პროფესორ ნუგზარ თოდუას რეალური ისტორია ებრაელი ხალხის ერთგულებაზე

თარიღი: 2023-10-12 12:37:23

თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, მარკეტინგის კათედრის ხელმძღვანელი ნუგზარ თოდუა ისრაელში გაჩაღებული ომის თემას ეხმაურება და თავის მოგონებებში ებრაელ მეცნიერებთან ურთიერთობის საუკეთესო წლებს იხსენებს. ,,მინდა, ახალგაზრდა თაობამ, ჩემმა სტუდენტებმა იცოდნენ ებრაელი ხალხის შესახებ და რეალური ისტორიის გადმოცემით მათ მაგალითი მივცე“, – ამბობს ბატონი ნუგზარი.

ახალგაზრდული წლები, რომელიც ებრაელ მეცნიერებთან იყო დაკავშირებული

ნუგზარ თოდუა: ,,ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ძალიან განვიცდი იმას, რაც ისრაელში ხდება. ჩემმა თაობამ და უფროსი ასაკის ადამიანებმა კარგად იციან ებრაელი ხალხის ვაჟკაცობის, სულიერი სიმტკიცის, თავდაუზოგავი შრომისა და საოცარი ბრძოლისუნარიანობის მაგალითები. ეს მართლაც ღვთისგან მონიჭებული მადლია, რასაც ებრაელები ყოველთვის კარგად აჩვენებენ. ჩემი ახალგაზრდული წლები ებრაელ მეცნიერებთან იყო დაკავშირებული და მათი საქმიანობის მომსწრე ვარ. მინდა, ახალგაზრდა თაობამ, ჩემმა სტუდენტებმა ეს იცოდნენ და რეალური ისტორიის გადმოცემით მაგალითი მივცე. ბედმა ინება და ასპირანტურის წლები ლენინგრადში გავატარე. ორი ხელმძღვანელი მყავდა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პროფესორი გაიოზ ნადირაშვილი და ლენინგრადის საბჭოთა ვაჭრობის უნივერსიტეტის ებრაელი პროფესორი მიხეილ ივანოვი. იგი ხელმძღვანელობდა კათედრას, რომელიც ერთ-ერთი უძლიერესი იყო იმდროინდელ საბჭოთა კავშირში. მაშინ მარკეტინგზე ლაპარაკიც კი აკრძალული იყო და ჩვენი სპეციალობის ასპირანტებს ტექნიკურ მეცნიერებაში გვიწევდა დისერტაციის დაცვა. ეს არ იყო მარტივი საქმე. ჩემი ხელმძღვანელის რეკომენდაციით, ექსპერიმენტების ჩატარება მომიწია ლენინგრადის აგროფიზიკის ინსტიტუტში. სახელი კი ერქვა აგროფიზიკის, სინამდვილეში კოსმოსური ხომალდებისათვის ბაროკამერებს ამზადებდნენ და დახურულ, გასაიდუმლოებულ ლაბორატორიებში მუშაობდნენ მეცნიერები, ძირითადად, ებრაელები. აქ გავიცანი ებრაელ მეცნიერთა მთელი კოჰორტა. განსაკუთრებული მუშაობა მიწევდა ებრაელ პრივინ მარკ რუმიმოვიჩთან, რომელმაც ცხოვრებაში ბევრი რამ მასწავლა. ჩვენს ინტერესს შეადგენდა უარყოფით ტემპერატურაზე სითბო და მასა გაცვლის პროცესების მოდელირება, რისთვისაც ძირფესვიანად შემასწავლეს ფიზიკისა და ქიმიის შესაბამისი საკითხები. ბედმა გამიღიმა და ამ ცნობილ პროფესორთან ერთად სტატიაც გამოქვეყნდა საკმაოდ მაღალრეიტინგულ ჟურნალში, რაც ახალგაზრდა მკვლევარისათვის უდიდესი მიღწევა და მოტივაცია იყო. დღევანდელი ტერმინით რომ ვთქვათ, უზარმაზარი ,,პრომოუშენი“ გამიკეთეს, რაც დისერტაციის დაცვის უპირობო გარანტად მიიჩნეოდა. ფაქტობრივად, მეტი კვლევა არც მჭირდებოდა, მაგრამ ჩემმა ებრაელმა ხელმძღვანელმა ასეთი მაცდური წინადადება შემომთავაზა: – ,,მოდი, გავაგრძელოთ მუშაობა მარკეტინგზე“… მარკეტინგი მაშინ სრულიად ახალ მიმართულებად ითვლებოდა. კვლევა გულისხმობდა ახალი მათემატიკური მოდელების შემუშავებას, კერძოდ, თვისებრივი მახასიათებლების რაოდენობრივ გამოსახვას. ამ ებრაელმა კაცმა დამარწმუნა, რომ ეს მომავლის საქმეა და მეძლეოდა შანსი, რომ მარკეტინგში ახალი სიტყვა მეთქვა. ცხადია, მე მალე დაცვა მინდოდა, მაგრამ ამ გამოწვევას სიამოვნებით დავთანხმდი. თანაც, ეს ებრაელი პროფესორი ისეთ მამა-შვილურ სიყვარულს ამჟღავნებდა ჩემ მიმართ, უარი როგორ უნდა მეთქვა. სახლში ხშირად მეპატიჟებოდა და გემრიელი სადილითაც მიმასპინძლდებოდა. მოკლედ, მართლაც, შვილივით მიმიღო. ამ მუშაობამაც შედეგი გამოიღო და კიდევ ორი სტატია გამოვაქვეყნეთ მაღალრეიტინგულ ჟურნალში. მოკლედ, ეს პატარა ბიჭი ამხელა ორბიტაზე გამიყვანა ებრაელმა პროფესორმა… ჩემი დაცვის დროც დადგა. მაშინ ჩემი სპეციალობით დაცვა მხოლოდ მოსკოვში ხდებოდა, მანდ ჩადიოდა ლამის ნახევარი მსოფლიო. რიგები იდგა. ამ დროს მოსკოვის საბჭოთა ვაჭრობის ინსტიტუტს სახელი შეეცვალა და ძველი სახელწოდება – მოსკოვის კომერციის ინსტიტუტი დაარქვეს. კომერცია მაშინ ახალი სიტყვა იყო საბჭოთა მეცნიერებაში და მანდ დაცვა პრესტიჟის ამბავი იყო. ეს მოხდა ჩემს დაცვამდე ორი კვირით ადრე. რიგით უკვე პირველი დაცვა მე მიწევდა. 9 აპრილი ახალი მომხდარია და რუსების აგრესია აშკარად ჩანდა. სადისერტაციო საბჭო რუსებითა და ებრაელებით იყო დაკომპლექტებული. არსებული წესის მიხედვით, დანიშნული მყავდა ორი ოპონენტი: ილინი და ბერნშტეინი (ორივე ებრაელი). ხომ წარმოგიდგენიათ რუსების რეაქცია… იცავს ქართველი, ჰყავს ორი ხელმძღვანელი: ქართველი და ებრაელი და ორი ებრაელი პროფესორი ოპონენტად, თან კომერციის ინსტიტუტის პირველი დიპლომი უნდა გაიცეს. საბჭოზე რუსებმა ჩემი დისერტაციის დაცვის გადადება მოითხოვეს, მაგრამ ებრაელებმა მკაცრი წინააღმდეგობა გაუწიეს და დაცვა მაინც არ გადადეს. სამაგიეროდ, რუსებმა დამსაჯეს, დამინიშნეს მესამე – რუსი ოპონენტი, ბორის იკოვლევიჩი, რომელიც ცნობილი იყო თავისი სიმკაცრით და შეუვალობით. ამაზე ებრაელები დათანხმდნენ. სამდივნოდან თბილისში მირეკავენ და სასწრაფოდ ადრე ჩასვლას მთხოვენ. ჩემს ებრაელ ხელმძღვანელს დავურეკე და მითხრა: – ნუ გეშინია, უბრალო ფორმალობააო. მეც მაშინათვე ჩავედი და საბჭოს თავმჯომარემ მითხრა: – მესამე ოპონენტს შენთან გასაუბრება უნდა და ხვალ დილით გიბარებსო. ეს პროფესორი მუშაობდა ბაუმანის ტექნიკურ ინსტიტუტში. მაშინ ბაუმანის ინსტიტუტი მთელ მსოფლიოში იყო ცნობილი. რა გზა მქონდა, ვეახელი ამ პროფესორს. მას ჩემი დისერტაცია მაგიდაზე ედო და წითელი ფანქრით სულ აეჭრელებინა, განსაკუთრებით, მათემატიკური ნაწილები. ჩვენი გასაუბრება 5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ამ ებრაელ პროფესორს ყველა დეტალი აინტერესებდა. ბოლოს მეუბნება: – მძიმე დაცვა გელოდება, მაგრამ ერთი საიდუმლო უნდა გაგიმხილო და არავის არ უთხრაო. თვალებში მკაცრად შემომხედა და მითხრა:  – მეც ებრაელი ვარო; დაცვაზე მკაცრად გაგაკრიტიკებ და მჯერა, პასუხებს გასცემო. ამით მხარდაჭერა გამომიცხადა და უდიდესი მოტივაცია მომცა. ჩემს დაცვას საქართველოდან, ბატონი გაიოზის გარდა, ესწრებოდა მაია ვეშაგური (მაშინ მოსკოვში ასპირანტი იყო) და ჩვენი კათედრის დოცენტი ელზა მალანია. რუსების შემოტევის მიუხედავად, ებრაელების უდიდესი მხარდაჭერით, ერთხმად მომანიჭეს ხარისხი. ახლა მითხარით, სიყვარული და ერთგულება არ არსებობს? ებრაელმა პროფესორმა ხომ შვილივით შემიყვარა, ებრაელმა ოპონენტებმა ხომ დამიცვეს და ქართველებზე გაბოროტებულ რუსებს (ჩვენთან თუ არ გინდათ, აქ რას მოდიხართო, მეუბნებოდნენ) აზრი შეაცვლევინეს და ჩემი გამარჯვებით ისინიც ხარობდნენ“.

სხვა მაგალითი

ნუგზარ თოდუა: ,,ერთი მაგალითიც მინდა მოვიყვანო ებრაელების თავდადებისა და ერთმანეთის მხარდაჭერისა, რაც ასე სჭირდება ჩვენს დღევანდელ ახალგაზრდობას. ზემოთ ვახსენე ერთი პროფესორი  – პრივინ მარკ რუვიმოვიჩი, რომლის განყოფილება მუშაობდა კოსმოსური ხომალდებისათვის ახალი გადამცემების შემუშავებაზე. ამ კაცსაც შვილივით შევუყვარდი და უამრავ ისტორიას მიყვებოდა ებრაელი ხალხის ცხოვრებაზე. კიდევ ერთი მაგალითიც ამის დასტურია. ამ პროფესორის განყოფილებაში სულ ებრაელი პროფესორები მუშაობდნენ და გასული საუკუნის 80-იან წლებში მთელი განყოფილება სახელმწიფო პრემიაზე წარადგინეს. მოგეხსენებათ, გამალებული შეიარაღებისა და ცივი ომის პირობებში კოსმოსის ათვისება რას ნიშნავდა. ებრაელ პროფესორთა ჯგუფს ლენინგრადიდან მოსკოვში თან გაჰყვა ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ბარიშნევი. ყველა ფიქრობდა, დირექტორს უხარია და, სტატუსიდან გამომდინარე, მოდის საზეიმო მიღებაზეო. შეხვედრა დანიშნული იყო ბრეჟნევთან, მაშინდელ ცეკას გენერალურ მდივანთან. რიგში ჩააყენეს ყველა ორდენების გადასაცემად, მათ შორის, რუსი ბარიშნევიც. ებრაელმა პროფესორებმა პრემიისა და ორდენის მიღებაზე უარი განაცხადეს. ბრეჟნევი დაბნეულია. უშიშროებამ მეორე ოთახში გაიყვანა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყველა ებრაელ პროფესორს, მაგრამ მათი პასუხი შეუვალი იყო:  – ბარიშნევი არ იმსახურებს და უარს ვამბოთ სიცოცხლეზეცო. ოჯახების განადგურებითაც დაემუქრნენ, მაგრამ მათი პასუხი იყო ერთსულოვანი:  – არა, ღირსების ამბავია და სიცოცხლესაც გავწირავთო. ვერ გატეხეს ეს ებრაელი პროფესორები, არადა, მათი განადგურება ადვილი იყო, მაგრამ კოსმოსის ათვისება? ამიტომ უშიშრობა დათანხმდა და სიიდან ამოიღეს რუსი პროფესორი. საოცრება კიდევ ისაა, რომ მაგ ჯგუფში იყო მარკ რუვიმოვიჩის პროფესორი ძმაც, რომელიც წლები ელოდებოდა საბჭოთა წარმოების „ჟიგულს“, რაც არ მისცეს. რამდენიმე თვეში ამ პროფესორს მოუწია საზღვარგარეთ სამეცნიერო კონფერენციაზე წასვლა. უცნაურია, მაგრამ, უდიდესი კონტროლის მიუხედავად, მარკის ძმა გაუშვეს იქვე ახლო მეგობრულ ფინეთში, რომელიც ამერიკაში გადავიდა. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა მართლაც გულში ჩაიხუტა ეს ებრაელი პროფესორი და ყველანაირი პირობები შეუქმნა მუშაობისათვის. ბედის ირონიაა, რომ ასეთი პროფესორის მოდელებისა და კონსტრუქციების ლიცენზიის ყიდვა საბჭოთა კავშირს მილიონობით დოლარი დაუჯდა.

აბა, დავფიქრდეთ და გულახდილად ვაღიაროთ, ჩვენ, ქართველებს, ასე ერთად დგომა შეგვიძლია? გენიალური კონსტანტინე გამსახურდიაც ხომ ბრძანებს:  ,,ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს: მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდი კაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები.” ჰოდა, ჩემო ახალგაზრდებო, ერთად თუ არ ვიქნებით, მტრის გარეშეც დაისაქსება საქართველო, ჩვენს შვილებს მხოლოდ ისტორია და წარსული დიდება დარჩება მოსაგონრად. ებრაელი ხალხი მამაცია, შეუპოვარი, იდეებისა და თავისი ქვეყნისთვის მებრძოლი. მათ ურთიერთგატანა, სიყვარული და ერთგულება შეუძლიათ. ჩვენ რა გვემართება? ჩემმა თაობამ შვილებს ვერაფერი სიმდიდრე ვერ დაუტოვა, ტრადიციებიც იკარგება და ლამის ბოროტებამ, შუღლმა და მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვამ წალეკა ქვეყანა. ამიტომ, ჩემო შვილებო, ნუ გაიმეორებთ თქვენი მამების შეცდომებს და ვიცოდეთ, რომ მაინც ყველაფერი წარმავალია, რჩება მარადიული ღირებულებები, რომლებშიც „სამშობლო, როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა“.

ჩემი მხარდაჭერა ყველა ებრაელს, ვინც იბრძვის საკუთარი სამშობლოს დასაცავად, ვინც საქართველოდან გულშემატკივრობს და ამხნევებს მათ, მათ შორისაა ჩემი დოქტორანტი  ლალი კრიხელი და მისი ღირსეული ოჯახი. მჯერა, ებრაელი ხალხი გაიმარჯვებს. დიდება ისრაელს, დიდება საქართველოს, დიდება ქართველი და ებრაელი ხალხების მეგობრობას! დაბოლოს, ისევ ებრაელის, სოლომონ ბრძენის, სიტყვებით დავამთავრებ: ,,ესეც გაივლის“!

Facebook
Twitter
LinkedIn