აკადემიკოს ნიკო ჯავახიშვილის მონოგრაფიის პრეზენტაციები ვილნიუსსა და რიგაში

თარიღი: 2023-09-21 19:11:03

ამა წლის სექტემბერში, ლიეტუვისა და ლატვიის დედაქალაქებში შედგა პრეზენტაციები ქართველი ისტორიკოსის მონოგრაფიისა, რომელიც რამდენიმე წლის წინ გამოიცა სახელწოდებით: „ქართულ-ბალტიური ურთიერთობის ისტორიის ნარკვევები“. ამ წიგნის ავტორი გახლავთ თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ნიკოლოზ (ნიკო) ჯავახიშვილი, რომელიც გასული წლის გიორგობისთვეში აირჩიეს ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელ წევრად – აკადემიკოსად. ამასთან დაკავშირებით გთავაზობთ ინტერვიუს ქართველ მეცნიერთან.

– ბატონო ნიკო, როდის გამოიცა თქვენი მონოგრაფია, რომლის პრეზენტაციებიც ამ რამდენიმე დღის წინ შედგა ბალტიის ქვეყნებში და რა უძღოდა წინ მას?

– აღნიშნული მონოგრაფია წიგნად გამოიცა 2019 წლის აგვისტოში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ეგიდით. წიგნი მოიცავს 640 გვერდს და უხვადაა ილუსტრირებული.

ამ ნაშრომის ქართული ვერსია 2011 წელს გამოსცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ, ხოლო ლატვიურენოვანი ვერსია დაიბეჭდა 2015 წელს, ლატვიის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს და ამ ქვეყანაში არსებული ქართველთა საზოგადოება „სამშობლოს“ ეგიდით.

გამოკვლევის რუსულენოვანი ვერსია პირველად გამოიცა 2015 წელს, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიისა და ლატვიის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ლატვიის ისტორიის ინსტიტუტის ეგიდით.

2019 წელს გამოცემული მონოგრაფია არის 2015 წელს დასტამბული რუსულენოვანი წიგნის შევსებული და გადამუშავებული ვერსია, რომელიც ინტერნეტშიც გახლავთ განთავსებული (https://dspace.tsu.ge/handle/123456789/782).

ვინ არიან თქვენი მონოგრაფიის სამეცნიერო რედაქტორი და რეცენზენტები?

– სამივე ენაზე გამოცემული ჩემი წიგნის სამეცნიერო რედაქტორი გახლდათ ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის სენატის თავმჯდომარე, აკადემიკოსი იანის სტრადინში (1933-2019), რომელიც იმავდროულად იყო მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი და, მათ შორის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისაც. 1998-2004 წლებში მას ეკავა ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის თანამდებობა. უდიდესი სამეცნიერო დამსახურებისათვის იგი დაჯილდოებული გახლდათ მრავალი სახელმწიფოს ჯილდოთი და პრემიებით, მათ შორის, ივანე ჯავახიშვილის მედლით. ეს სახელგანთქმული მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე გარდაიცვალა 2019 წლის 29 ნოემბერს. მის ხსოვნას ლატვიის სახელმწიფომ მიუძღვნა არაერთი ღონისძიება და წერილი, ასევე, საფოსტო მარკაც.

2019 წელს გამოცემული ჩემი მონოგრაფიის რეცენზენტები არიან ცნობილი ქართველი, ლატვიელი, ლიეტუველი და ესტონელი მეცნიერები, მათ შორის: ლატვიის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი გუნტის ზემიტისი (ამჟამად – ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი), ვილნიუსის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რიმვიდას პეტრაუსკასი (ამჟამად – ვილნიუსის უნივერსიტეტის რექტორი), ლიეტუვის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი რიმანტას მიკნისი, ტალინის უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსი რაიმო პულატი, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ესტონეთის ისტორიის ინსტიტუტს, ლატვიის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური ბიბლიოთეკის დირექტორი, დოქტორი ვენტა კოცერე და თსუ-ს საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი თედო დუნდუა.

ბალტიის ქვეყნების რომელ უნივერსიტეტებსა და სამეცნიეროკვლევით ცენტრებში შედგა თქვენი მონოგრაფიის პრეზენტაციები და როდის?

– ხსენებული მონოგრაფიის პრეზენტაციები შედგა 2019 და 2023 წლებში. ამ თარიღებს შორის ეს ოთხწლიანი დაშორება განაპირობა 2019 წლის მიწურულიდან დაწყებულმა კოვიდ-19-ის პანდემიამ, რომელიც საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა. ჩემი წიგნის პრეზენტაციები გაიმართა (ჩამოვთვლი ქრონოლოგიურად): 1) რიგის ტექნიკურ უნივერსიტეტში (2019 წლის 9 სექტემბერს); 2) ლატვიის უნივერსიტეტის აკადემიურ ბიბლიოთეკაში (2019 წლის 13 სექტემბერს); 3) ვილნიუსის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე (2023 წლის 7 სექტემბერს); 4) ლიეტუვის ისტორიის ინსტიტუტში (2023 წლის 8 სექტემბერს); ლატვიის უნივერსიტეტის ისტორიის ინსტიტუტში (2023 წლის 14 სექტემბერს). პრეზენტაციებს დაესწრნენ ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ამ ქვეყნებში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ქართული დიასპორის წევრები.

უახლოესი სამეცნიერო გეგმების შესახებ რას გვეტყოდით?

– მომავალ წელს სრულდება შემდეგი ფრიად საყურადღებო საიუბილეო თარიღები: 1) 530 წელი საქართველოს და პოლონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან (1494 წ.); 2) 30 წელი საქართველოს და პოლონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენიდან (1994 წ.); 3) 530 წელი საქართველოს და ლიეტუვას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან (1494 წ.); 4) 30 წელი საქართველოს და ლიეტუვას შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენიდან (1994 წ.). ამ ურთიერთობის სათავეების შესახებ ვრცლად ვწერ ჩემს ზემოხსენებულ მონოგრაფიაში.

სოციალური ქსელების საშუალებით უკვე არაერთხელ აღვნიშნე, რომ სასურველია, თუ მომავალ წელს ეს საიუბილეო თარიღები სათანადო დონეზე აღინიშნება საქართველოში, პოლონეთსა და ლიეტუვაში, რაც სამივე მხარისათვის სასარგებლო იქნება და ხელს შეუწყობს სახელმწიფოთაშორისი კავშირების განმტკიცებას ჩვენს ქვეყნებს შორის. ვფიქრობ, რომ აღნიშნულ თემაზე ჩვენს უნივერსიტეტში უნდა გაიმართოს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. ასევე სასურველად მიმაჩნია, რომ აღნიშნულ თარიღებს მიეძღვნას საგანგებო საიუბილეო მონეტები და საფოსტო მარკები.

Facebook
Twitter
LinkedIn