ნუგზარ თოდუას სტატია Scopus-ის ბაზაში შემავალ ბრიტანულ მაღალრეიტინგულ ჟურნალში გამოქვეყნდა

თარიღი: 2024-04-15 17:16:28

Scopus-ის ბაზაში შემავალ ბრიტანულ მაღალრეიტინგულ ჟურნალში „Archives of Public Health“ გამოქვეყნდა თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მარკეტინგის კათედრის ხელმძღვანელის, პროფესორ ნუგზარ თოდუას სტატია  – „The Evolving Role of Social Media in Enhancing Quality of Life: A Global Perspective Across 10 Countries“ („სოციალური მედიის განმავითარებელი როლი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში: გლობალური პერსპექტივა 10 ქვეყნის მიხედვით“). მასში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 10 ქვეყნის (ავსტრია, ბანგლადეში, ერაყი, თურქეთი, ირანი, მალაიზია, მიანმარი, ნიგერია, საქართველო, ფილიპინები) 44-მა პროფესორმა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსგავსი კოლაბორაციული და მასშტაბური კვლევა ქართულ მარკეტინგულ რეალობაში ჯერ არ ჩატარებულა.

                                       გვესაუბრება პროფესორი ნუგზარ თოდუა

,,კვლევის მიზანი იყო – დაგვედგინა სოციალური მედიის აღქმული მოთხოვნილებების გავლენა ზრდასრული მოსახლეობის ცხოვრების ხარისხზე. ესაა პირველი კვლევა, რომელშიც გამოიყენება კროსკულტურული მიდგომები პოსტპანდემიურ პერიოდში სოციალური მედიის მოხმარებასა და ცხოვრების ხარისხს შორის კავშირის დასადგენად.

სტატიაში ნაჩვენებია, რომ ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ ადამიანთა ცხოვრების წესში რევოლუცია მოახდინა. შესაბამისად, სოციალური მედია ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. დღეისათვის იშვიათია ადამიანი, რომელსაც ინტერნეტში წვდომა ჰქონდეს და სოციალური მედიით არ სარგებლობდეს. ამასთან, საზოგადოების უდიდესი ნაწილი ინფორმაციის მოძიებისა და გავრცელებისათვის ეყრდნობა სოციალურ მედიას, რომელიც მის ქცევას საგრძნობლად ცვლის. გაჩნდა სოციალური ურთიერთობების ახალი პარადიგმა, რომელსაც ადამიანთა ცხოვრებაზე როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი გავლენა აქვს.

10 ქვეყნის 7 ათასამდე რესპონდენტის გამოკითხვით მიღებულია შედეგები, რომლებშიც ასახულია ცხოვრების ხარისხის აღქმის გლობალური ასპექტები. 

დადგენილია მათემატიკურ-სტატისტიკური კავშირები ცხოვრების ხარისხის განმსაზღვრელ ცვლადებს შორის, რომლებიც გავლენას ახდენს ადამიანების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე. კვლევამ აჩვენა, რომ სოციალურ მედიაში აქტიური ურთიერთობები გავლენას ახდენს ადამიანების ფსიქიკურ და სულიერ მდგომარეობაზე, რაც მათი ცხოვრების ხარისხში აისახება. კვლევაში ილუსტრირებულია, რომ  სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობას,   კულტურული და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების განსხვავებების მიუხედავად, სოციალურ მედიასთან მიმართებით,  საერთო  ნიშან-თვისებები აქვთ, რაც გლობალური მომხმარებლის პორტრეტის შექმნაში ვლინდება. კერძოდ, გლობალური მომხმარებლებისათვის დამახასიათებელ მთავარ თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ  ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობით კმაყოფილების დაბალი დონის მიუხედავად, მათი ცხოვრების ხარისხი სოციალურ ურთიერთობებთან მიმართებით მაღალია. ამასთან, განათლება გამოდის, როგორც ფსიქოლოგიური ჯანდაცვის საშუალება. კვლევიდან გამომდინარე, ნაკლებად განათლებულ  ადამიანებს უჭირთ ფსიქოლოგიურ ჯანდაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებთან გამკლავება და იმის გაგება, თუ რა უნდა გააკეთონ იმისათვის, რათა ცხოვრების დაბალი ხარისხის პრობლემები გადაჭრან.  რაც შეეხება ასაკს, ცხოვრების ხარისხზე  სოციალური მედიის გავლენა ყველაზე უფრო საგრძნობია მილენიანელებისათვის, რომლებიც ამ თვალსაზრისით მეტ პასუხისმგებლობას ავლენენ. კვლევამ ასევე ცხადყო, რომ  ცხოვრების ხარისხზე სოციალური მედიის ზემოქმედება უფრო საგრძნობია ახლაგაზრდა მამაკაცებში, ვიდრე ქალებში, ხოლო ასაკოვან მომხმარებლებში პირიქითაა.

სტატისტიკური ანალიზით დგინდება, რომ ცხოვრების ხარისხის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ  მახასიათებლებზე  სოციალური მედიის გავლენა მნიშვნელოვანია მაშინ, როცა იგი გლობალური მომხმარებლების მიერ გართობის ან მოწყენილობის შემსუბუქებისათვის გამოიყენება. 

კვლევამ წარმოაჩინა პრობლემები, რომლებიც გლობალური მომხმარებლების მიერ სოციალური მედიის გამოყენების გამო ცხოვრების მჯდომარე წესის ფართოდ გავრცელებას უკავშირდება, რაც ახალგაზრდა თაობაში განსაკუთრებით მწვავეა. ასეთი გლობალური პრობლემების გადაჭრაში კი უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება  ცალკეული ქვეყნის სამთავრობო პოლიტიკას, რომელმაც სოციალური მედიის მეშვეობით უნდა უზრუნველყოს ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და ეფექტიანი კომუნიკაციები სახელისუფლებო ორგანოებსა და საზოგადოებას შორის.

საინტერესო თანამშრომლობისათვის მადლობას ვუხდი კვლევაში მონაწილე ყველა პროფესორს. განსაკუთრებული მადლობა მალაიზიელ პროფესორს, როი რილერა მარცოს  გლობალური მასშტაბით კვლევის ორგანიზებისათვის. მადლობა ჩემს ახალგაზრდა კოლეგებს საქართველოდან თორნიკე ხოშტარიას (უნივერსიტეტი გეომედი) და არიან მატინს (შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი). მადლობა ჩემს მშობლიურ, თსუ-ს მარკეტინგის კათედრას კვლევაში გაწეული დახმარებისთვის. დაბოლოს, საქართველოდან კვლევაში მონაწილეობდა 1000-ზე მეტი სტუდენტი, რომელთა მიმართ დიდ მადლიერებას და სიყვარულს გამოვხატავ“.

Facebook
Twitter
LinkedIn