ნინი ართილაყვას პროფესიულ დონეზე დახელოვნება სურს

თარიღი: 2023-07-07 15:03:05

„მე ვწერ, გამუდმებით ვწერ. მეტაფორები იხლართებიან… შენ კითხულობ, კითხულობ, კითხულობ… საოცრებაა, მე დავწერ და შენ წაიკითხავ… გაიგებ იმას, რასაც მე ვფიქრობ. შესაძლოა, ვერაფერიც ვერ გაიგო, მაგრამ – კითხულობ. ეს ცხოვრებაც წიგნის კითხვას ჰგავს. ზოგჯერ წიგნიც ასე, ინერციით იკითხება. გგონია, სხვის ამბავს კითხულობ, სინამდვილეში შენია, ან პირიქით. გასაოცარი ის არის, რომ მხოლოდ ავტორმა იცის – სინამდვილეში სად რას გულისხმობს. შენ კი კითხულობ. იქამდე წაიკითხავ, სანამ ვერ მიხვდები, რატომ კითხულობ. შესაძლოა ეს პროცესი შეწყვიტო, მოგბეზრდეს, წიგნი გადადო, მაგრამ, რაც წერია, იმას ვერ გააქრობ, ვერ წაშლი! წაიკითხავ თუ არა, ის იქ იქნება, შენთვის თუ შენზე, ის იარსებებს. კიდევ: შეიძლება  სხვამ წაიკითხოს, იქიდან გააგრძელოს, საიდანაც შენ დაიწყე, ან თავიდან…. სულერთია… შესაძლოა, მოგინდეს გააგრძელო და წიგნი იქ აღარ დაგხვდეს, სადაც დატოვე. მოძებნი?“ – ეს ერთ-ერთი პატარა ნაწყვეტია ნინო ართილაყვას ჩანახატებიდან. იგი ჯერ კიდევ ძიების პროცესშია  და ამ გზაზე მრავალი ინტერესი კვეთს ერთმანეთს… თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლობს, ქართული ფილოლოგია და კავკასიოლოგია მისი ინტერესის ძირითადი სფეროებია, თუმცა შემოქმედებისთვისაც იცლის და მუდმივად ახლის ძიებაშია, ამიტომ მასთან საუბარი ყოველთვის საინტერესოა.

  • რამ განსაზღვრა თქვენი პროფესიული არჩევანი?
  • კავკასიის ნომერ პირველ უნივერსიტეტში სწავლა მართლაც საამაყოა ჩემთვის… მეათე კლასში ვიყავი, როდესაც სკოლაში ქართულ  წერაში გამოცხადდა  კონკურსი, სადაც თავისუფალი თემა უნდა დაგვეწერა. რა თქმა უნდა, მონაწილეობა გადავწყვიტე, თუმცა, ძალიან ვღელავდი, რადგან ჩვენს ნაწერებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები აფასებდნენ. არც მქონდა გამარჯვების იმედი, მაგრამ, შედეგმა  გამაკვირვა – პირველი ადგილი დავიკავე და პროფესორთა შექებაც დავიმსახურე, მათგან  სწავლის გასაგრძელებლად უნივერსიტეტში მიპატიჟებაც  კი მივიღე. პროფესიის არჩევაზეც  ბევრი არ მიფიქრია…
  • რამდენად გაამართლა უნივერსიტეტმა თქვენი მოლოდინი? როგორია თქვენი სტუდენტური ცხოვრება?
  • ვფიქრობ, ნაწილობრივ გამართლდა ჩემი მოლოდინები, საინტერესო სტუდენტური ცხოვრება მაქვს, ჩემთვის საინტერესო საგნებს ვსწავლობ, ამასთან,  შევიძინე არაჩვეულებრივი მეგობრები და, რაც მთავარია, ისეთ ლექტორებთან მაქვს  ურთიერთობა,  რომლებისგანაც  გარდა საგნებისა, სხვა უამრავ მნიშვნელოვან რამეს ვსწავლობ. უნივერსიტეტის გვერდით დგომა განსაკუთრებით  მაშინ ვიგრძენი, როდესაც რამდენიმე თვის წინ ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დამიდგინდა. კურსელების დიდ მხარდაჭერასთან ერთად, ლექტორები და ადმინისტრაციაც დამეხმარა.  მთავარი ის არის, რომ ძირითადი გამოცდების ჩაბარება მოვახერხე თერაპიის კურსის გავლის პარალელურად. დიდი მიღწევაა, რომ დღეს კვლავ სტუდენტი ვარ და აკადემიური წლის გარეშე მოვახერხე კურსის დახურვა. ამავდროულად,  ვარ ,,კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის“ პროექტის ასისტენტ-სტაჟიორი. როგორც კავკასიოლოგს, ვფიქრობ, ეს გარემო დამეხმარება დიდი გამოცდილება და განათლება მივიღო.
  • რაც შეეხება წერას… როდის დაიწყეთ და რამდენად მნიშვნელოვანია ეს თქვენთვის?
  • სკოლის ასაკიდან ვწერ,  თუმცა, თავიდან არავის ვუმხელდი… უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ  რამდენიმეჯერ ფსევდონიმით გამოვაქვეყნე ჩემი რამდენიმე მოთხრობა, როგორც ,,უცნობმა ავტორმა“ და მკითხველის  მოწონებაც დავიმსახურე… ნამდვილი ვინაობის გამხელა დიდხანს მერიდებოდა –   ადამიანები საკუთარ თავს ხშირად ზედმეტად მკაცრად ვექცევით ან არ ვაფასებთ, არ ვუსმენთ. კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის, „კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის“ კონსულტანტის მიხო ბეროშვილის შექებამ კიდევ უფრო  წამახალისა, რისთვისაც მადლობელი ვარ მისი…  ჩემთვის  წერა არის საშუალება – ბოლომდე გადმოვცე ის ფიქრები, განცდები და ემოციები, რომლებსაც, ალბათ, ღიად ვერასდროს გამოვხატავ. ამ ბოლო პერიოდში  ახალგაზრდა პოეტებისთვის მოწყობილ პოეზიის საღამოზე წარვსდექი საკუთარი ლექსებით. ახლა კი კონკურსის  – ,,მაჩაბელის“ მონაწილე გახლავართ. ჩემი ნაწარმოებები და თარგმანები  ,,კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის“ მიერ გამოცემულ სტუდენტურ ჟურნალ ,,ჩვენ სამყაროში“ დაიბეჭდა.
  • მწერლობის გარდა სხვა გატაცება თუ გაქვთ?
  • მწერლობის გარდა ენების შესწავლით ვარ გატაცებული, ინგლისურიდან ვთარგმნი…  ამ სემესტრში გავდიოდი საგანს – ,,თარგმანის თეორია და პრაქტიკა“ და ქალბატონი ეკატერინე ნავროზაშვილისგან ნასწავლი ტექნიკით უფრო უკეთ და გამართულად დავიწყე თარგმნა.  ვფლობ ძველ ბერძნულსა და იტალიურს, ვსწავლობ ჩერქეზულ ენას, როგორც კავკასიოლოგი და წარმოშობით ჩერქეზი – ეს ყველაზე მეტად მეამაყება და მადლიერი ვარ უნივერსიტეტის, რომ მომეცა საშუალება ჩემი მეორე მშობლიური ენა შემესწავლა ასევე ჩერქეზი ლექტორის, ქალბატონი თამარ უჯუხუსგან. მიტაცებს, ასევე, მხატვრობაც. ბავშვობაში ვხატავდი, კონკურსებშიც ვმონაწილეობდი, შემდეგ, რატომღაც, ჩამოვშორდი ჩემთვის კიდევ ერთ საყვარელ საქმეს და ახლა ვფიქრობ – ისევ მივუბრუნდე მას. ზოგადად, ხელოვნება, მწერლობა არის ის, რაც ყველაზე დადებითად მოქმედებს ჩემზე.
  • სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
  • სამომავლოდ აუცილებლად ვაპირებ მაგისტრატურაზე ჩაბარებას, შემდეგ კი დოქტორანტურის გაგრძელებას. ჯერ მიმართულებაზე ვერ შევჯერდი, რადგან  ენათმეცნიერება და კავკასიოლოგია იმდენად ღრმა მიმართულებებია, მიჭირს არჩევანის გაკეთება. შესაძლოა – არც ერთ მათგანს „ვუღალატო“ და იბერიულ-კავკასიურ ენათმეცნიერებას გავყვე. ასევე, მაინტერესებს კულტურის კვლევებიც რეგიონში. რაც შეეხება მწერლობას და თარგმნას, მსურს პროფესიულ დონეზე დავხელოვნდე, ვაპირებ ენის კურსების გავლასაც. რედაქციისა და გამოცემის საკითხებიც მიტაცებს, ამიტომ ვეცდები იქაც მოვსინჯო საკუთარი შესაძლებლობები.
Facebook
Twitter
LinkedIn