რა კვლევამ განაპირობა ნინო ჩარკვიანის კონფერენციაში გამარჯვება?

თარიღი: 2023-06-17 15:28:40

,,ახალგაზრდა ქვიარ ადამიანების კიბერსივრცეში ინტერაქციის თავისებურებები საქართველოში“ – ამ სახელწოდებით წარადგინა თავისი მოხსენება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მე-3 კურსის სტუდენტმა ნინო ჩარკვიანმა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით გამართულ სტუდენტთა IX საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენციაზე (სექცია – მოწყვლადი ჯგუფები თანამედროვე საქართველოში). ნინო ჩარკვიანი კონფერენციაში გამარჯვებულთა შორისაა.

,,თსუ-ს სტუდენტური კონფერენცია ჩემთვის ინტელექტუალური გამოწვევა იყო, მე კი მიყვარს ჩემი შესაძლებლობების გამოცდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე წლევანდელ კონფერენციაში მონაწილეობის მიღება. ეს ჩემთვის მესამე საკონფერენციო მოხსენება იყო და, წინა ორთან შედარებით, ბევრად მოტივირებული და ამბიციური ვიყავი – მიზნად დავისახე, რომ ჩემი მაქსიმუმი გამეკეთებინა. ჩემს თანამომხსენებელთან – ანამარია შეყილაძესთან ერთად ძალიან დიდი შრომა ჩავდე და შედეგიც შესაბამისი მივიღე – გავიმარჯვეთ! 

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თუ მოვინდომებ და ვიშრომებ, ,,მთებსაც გადავდგამ“, – ამბობს ნინო ჩარკვიანი.  

რატომ დაინტერესდა ამ თემით და რა პროცესი გაიარა თემის დასამუშავებლად?  – კონფერენციაში გამარჯვებული ნინო ჩარკვიანი, რომლის მეწყვილეც სტუდენტი ანამარია შეყილაძე გახლდათ, საკუთარ ინტერესებზე გვიამბობს და აცხადებს: ,,ქვიარ ადამიანები იმ მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ, რომელთა ხმაც ხშირად საერთოდ არ არის გახმიანებული აკადემიურ სივრცეში. საზოგადოების დიდი ნაწილი ამ ჯგუფის წარმომადგენლებს თავის სრულფასოვან წევრებად არ მიიჩნევს და კიცხავს. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი, უახლოესი წარსულიდან, 2021 წლის 5 ივლისია, როდესაც ამ ადამიანებს ძალადობრივად შეეზღუდათ შეკრების და მშვიდობიანი მანიფესტაციის ჩატარების უფლება. თუმცა, ამ ჯგუფის უფლებრივი მდგომარეობის შელახვის არაერთი სხვა შემთხვევა შეიძლება განვიხილოთ ქართულ საზოგადოებაში. მე და ანამარიამ საყურადღებოდ ჩავთვალეთ, რომ მათი გამოწვევები და ინტერაქციის თავისებურებები გვეკვლია საქართველოში, კერძოდ, ისეთ მნიშვნელოვან საკომუნიკაციო სივრცეში, როგორიცაა კიბერსივრცე.

საკვლევი თემის დასამუშავებლად ჩავატარეთ 4 სიღრმისეული ინტერვიუ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან, ასევე, ერთი ინტერვიუ სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლესთან (მშობლის თანხმობის საფუძველზე). შედარებითი ანალიზისთვის, დაკვირვების მეთოდით, შევისწავლეთ, ერთი მხრივ, სათემო ორგანიზაციებში ჩატარებული ღონისძიებები, როგორც მაგალითი ქვიარ ადამიანების რეალურ სამყაროში ინტერაქციისა და, მეორე მხრივ, დახურულ Facebook-ჯგუფებში  სპეციფიკური შარჟები, ე.წ. მიმები“, – აღნიშნავს კვლევის ერთ-ერთი ავტორი და კონფერენციაში გამარჯვებული ნინო ჩარკვიანი.

სტუდენტებმა კვლევის შედეგად ბევრი სიახლე აღმოაჩინეს, რასაც კონფერენციაში გამარჯვების წინაპირობად მიიჩნევენ. ,,ერთიანი საბოლოო დასკვნა ასე ჩამოვაყალიბეთ: კიბერსივრცე  ქვიარ  ადამიანებს ეხმარება -დაძლიონ მარტოობის შეგრძნება და  გაიზიარონ  სხვების გამოცდილება, ასევე, გაიცნონ სხვა  ქვიარ თემის წევრები და ინტეგრირდნენ. მათთვის  ეს არის სივრცე საწყის ეტაპზე იდენტობაში გარკვევისთვის, ინფორმაციის მოძიებისა და რჩევების მიღებისთვის. თუმცა, საჯარო თვითგამოხატვა კიბერსივრცეში ისევე შეზღუდულია, როგორც რეალურ სამყაროში“, – აცხადებს ნინო ჩარკვიანი.

                                                        ბლიც-ინტერვიუ

  • რატომ აირჩიე შენი პროფესია და რამდენად მოგწონს?
  • პოლიტიკა, დიპლომატია და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები ბავშვობიდან მაინტერესებდა. პროფესია მომწონს, რადგან, ვფიქრობ, ბევრი შესაძლებლობისკენ მიხსნის გზას.
  • რა ცოდნას გაძლევს უნივერსიტეტი?
  • უნივერსტეტი მაძლევს ფართო ცოდნას საერთაშორისო პოლიტიკის, ჟურნალისტიკისა და სოციალური კვლევის მეთოდების მიმართულებით.
  • ვინ არის/არიან უნივერსიტეტში შენი საყვარელი ლექტორ(ებ)ი?
  • გამოვარჩევდი თეონა მატარაძეს თავისი პროფესიონალიზმისა და მრავალფეროვანი კვლევითი გამოცდილების გამო.
  • რა პრობლემას გამოკვეთდი საუნივერსიტეტო ცხოვრებიდან?
  • მნიშვნელოვან პრობლემად მიმაჩნია, რიგ შემთხვევებში, სასწავლო პროცესში მოძველებული  ტექნიკით სარგებლობა და სემესტრის დასაწყისში საგნების არჩევის მოუწესრიგებელი სისტემა.
  • რა სურვილები გაქვს, რაც უნივერსიტეტს და შენს სტუდენტობას უკავშირდება?
  • მინდა და გამიხარდება, თუ თსუ იქნება საუკეთესო უნივერსიტეტი, სულ მცირე, საქართველოში თავისი სწავლების ხარისხით, სისტემის გამართულობით, ინფრასტრუქტურით, ღირსეული სტუდენტებითა და ლექტორებით.
Facebook
Twitter
LinkedIn