გოგიტა პაპალაშვილი სამეცნიერო საქმიანობას იტალიის ქალაქ ბარის უნივერსიტეტში განაგრძობს

თარიღი: 2023-07-26 18:03:43

სულ ცოტა ხნის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიდევ ერთმა დოქტორანტმა მოიპოვა წარმატება – გოგიტა პაპალაშვილი, რომელიც ნაწილაკების ფიზიკის მიმართულებით მუშაობს და დისერტაციის დაცვისთვისაც მზადაა, იტალიაში, ბარის უნივერსიტეტში დაიკავებს პოსტდოქტორის პოზიციას.

გოგიტა საერთაშორისო ასპარეზზე უკვე ცნობილია, როგორ პერსპექტიული მკვლევარი და მეცნიერი. ის 2019 წლიდან მუშაობს  KM3NeT- სერთაშორისო ექსპერიმენტში, რომელშიც იგი მისმა სამეცნიერო ხელმძღვანელმა თსუ ასოცირებულმა პროფესორმა, მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა რევაზ შანიძემ ჩართო.

„KM3NeT საერთაშორისო თანამშრომლობა აშენებს დეტექტორს ნეიტრინოების დასაფიქსირებლად და ის შენდება ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე, 2,3-3,5 კმ-ის სიღრმეზე. ჩემი სადისერტაციო ნაშრომი ეხება ფუნდამენტური ნაწილაკის – მიონის დაფიქსირებას ჩვენს ექსპერიმენტში და მიონების ნაკადის აღდგენას ზღვის სიღრმეზე. მიუხედავად იმისა, რომ მიონები წარმოიქმნება ატმოსფეროს ზედა შრეებში, ისინი მაინც აღწევენ დედამიწის ზედაპირს და ზღვის სიღრმეებსაც. ჩემი მიზანი იყო ამ მიონების ნაკადის გაზომვა დეტექტორის სიგრძეზე“, – ასე ორი სიტყვით აგვიხსნა გოგიტამ სადისერტაციო ნაშრომის თემატიკა, თუმცა, რეალურად კვლევა, რომელსაც ის აწარმოებს, ურთულესია და დიდ ყურადღებასაც იმსახურებს.

ეს რომ ასეა, მისმა სამეცნიერო ხელმძღვანელმა, ბატონმა რევაზ შანიძემაც დაგვიდასტურა და გვითხრა, რომ გოგიტა პაპალაშვილი თავისი პასუხისმგებლობისა და მეცნიერისთვის დამახასიათებელი  დეტალური ანალიზის უნარით კარგა ხანია ყურადღების ცენტრშია: „KM3NeT რთული ექსპერიმენტია. დეტექტორის მშენებლობა 2018 წელს დავიწყეთ და გოგიტა იყო პირველი დოქტორანტი ამ პროექტში, ვის ზურგზეც, ფაქტობრივად,  გაიარა ამ ჯგუფის ჩამოყალიბებამ. საქმე ისაა, რომ ჩვენ თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტში უნდა შეგვექმნა იმის მსგავსი ინფრასტრუქტურა, რომელიც ამ კოლაბორაციაში მონაწილე წამყვან უნივერსიტეტებში არის. ეს ძირითადად კომპიუტერული ინფრასტრუქტურაა, რომლის მეშვეობითაც შევძლებდით, მონაცემების დამუშავებას. გოგიტამ  ძალიან წარმატებით გაართვა თავი ამ ამოცანას და შეიქმნა მონაცემების დამუშავების ცენტრი. ამას მოყვა ის, რომ სხვა დოქტორანტები და სტუდენტებიც დაინტერესდნენ და ამ ცენტრის დახმარებით რამდენიმე სამაგისტრო და საბაკალავრო ნაშრომიცაა დაცული. სისტემა, რომელიც გოგიტამ შექმნა, გამოიყენება სხვაგანაც, მაგალითად, ნაწილაკების ფიზიკის და გამოყენების ფიზიკის ერთ-ერთ მიმართულებაზე – „სამედიცინო ფიზიკა და რადიაციული უსაფრთხოება”. გარდა ამისა, ჩვენ ამ პროექტზე მივიღეთ რუსთაველის ფონდის ორი გრანტი, რომლითაც  შევიძინეთ ძვირადღირებული კომპიუტერული ტექნიკა და დავაყენეთ ყველა სპეციალური პროგრამა, რაც საჭიროა ამ კოლაბორაციისთვის. ბევრი ადამიანი მუშაობს ამ სერვერზე და ეს გოგიტას დამსახურებაა“, – გვითხრა რევაზ შანიძემ.

გოგიტა პაპალაშვილს კოლაბორაციაში კარგად იცნობენ. ის რამდენჯერმე იმყოფებოდა  სამეცნიერო მივლინებით საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიასა და პოლონეთში. გარდა იმისა, რომ სწორედ ის უძღვებოდა 2019 წელს თსუ-ში ჩატარებული კოლაბორაციის კონფერენციის კომპიუტერულ უზრუნველყოფას,  სამ მორიგეობაში მიიღო მონაწილეობა ექსპერიმენტში, რაც იმის მაჩვენებელია, რომ მას უკვე შეუძლია ჯგუფის ხელმძღვანელიც გახდეს. „კარგია, რომ ამ ნიჭიერ ახალგაზრდებს მარტო ჩვენ არ ვამჩნევთ და ამას უცხოელებიც ხედავენ. სწორედ ამის მაჩვენებელია ის წარმატება, რასაც გოგიტამ მიაღწია –  ჩვენს კოლეგებს ბარის უნივერსიტეტში ჰქონდათ ორწლიანი პოსტდოკის პოზიცია და დაინტერესდნენ, რომ ქართველი სტუდენტი მისულიყო მათთან სამუშაოდ. შეირჩა გოგიტა პაპალაშვილის კანდიდატურა, რაც მისთვის და ჩვენთვისაც ძალზე სასიხარულო სიახლეა“, – გვითხრა რევაზ შანიძემ.  

დისერტაციის წინასწარი დაცვა უკვე დასრულებულია, რამდენიმე კვირაში გოგიტა პაპალაშვილი უკვე დოქტორის სტატუსით ეწვევა იტალიის ქალაქ ბარს, სადაც კიდევ ერთხელ შეეცდება საკუთარი ქვეყნის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალი წარმოაჩინოს.  

Facebook
Twitter
LinkedIn