუდენტობას თან ბევრი სირთულეც ახლავს. პირველად გიწევს საკუთარი ხარჯების კონტროლი, მუდმივად გენატრება საყვარელი ადამიანები და არ შეგიძლია – შინ დაბრუნდე მაშინ, როცა გინდა. სირთულეა უცხო ენაზე სწავლაც, თუმცა ჩამოთვლილი წინაღობები გაცილებით უმნიშვნელოა, ვიდრე ის სიკეთეები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლას მოაქვს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ყველა ეს სირთულე პიროვნულად გაძლიერებს და პროფესიონალად გაყალიბებს. საზღვარგარეთ მიღებულმა ცოდნამ მნიშვნელოვნად შეცვალა ჩემი გეგმები. თუ მანამდე ძალიან ვიწრო მიზნები მქონდა და თავდაჯერებულობა მაკლდა, შემდეგ გავაცნობიერე, რომ საერთაშორისო მასშტაბითაც შემიძლია ჩემი ცოდნისა და უნარების გამოყენება. შემიძლია დავამტკიცო, რომ რაღაც მნიშვნელოვანს ვაკეთებ, მიზნებიც გავაფართოო და არა მარტო საკუთარ თავზე ვკონცენტრირდე, არამედ ვიზრუნო იმ საზოგადოების განვითარებაზეც, რომელშიც ვცხოვრობ.

მოგვიყევით მოხალისეთა ჰაბზე – რა იყო ორგანიზაციის დაარსების მიზანდასახულობა და როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია მისი როლი ქვეყანაში მოხალისეობის კულტურის დანერგვის საქმეში?

– მოხალისეთა ჰაბის იდეა დაიბადა ამერიკაში, სადაც კოლეჯის ფარგლებში რამდენიმე საათი მოხალისეობრივად უნდა დამეფარა სხვადასხვა ორგანიზაციასა თუ საზოგადოებაში. მოხალისეობისას საშუალება მომეცა – კარგად გავცნობოდი ამერიკულ კულტურას, შევხვედროდი განსხვავებულ ადამიანებს, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. გარდა იმისა, რომ დროს საინტერესოდ ვატარებდი, ვამჩნევდი, რომ  ვიძენდი დასაქმებისთვის გამოსადეგ უნარებს. მაშინ გავიაზრე, რომ მსგავსი შესაძლებლობა ქართველი ახალგაზრდებისთვისაც ძალიან კარგი იქნებოდა – ერთი მხრივ, შეძლებდნენ ტრენინგების გავლას, სწავლას, სოციალური კავშირების გაფართოებას და, მეორე მხრივ, გააკეთებდნენ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს. მგონია, რომ მოხალისეთა ჰაბი საკმაოდ წარმატებული ინიციატივაა. 10 000-ზე მეტმა ადამიანმა უკვე მიიღო მოხალისეობრივი გამოცდილება ჩვენი ორგანიზაციის ფარგლებში. ვფარავთ მთელ საქართველოს. გვაქვს პროექტები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, გაცვლითი  და დასაქმების ხელშემწყობი პროგრამები, ტრენინგები და ა.შ. გარდა ამისა, რეგიონებში საფუძველი ჩავუყარეთ რამდენიმე ახალგაზრდულ ორგანიზაციას.

საიდან გაჩნდა W4W-ის დაარსების იდეა და როგორ იქცა მეგობრებთან ერთად შექმნილი  facebook ჯგუფი  ათიათასობით  ქალისთვის საყვარელ და საიმედო სივრცედ?

– W4W-ის შექმნის იდეა დაიბადა  ერთ-ერთ ფეისბუქ ჯგუფში, სადაც ქალი წერდა, რომ ოჯახის წევრები მასზე ძალადობდნენ. გადავწყვიტეთ, მისთვის დახმარება შეგვეთავაზებინა და მიგვეცა ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც მის გარშემო ბუნებრივად არსებობდა. შევთავაზეთ სამუშაო გამოცდილების მიღება, ენის შესწავლა, მოგზაურობა და ა.შ. ამ ადამიანის დასახმარებლად შექმნილი ჯგუფი თანდათან გაიზარდა. დავიწყეთ სხვა პროფესიონალების და იმ ქალების დამატება, რომლებსაც ასევე სჭირდებოდათ დახმარება. დღეს W4W  70 000-მდე ქალს აერთიანებს.

ჯგუფის მთავარი მიზანი საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციაა და ამას ქალების კარიერული და განათლების მიმართულებით გაძლიერებით ვცილობთ. მუდმივად ვაზიარებთ შესაძლებლობებს, გამოცდილებას და ცოდნას. გვაქვს ონლაინ ჩართვები, რომელთა საშუალებითაც ჯგუფის წევრებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ დაწერონ cv, სამოტივაციო წერილი, როგორ მოემზადონ გასაუბრებისთვის და ა.შ. სივრცეს ვუთმობთ ყველას, ვისაც სურს, რომ საკუთარი გამოცდილება გაგვიზიაროს.

რა არის მთავარი გამოწვევა თქვენთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელიც მუდმივად  გენდერულ  სტერეოტიპებს  ებრძვის?  რა  წინააღმდეგობებს  აწყდებით თანასწორობისთვის ბრძოლის გზაზე?

– მთავარი გამოწვევა ისაა, რომ საზოგადოებაში, რომელშიც ვცხოვრობთ, გენდერული სტერეოტიპები ნორმალიზებულია. ადამიანები საკუთარ თავს კითხვებს არ უსვამენ და მიყვებიან გზას, რომელსაც მათ გარშემომყოფები უჩვენებენ. საზოგადოება გვეუბნება, როგორ უნდა იყოს გადანაწილებული საქმე ქალსა და მამაკაცს შორის, სად უნდა საქმდებოდნენ ქალები და რამდენი უნდა ჰქონდეთ ანაზღაურება. ჩემი მთავარი მისია სწორედ ის მგონია, რომ ადამიანებს მნიშვნელოვანი პერსპექტივები დავანახო, რათა შემდეგ თავად გადაწყვიტონ, რა არის ჭეშმარიტება, დასვან შეკითხვები და დასკვნამდე მხოლოდ პასუხების მიღების შემდეგ მივიდნენ. საქართველოში გენდერული თანასწორობისთვის მებრძოლთათვის არც ისე სასიამოვნო გარემოა. არის სიტყვები, რომლებიც პრაქტიკულად დემონიზებულია, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, ფემინიზმი. ამგვარ გარემოში მშვიდობიანად საქმიანობა ძალიან რთულია, თუმცა, საბედნიეროდ, თანამოაზრეები და თანამებრძოლები ერთმანეთს ვაძლიერებთ. მთავარი ისაა, რომ ცვლილებებს ვხედავთ და ეს უდიდეს მოტივაციას გვაძლევს.

რას გვეტყვით თქვენს კომერციულ ინიციატივა „ ასისტენტზე“? რას სთავაზობთ მომხმარებლებს? რამდენად წარმატებულია პროექტი?

– ასისტენტი კომერციული ინიციატივაა. მისი შექმნის მიზანი იმ ადამიანების საქმიანობის დაფასებაა, რომლებიც W4W-ისა და მოხალისეთა ჰაბის ფარგლებში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უამრავ კარგ საქმეს მოხალისეობრივად აკეთებდნენ. ამ დროის განმავლობაში ისინი პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ. აქამდე კარიერული კონსულტაციის მიმართულებით საქართველოში ხარისხიანი სერვისები არ გვქონდა. ახლა ამ სერვისების განვითარებაზე ვმუშაობთ.

ასისტენტის მიზანი იმ ადამიანების დახმარებაა, რომლებიც თავს დაკარგულად გრძნობენ, ვერ ახერხებენ გეგმების შედგენას, არ აქვთ საჭირო ინფორმაცია და შფოთავენ კარიერულ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების გამო. ჩვენ მათი ასისტენტის როლს ვასრულებთ და ვაგვარებთ ყველა იმ პრობლემას, რომელთა მოგვარებაც შესაძლებელია. ვფარავთ ყველა მიმართულებას, რომელიც უკავშირდება განათლებას და კარიერულ განვითარებას. ვიკვლევთ, ვიძიებთ ვაკანსიებს და ვაანალიზებთ მათ, ვეძებთ გაცვლით პროგრამებს და ვარგებთ მათ კონკრეტულ კანდიდატებს. ჩვენი ექსპერტები არიან სერიოზული პროგრამების კურსდამთავრებულები და სტიპენდიატები. ზოგიერთი მათგანი სხვადასხვა პროგრამის შერჩევის კომისიის წევრია. ამჟამად ვმუშაობთ, რომ ასისტენტს დაემატოს ტრენინგ-კურსები.  ციფრულ სფეროში რამდენიმე სალექციო კურსის შედგენა გვინდა და ტრენერებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ასევე, ასისტენტს ემატება ენის კურსები იმ ადამიანებისთვის, ვისაც ამ მიმართულებით სურს განვითარება.

როგორც ნატალია გვეუბნება, ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებისა და მათი სოციალური ქსელების უტილიზაციის მიმართულებით მუშაობას არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში იწყებს. გარდა ამისა, გენდერის საკითხებზე სალექციო კურსს რამდენიმე უნივერსიტეტში წაიკითხავს. ,,მოხალისეთა ჰაბი’’, W4W და ,,ასისტენტი’’ ჩვეულ საქმიანობას განაგრძობს და უამრავ ადამიანს განათლების მიღებასა და კარიერულ განვითარებაში ეხმარება.

თამთა ძველაია

თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის

ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულების სტუდენტი



Facebook
Twitter
LinkedIn