უნივერსიტეტის ჯილდო ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისთვის

თარიღი: 2024-02-16 13:18:13

15 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ნინო (ნუნუ) მინდაძე უნივერსიტეტის მედლით დააჯილდოვა.

ნუნუ მინდაძის სახელი ეთნოლოგების სამეცნიერო საზოგადოებაში კარგადაა ცნობილი – მან ღირსეულად განაგრძო ქართული ეთნოლოგიური სკოლის ფუძემდებლების, აკადემიკოს გიორგი ჩიტაიასა და პროფესორ ვერა ბარდაველიძის საქმე და დღემდე მათ მოსწავლედ მიიჩნევს თავს. ნუნუ მინდაძის  საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციების თემები:  “აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა ხალხური მედიცინა (ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით)” (1977წ.) და  “ქართული ხალხური სამედიცინო კულტურა” ( 2000წ.) იმთავითვე მოექცა ცნობილ ეთნოლოგთა ყურადღების ცენტრში.  ხოლო მისი ავტორობით გამოცემული ნაშრომები:  ქართული ხალხური სამედიცინო ტრადიციები“ ( 2005 წ) და „ქართული ხალხური მედიცინა: აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით“ (1981წ.)  კარგა ხანია ისტორიკოსთა, ეთნოლოგთა და ხალხური მედიცინით დაინტერესებულ პირთათვის სამაგიდო წიგნადაა ქცეული.

ნუნუ მინდაძეს უნივერსიტეტის მედალი გადაეცა ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისთვის, 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით.

დაჯილდოების ღონისძიებაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ ნუნუ მინდაძის სამეცნიერო ღვაწლზე, მის ნაშრომებზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა ქვეყნისთვის და უნივერსიტეტისთვის გაწეული სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის. მისი თქმით, ნუნუ მინდაძე წლებია მოღვაწეობს ქართული ეთნოლოგიის განვითარებისთვის. მას ეკუთვნის ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომები ხალხურ მედიცინაში და თითოეული მისი გამოკვლევა, როგორც ეთნოლოგებისთვის, ასევე საქართველოს ისტორიის წარსულით დაინტერესებული მკვლევრებისთვის უმნიშვნელოვანესი წყაროებია.

ნუნუ მინდაძის ნაშრომები არა მარტო საქართველოში, სხვა ევროპულ ქვეყნებშიც არის გამოცემული. ჯაბა სამუშიას ინიციატივით კი, ამ გამოცემებს კიდევ ერთი  დაემატება – უნივერსიტეტი გამოსცემს ნუნუ მინდაძის შრომების სერიას.

პროფესორმა ქეთევან ხუციშვილმა მადლობა გადაუხადა რექტორს ინიციატივისთვის და აღნიშნა, რომ ნუნუ მინდაძის შრომების თავმოყრა და თსუ- მიერ ახალი ტომის გამოცემა იქნება მართლაც დიდი შენაძენი ქართული სამეცნიერო სივრცისა და კონკრეტულად ეთნოლოგიური მეცნიერებისთვის. „მინდა აღვნიშნო, რომ ქალბატონი ნუნუ არის არა მხოლოდ დიდი მეცნიერი, არამედ ბრწყინვალე პედაგოგიც. ის დღესაც გადასცემს ფუნდამენტურ მეცნიერულ ცოდნას ახალგაზრდებს და ამასთან ერთად, ასწავლის, როგორი უნდა იყოს ადამიანი, მეცნიერი, ურთიერთობები მოსწავლესა და მასწავლებელს შორის. ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ მან ფრთა შეასხა გიორგი ჩიტაიას და ვერა ბარდაველიძის იდეას და დააარსა ქართული ეთნოლოგიური სკოლა, რომელსაც საქმის ღირსეული გამგრძელებლები ჰყავს“, – აღნიშნა ქეთევან ხუციშვილმა. 

მეცნიერის დამსახურებებსა და მის ღირსეულ მოღვაწეობაზე არაერთი სიტყვა ითქვა. მას დამსახურებული ჯილდო მიულოცეს თსუ ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა გიორგი ჭეიშვილმა, თსუ მუზეუმის დროებითი გამოფენებისა და საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერმა მანანა ლილუაშვილმა, ეთნოლოგიის დოქტორმა თეა ქამუშაძემ, თსუ ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის თანამშრომელმა, ასოცირებულმა პროფესორმა თეიმურაზ გვიმრაძემ.

აკადემიკოსმა ლია მელიქიშვილმა აღნიშნა, რომ ნუნუ მინდაძე, გარდა იმისა, რომ არის ქართული ეთნოლოგიური სამეცნიერო სკოლის ბრწყინვალე წარმომადგენელი, უამრავი ადამიანური ღირსებით შემკული პიროვნებაცაა. „60 წელზე მეტია მასთან მეგობრობა მაკავშირებს და ვამაყობ ამით. ის უდიდესი მეცნიერია და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ – ქართული ეთნოლოგიური სკოლის ფუძემდებელიცაა. მის ნაშრომებს იცნობს არაერთი ქართველი და უცხოელი მკვლევარი და ყველა ხაზგასმით აღნიშნავს ნუნუ მინდაძის გასაოცარ სამკვლევრო საქმიანობას. სულ მიკვირდა მისი გამძლეობის, მოთმინების, გულისხმიერების და საქმისადმი თავდადების ამოუწურავი რესურსის გამო.  მან გააკეთა მართლაც საშვილთაშვილო საქმე და უზარმაზარ მასალას მოუყარა თავი“, – თქვა მან.

თსუ პროფესორის როზეტა გუჯეჯიანის თქმით, ნუნუ მინდაძე ქართული ეთნოლოგიის, ანთროპოლოგიის თვალსაჩინო წარმომადგენელია. ის არის საქართველოში ქართული ხალხური მედიცინის შემსწავლელი სკოლის ხელმძღვანელი. მან არაერთი თაობა აღზარდა და დიდი წვლილი მიუძღვის ქართველთა ხალხური რელიგიური ვითარების შესწავლის კუთხითაც. ამავე დროს, ის არის სრულიად ახალი ქვედისციპლინის – ადამიანის ეკოლოგიის საფუძველჩამყრელი, რომელიც შეისწავლის ადამიანის ჯანმრთელობის ეკოლოგიური გარემოს უზრუნველყოფის ტრადიციულ ქართულ გამოცდილებას.

ნუნუ მინდაძემ მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტს ჯილდოსთვის, კოლეგებსა და  ღონისძიების სტუმრებს – დაფასებისთვის. „მთელი ჩემი ცხოვრება დაკავშირებულია უნივერსიტეტთან და მისგან ასეთი დაფასება ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა ამ სიყვარულისთვის“,- განაცხადა მეცნიერმა.

დაჯილდოების ღონისძიებას პროფესორები, ნუნუ მინდაძის მოსწავლეები – სტუდენტები ესწრებოდნენ.

Facebook
Twitter
LinkedIn