ქალების დიდი წვლილი მეცნიერებაში

თარიღი: 2024-03-13 12:38:14

არ არსებობს დარგი, რომლის განვითარებაშიც ქალებმა უდიდესი წვლილი არ შეიტანეს. ქალები არიან სწორედ საზოგადოების ის მნიშვნელოვანი წევრები, რომლებიც დღემდე თანასწორ ჭაპანს სწევენ მეცნიერებასა და სხვა საზოგადოებრივ საქმიანობაში,  დამატებით კი საკუთარი მხრებით ეზიდებიან ოჯახის, შვილის გაჩენის და დედობის სირთულეებს. ასე მოვიდნენ აქამდე – ჭკვიანები, ძლიერები და უამრავი სირთულეების გადამტანნი, როგორც პროფესიონალები, კვალიფიციურები და სამეცნიერო საქმეში წარმატებულები.

ქართული სამეცნიერო საზოგადოება არაერთი ქალი მეცნიერით ამაყობს, მათ შორის, იყვნენ და არიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და მეცნიერ-მკვლევარი ქალები, რომლებსაც მსოფლიო  ასპარეზზე გააქვთ საქართველოს სახელი. ამ სახელებს რომ უყურებ და მათ საქმიანობას თვალს გაადევნებ, კიდევ ერთხელ რწმუნდები, რომ დიახ, მეცნიერება ქალების საქმეცაა!

მანანა ხაჩიძე, თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა მიმართულების პროფესორი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის  მიერ 2022 წელს დასახელებული  „საუკეთესო ქალი მეცნიერი“:

– 1987 წლიდან იწყება ჩემი მოღვაწეობა მეცნიერებაში, თანაც ისეთ სფეროში, რომელიც, რატომღაც, „არაქალურ“ სფეროდ (თანამედროვე ტერმინოლოგიით ICT „საინფორმაციო -საკომუნიკაციო ტექნოლოგიები“) ითვლება. სიმართლე გითხრათ, ამ ხნის განმავლობაში არ მიგრძნია, რომ რაიმე წინააღმდეგობა შემხვედროდა როგორც ქალს. სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მანქანური ინტელექტის პრობლემების განყოფილებაში, რომელსაც დიდი მეცნიერი ვლადიმერ ჭავჭანიძე ხელმძღვანელობდა, უმრავლესობა ქალი ვიყავით და ახლაც კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის თანამშრომელთა ნახევარი ქალია. ასევე აღვნიშნავ, რომ თსუ IT დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქალია. აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა) მიმართულების ICT ქვემიმართულებით მეცნიერების განვითარებაში თსუ-ს წვლილი თანაბრად ეკუთვნის როგორც კაცებს, ასევე ქალებს.

STEM სფეროში მსოფლიო დონეზე ქალი მეცნიერების კვალი უზარმაზარი და მნიშვნელოვანია. რამდენიმე მაგალითი: მარი კიური (ვარშავა, 1867-1934) – გამოირჩევა არა მხოლოდ ფიზიკასა და ქიმიაში შეტანილი წვლილით, არამედ მედიცინაში რადიოაქტიურობის გამოყენების პიონერად ითვლება (ნობელის პრემიის ორგზის ლაურეატი); შირლი ენ ჯექსონი (ვაშინგტონი, DC, 1946) – პირველი პიონერული სამუშაო ნაწილაკების ფიზიკის კვლევაში, რამაც ხელი შეუწყო სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიის განვითარებას, საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ტექნოლოგიებს – მობილური ტელეკომუნიკაციებიდან ოპტიკურ ბოჭკოებამდე;  ადა ლავლეისი (ლონდონი, 1815-1852) – მე-19 საუკუნის ბრიტანელი მათემატიკოსი, ითვლება პირველ კომპიუტერულ პროგრამისტად. მისმა ხედვამ მანქანების პოტენციალის შესახებ საფუძველი შეუქმნა თანამედროვე გამოთვლების განვითარებას. მარგარეტ ჰამილტონი (ინდიანა, 1936)  – მონაწილეობდა Apollo 11 მისიაში.

მსოფლიოში დამკვიდრებული სტერეოტიპი ქალებზე STEM მიმართულების მეცნიერებებში ადგილის შესახებ მეტწილად სოციალური ფაქტორებითაა გამოწვეული. ჩემი აზრით, ისტორიულად ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პრობლემა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში უფრო მწვავედ იგრძნობოდა და იგრძნობა, ვიდრე საქართველოში. ქალი და მეცნიერება ნაკლებად საინტერესოა დღესდღეობით ახალგაზრდებისათვის, რამეთუ ერთ-ერთი დაბალანაზღაურებადი სფეროა საქართველოში. დიდი პოტენციალის მქონე ახალგაზრდები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მეცნიერებით, წარმატებით აგრძელებენ მოღვაწეობას უცხოეთში. ეს კი ქმნის კადრების დეფიციტს გენდერული ნიშნის გარეშეც. ვშიშობ, მალე ქალი მეცნიერებაში და, ზოგადად, ახალგაზრდა მეცნიერებაში დიდი  იშვიათობა იქნება საქართველოში.

პესიმისტურად გამომივიდა – ამჟამად მყავს ორი დოქტორანტი გოგონა, მსურველებიც არიან….

ყველა ქალბატონს ვულოცავ დღესასწაულს, განურჩევლად იმისა, მოსწონს თუ არა მეცნიერება!

. . .

ირინე ქურდაძე, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი:

– ქალთა საერთაშორისო დღეს მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ქალების დიდი წვლილი მეცნიერებაში.  მიუხედავად თვალსაჩინო მიღწევებისა (ცნობილია, რომ ნობელის პრემიის ლაურეატებს  შორის 64 ქალია),  ასევე კარგად არის ცნობილი, რომ ქალი მეცნიერები ჯერ კიდევ დგანან სხვადასხვა გამოწვევის წინაშე. კვლევები აჩვენებს, რომ მსოფლიოს მასშტაბით სისტემური ბარიერები ხელს უშლის ქალებს კვლევაზე ორიენტირებული კარიერის შექმნაში, ხოლო გენდერული უთანასწორობა არსებობს დასაქმების, აკადემიური დაწინაურების და დაფინანსების შესაძლებლობების ხელმისაწვდომობის კუთხით.

გაეროს მიერ 2015 წელს მიღებული 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs) მიმართულია მეცნიერებაში ქალთა და გოგონების მდგრადობის ხელშეწყობაზე, რაც ერთ-ერთ სტრატეგიულ გამოწვევას წარმოადგენს. მდგრადი განვითარების მიზნები მოქმედებს როგორც გეგმა ყველა ქვეყნის მდგრადი მომავლის მისაღწევად, ვინაიდან  მეცნიერებაში თანასწორობას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციისთვის. მნიშვნელოვანია მომავალი ქალი მეცნიერების გაძლიერება გოგონების მხარდაჭერითა და წახალისებით ამ სფეროში.

საქართველომ მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად ეროვნული დოკუმენტი მოამზადა, რომელშიც მისი კომპლექსურობის გათვალისწინებით, სამთავრობო, არასამთავრობო, კერძო, აკადემიური და საერთაშორისო ორგანიზაციების მჭიდრო თანამშრომლობისა და აქტიური მუშაობის შედეგად, თითოეული სექტორული ამოცანის შესრულება გაიწერა და დადგინდა 200-მდე ინდიკატორი. დოკუმენტის საფუძველზე ინსტრუმენტებისა და მექანიზმების შექმნა მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში საქართველოს წინსვლის ერთ-ერთი  გარანტიაა, რაც კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს ქალი მეცნიერების წარმოჩენას, როგორც ეროვნულ, ასევე,  საერთაშორისო ასპარეზზე.

მაკო გოგილაშვილი, თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი:

– მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ქალი მეცნიერი მარი კიური წერდა: „მასწავლეს, რომ გზა პროგრესისკენ არც სწრაფია და არც მარტივი“. ქალი წარმოადგენს იმ უდიდეს რესურსს, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია მეცნიერების, ტექნოლოგიების და პოლიტიკის განვითარების მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ ქალად ყოფნა მუდმივი გამოწვევებისა   და   საპასუხისმგებლო ქმედებების ფართო სპექტრს მოიცავს, ამ ერთი შეხედვით, სუსტ არსებებს  იმაზე მეტი ძალა და რესურსი გაგვაჩნია,  ვიდრე რომელიმე სხვას სამყაროში….

ყველა დროის უდიდეს მეცნიერებს შორის  მრავლად არიან ქალები და მათ  არა მხოლოდ  უმნიშვნელოვანესი აღმოჩენები ეკუთვნით, არამედ  ზოგიერთი მათგანის ღვაწლმა სამუდამოდ შეცვალა  ზოგადად მსოფლიოც.

სამეცნიერო საზოგადოების განვითარებაში, გენდერული დისკრიმინაციის მიუხედავად,  არაერთმა ქალმა შეიტანა წვლილი;  ყველაზე პირველი, ვინც მახსენდება, ელის ბოლია,  პირველი აფროამერიკელი ქალი, რომელმაც მაგისტრის ხარისხი მოიპოვა და კეთრის მკურნალობის ახალი მეთოდი გამოიგონა,  ასევე, გრეის ჰოპერი  – ქალი, რომელიც იყო ჰარვარდის Mark I კომპიუტერის ერთ-ერთი პირველი პროგრამისტი… ასეთი ქალები იძლევიან სტიმულს სხვა ქალებისთვის, რომ ვიყოთ წარმატებულნი ყველა და, მათ შორის, მეცნიერების სფეროშიც.

ამბობენ, რომ მარტი ქალების თვეა… ყველა ქალს ვუსურვებ კიდევ უფრო მეტ წარმატებას, თავის დამკვიდრებას სამეცნიერო სფეროში  და დიდი მიზნებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს.

 თამარ პაიჭაძე, ფილოლოგიის დოქტორი, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი:

-აკადემიურ სივრცეში ყოფნა, მუშაობა, მასთან შეთავსება, დამკვიდრება და ბოლოს შედეგის წარმოჩენა ფრიად სპეციკურია, რთული და მრავალი მნიშვნელობით განისაზღვრება. ამ მიდგომებში არ იგულისხმება ხაზგასმით ქალი თუ მამაკაცი, რადგან, ვფიქრობ, ეს გარემო ორივესთვის თანაბარმნიშვნელოვნად მომთხოვნია.  ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო მძაფრია, თუკი სამოქალაქო   საზოგადოების პოზიციასაც გავითვალისწინებთ აკადემიური სექტორის მიმართ, რაც გულისხმობს აკადემიური პერსონალის ელიტარულ საზოგადოებად აღქმას და განსაკუთრებულ ყურადღებას მათი აზრებისა და პოზიციების მიმართ. ეს ყოველივე კი არის ერთგვარი გამოწვევა აკადემიურ სივრცეში მომუშავე ადამიანისთვის, რომ მისი აზრები, შეხედულებები, ცოდნა და უნარები იყოს პასუხი ამ მოთხოვნებზე. აქვე უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ თანამედროვე  საზოგადოებას/აუდიტორიას საკმაოდ პრინციპული და კონკრეტული შეფასების კრიტერიუმები აქვს ამ საზოგადოების სამეცნიერო, კვლევით თუ სასწავლო პროცესების მიმართ. სწორედ აქედან უნდა განისაზღვროს აკადემიურ სივრცეშო პიროვნების როლი და ადგილი, მისი მიღებისა და დაფასების ხარისხი.   მიუხედავად იმისა, რომ აკადემიური სივრცე/სექტორი ერთ კრებსით და თავსებად   ცნებად მოიაზრება,  დღევანდელ რეალობაში ის სხვადასხვა ხასიათის, ფორმისა და სპეციფიკის სექტორებად აგრძელებს მუშაობას    და შესაბამისად, ალბათ, განსხვავებულია ამ გარემოში მოღვაწეთა საქმიანობისა და მისი შდეგების შეფასების ხარისხი. მიუხედავად აღნიშნელი თანაბარმნიშვნელოვანი გამოწვევისა (ქალი და მამაკაცი), ქალი თავისთავადი სუბიექტია აკადემიურ გარემოში და მისი ინტუიტიური ფსიქოლოგიით გარკვეულ პოზიტიურ შედეგსაც განაპირობებს.

მაგრამ როგორია მისადმი უკუგება? რამდენად არის ქალი დაფასებული ამ გარემოში?

ვფიქრობ, ასეთი კითხვის დასმა არ უნდა გულისხმობდეს შეღავათიან პოზიციას (ინდულგენციას) ქალისა და მისი საქმიანობისადმი.

აკადემიურ სივრცეში მუშაობა არის არცთუ ხანმოკლე პროცესი, სადაც ადამიანი დებს საკუთარ აზრებს, შეხედულებებს, პოზიციას, ინტელექტს და დროს. შეფასებანი კი ცენზობრივი და წოდებრივი საფეხურებებითაც   განისაზღვრება,  მატერიალური მიდგომებითაც და  ადამიანური რესურსებითაც. უნდა ითქვას, რომ უკანასკნელი ალბათ ყველაზე უშუალოა და მართალი, რადგან ეს დაფასება და რეაქცია შედგება აუდიტორიის, რეციპიენტის, სტუდენტის, კოლეგის დამოკიდებულებებისგან და განსაკუთრებით ძვირფასია.

რაც შეეხება დაფასების სხვა აღნიშნული  გამოხატულების ფორმებსა და კრიტერიუმებს, ჯერ დასახვეწია, რადგან აკადემიური სექტორის წარმომადგენელთა მიმართ ხარისხობრივი და ადმისიტრაციული მიდგომები აშკარად დროის შესადაგის მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს, რისი მაგალითიც აშკარადაა ჩვენი საზღვარგარეთელი კოლეგების აკადემიური ყოფა.

ამ შეხედულებების ფონზე განსაკუთრებულად იკვეთება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც ყოველთვის იყო აკადემიური ცხოვრების   ასპარეზი,  ხოლო მისი პოლიტიკა აკადემიური პერონალისათვის შესაბამისი სამუშაო გარემოს შექმნა და მისი დაფასება. ეს ტენდენცია მიმდინარე პერიოდში იკვეთება და ვიმედოვნებთ, რომ მეტად სრულყოფილი და მიზანმიმართული იქნება.

ეთერ ხარაიშვილი, პროფესორი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მიკროეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელი

21-ე საუკუნის სირთულეები და გლობალური გამოწვევები პრობლემების გადაჭრისადმი ჰოლისტიკურ  მიდგომებს და განვითარების ახალი პერსპექტივების გამოვლენას მოითხოვს.  ასეთ პირობებში არსებითია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში,  განსაკუთრებით მეცნიერებაში, როგორც მამაკაცების, ასევე, ქალების მხრიდან თანაბარი წვლილის შეტანა.   

მიუხედავად გარკვეული პროგრესისა,  დღეს  მეცნიერებაში გენდერული უთანასწორობაა – ყოველი სამი მეცნიერიდან  მხოლოდ ერთია  ქალი. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ  მრავალ ქვეყანაში, მეცნიერების მრავალ დარგში,  წარმატებით მიმდინარეობს გენდერული სტერეოტიპების დემონტაჟი.

მეცნიერებაში გენდერული თანასწორობის მიღწევის გზა გამოწვევების გარეშე არ არის საქართველოშიც,  მაგრამ ეს არის გზა, რომლის გატარებაც ღირს. ბოლო პერიოდის სტატისტიკური მონაცემებითაც დასტურდება, რომ  სულ უფრო მეტი ქალი შემოდის სამეცნიერო ასპარეზზე და იზრდება მათი როლი სამეცნიერო კვლევებსა და  მართვაში. თავიანთი საქმიანობის თვალსაჩინო პროგრესით,  მეცნიერებისკენ მიმავალი გზების ბარიერებთან და სტერეოტიპებთან დაპირისპირებით,  მიკერძოებებთან, ღრმად ფესვგადგმულ სოციალურ ნორმებთან და ნეგატიურ მოლოდინებთან ბრძოლით  ქალბატონებმა დაამტკიცეს, რომ  მამაკაცებთან ერთად მეცნიერება ქალის საქმეც არის.

ინეზა გაგნიძე, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი

თანამედროვე მსოფლიოსთვის დამახასიათებელია განვითარების ძალიან სწრაფი ტემპი. მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა კვლევის საფუძველზე დაადგინა, რომ ციფრულ ეპოქაში დასაქმებისთვის უპირველესი მოთხოვნა ანალიტიკური აზროვნების უნარი იქნება. მეორე მხრივ, ცნობილია, რომ ქალებს მამაკაცებთან შედარებით ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით შეუძლიათ აზროვნება. ინტერნეტ-სივრცეში მრავალი სტატიის მოძიება შეიძლება, რომელიც ქალისა და მამაკაცის აზროვნების სტილს აშუქებენ. როგორც აღნიშნულია ერთ-ერთ მათგანში – „დანიელმა მკვლევარმა, ბერტ პაკენბერგმა გაარკვია, რომ მამაკაცის ტვინში ოთხი მილიონი უჯრედით მეტია, მაგრამ ტესტირების დროს ქალები 3%-ით უკეთეს შედეგებს აჩვენებენ. აღმოჩნდა, რომ ამაში ,,დამნაშავეა“ ე.წ. ტვინოვანი ქსოვილი, რომელიც ერთგვარი „სადენის“ როლს ასრულებს თავის ტვინის მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროებს შორის. პროფესორ ზ. კოკაიას სტატიაშიც იგივე ამოვიკითხეთ, რომ „ქალებს ტვინის მარცხენა და მარჯვენა ნახევრებს შორის ინფორმაციის გაცვლა უფრო ადვილად შეუძლიათ“. მეცნიერებაში ქალთა წარმატება ახალი არაა, თუ გავიხსენებთ მარი სკლოდოვსკა-კიურს, რომელმაც ნობელის ორი პრემია მიიღო ორ სხვადასხვა სფეროში, კერძოდ, ფიზიკასა და ქიმიაში. მომავალში ხელოვნური ინტელექტი მარტივ და განმეორებად საქმიანობას ყველგან ჩაანაცვლებს, შესაბამისად ქალის განსხვავებული აზროვნების სტილი ყველა სფეროში მოთხოვნადი გახდება. აღნიშნულის მიზეზია ისიც, რომ წარმატებული კომპანიები მმართველ რგოლში ბოლო პერიოდში ქალების ჩართულობას დიდ ყურადღებას აქცევენ. ანალოგიურადაა მეცნიერებაშიც, ვინაიდან პრობლემების გადაწყვეტას ინტერდისციპლინური ხედვა, რაციონალურობა და თანმიმდევრულობა ესაჭიროება. შესაბამისად, ერთდროულად მრავალი მიმართულებით საკითხის გააზრების აუცილებლობა ქალებს მეცნიერებაშიც ახალ და დიდ ასპარეზს გაუხსნის.

Facebook
Twitter
LinkedIn