თსუ-ის დოქტორანტი ომარ მთივლიშვილი პოსტ-კონფლიქტური სამართლის თემაზე მუშაობს

თარიღი: 2022-10-05 21:18:14

პოსტ-კონფლიქტური სამართლის ძირითადი ასპექტების შეფასება და მასთან დაკავშირებული ბუნდოვანებების წინა პლანზე წამოწევა – ამ მიზანს ისახავს თსუ-ის დოქტორანტის, ომარ მთივლიშვილის კვლევა, რამაც, მისი თქმით, პასუხი უნდა გასცეს არაერთ სამართლებრივ საკითხს, რომლებიც უკავშირდება შეიარაღებული კონფლიქტის შემდგომ მშვიდობის დამყარებასა და შენარჩუნებას. საბოლოო ნაშრომის სახით შემდგარი კვლევა გახდება ქართულენოვანი დამხმარე რესურსი, რომელსაც გამოიყენებენ, ზოგადად, საერთაშორისო სამართლით და, კონკრეტულად, პოსტ-კონფლიქტური სამართლით დაინტერესებული მკვლევრები და სტუდენტები.

„ვიმედოვნებ, რომ კვლევის წარმატებით დასრულების შედეგად მივიღებთ მოცულობით ქართულენოვან ნაშრომს, რომელიც ამომწურავად დაფარავს საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ აქტუალურ საკითხს. ამდენად, გარკვეული წვლილი შევა საერთაშორისო სამართლის ქართულენოვანი ლიტერატურის შექმნაში, რომელიც ჯერ კიდევ საკმაოდ მწირია.

პრაქტიკული დანიშნულების თვალსაზრისით, კვლევა დიდ სამსახურს გაუწევს საერთაშორისო სამართლით დაინტერესებულ მეცნიერებსა და სტუდენტებს. ნაშრომი მათ შესაძლებლობას მისცემს გაეცნონ საერთაშორისო პოსტ-კონფლიქტური სამართლის განვითარების ეტაპებსა და მის კავშირს საერთაშორისო საჯარო სამართლის სხვადასხვა დარგთან. ეს ხელს შეუწყობს საერთაშორისო სამართლის ახალი დარგის – პოსტ-კონფლიქტური სამართლის – პოპულარიზაციას“, – ამბობს იგი.

ომარ მთივლიშვილი სამართლის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი საერთაშორისო სამართლის განხრით წელს გახდა. მისი სადოქტორო კვლევის ხელმძღვანელი გახლავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი ირინე ქურდაძე. საკვლევი თემის სათაურია „საერთაშორისო სამართლებრივი რეჟიმის გარდაქმნის პროცესი შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების შემდგომ და პოსტ-კონფლიქტური სამართლის (jus post bellum) როლი მშვიდობის დამყარებასა და შენარჩუნებაში“.

ომარ მთივლიშვილი ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის პერიოდში ინტერესდებოდა ისეთი საკითხებით, როგორებიცაა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე არსებული რთული და გაუთვალისწინებელი გამოწვევები, სახელმწიფოთა შორის დავების წარმოშობის საფუძვლები და მათი მოგვარების მშვიდობიანი გზები, საერთაშორისო დონეზე დამნაშავეთა პასუხისგება და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, საერთაშორისო ორგანიზაციების როლი გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში. სწორედ ამ ინტერესმა განაპირობა მომავალი პროფესიის არჩევაც – 2014 წელს, როდესაც წარჩინებით (ოქროს მედლით) დაამთავრა თბილისის 122-ე საჯარო სკოლა, უკვე საბოლოოდ ჰქონდა ჩამოყალიბებული, თუ რა უნდა ეკეთებინა სამომავლოდ. იმავე წელს ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე სახელმწიფო დაფინანსებით.

ასე დაიწყო ომარ მთივლიშვილის მჭიდრო და მრავალწლიანი ურთიერთობა სამართალმცოდნეობასთან. იმდენად გაცნობიერებული ჰქონდა პროფესიული არჩევანი, რომ სტუდენტობის პერიოდიდან აქტიურად მონაწილეობდა საფაკულტეტო, საუნივერსიტეტო და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. მთლიანობაში, იგი მოხსენებით წარსდგა სამართლის სხვადასხვა დარგში გამართულ ოცზე მეტ სამეცნიერო კონფერენციაზე.

„კონფერენციებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი გამოდგა 2017 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული სტუდენტთა 77-ე საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც პირველი საპრიზო ადგილი მომენიჭა. ჩემი საკვლევი თემა აღნიშნულ კონფერენციაზე იყო „ჰუმანიტარული ინტერვენცია – ადამიანის უფლებათა დაცვის უკიდურესი მექანიზმი თუ საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების დარღვევა?“ – იხსენებს ომარი.

სტუდენტობის პერიოდში ის აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა იმიტირებულ პროცესსა თუ შეჯიბრში. თავად განსაკუთრებით გამოყოფს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შესახებ იმიტირებულ სასამართლო პროცესსა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ეროვნულ შეჯიბრში მონაწილეობას, რომელმაც ბევრი უნარ-ჩვევა შესძინა.

სამაგისტრო პროგრამის შერჩევაზე დიდხანს არ უფიქრია, რადგან მისი საკონფერენციო თემები და ინტერესები ყოველთვის  საერთაშორისო, საჯარო, სისხლის და კერძო სამართლის არაერთ აქტუალურ საკითხს ეხებოდა, სწავლაც თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე განაგრძო. ახლა ამბობს, რომ მაგისტრატურაში სწავლის პროცესში პროფესიონალი იურისტისათვის აუცილებელი და საჭირო პრაქტიკული გამოცდილება მიიღო, რაც დაეხმარა საკუთარი ადგილი ეპოვნა სპეციალობაში. სამაგისტრო ნაშრომი მოამზადა და დაიცვა თემაზე „შეიარაღებული კონფლიქტის რობოტიზაცია ავტონომიური იარაღის სისტემის გამოყენებით: კაცობრიობის დაცვის თანამედროვე მეთოდი თუ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა?“.

რაც შეეხება საუნივერსიტეტო სწავლის სხვადასხვა საფეხურზე დაგროვილი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გამოყენებას, ომარ მთივლიშვილი ამასაც ადრეული წლებიდან ახერხებდა – სტუდენტობის პერიოდში სტაჟირება გაიარა ისეთ საჯარო უწყებებში, როგორებიცაა საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგეგმო-საფინანსო დეპარტამენტი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტი.

2017 წელს იგი იყო ჟურნალ „თსუ სამართლის მიმოხილვის“ ერთ-ერთი რედაქტორი აკადემიური წერის მიმართულებით. 2017-2018 წლებში ეკავა დირექტორთა საბჭოს წევრისა და აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობები ა/ო საქართველოს ახალგაზრდა იურისტ მკვლევართა ცენტრში. ის 2019 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს საერთაშორისო სამართლებრივ განყოფილებაში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.

ცნობისთვის: სანამ ომარ მთივლიშვილს დოქტორის აკადემიურ ხარისხს მიანიჭებენ, ომარი პედაგოგიურ საქმიანობაშიც ცდის ბედს –  2021-2022 სასწავლო წლების გაზაფხულის სემესტრიდან ის უკვე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორია.

Facebook
Twitter
LinkedIn