ნიკა თომასიანმა იურისტის პროფესია სამართლიანობის დამკვიდრების ხიბლით აირჩია

თარიღი: 2023-06-07 18:56:33

„საპროცესო შეთანხმება – მიზანი, მნიშვნელობა და პრობლემური ასპექტები ამერიკულ, გერმანულ და ქართულ რელობაში“ – ამ სათაურით გამოაქვეყნა ინგლისურ ენაზე სტატია თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტმა ნიკა თომასიანმა (თანაავტორი) 2023 წლის 31 მარტს საერთაშორისო რეფერირებად და რეცენზირებად ჟურნალში – „სამართალი და მსოფლიო“.  სტატიაში ნიკა თომასიანის მიერ დაწერილი თავი ეხება ქართულ საპროცესო შეთანხმებას, პრაქტიკაში არსებულ პრობლემებს, დაზარალებულის უფლებრივ მდგომარეობას და იმ სამართლებრივ  ხარვეზებს, რომელიც, ავტორის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებებით უნდა გამოსწორდეს.

გარდა სამეცნიერო მიმართულებით აქტივობებისა, ნიკა თომასიანი არაერთ პროექტშია ჩართული. გაცნობებთ, რომ სულ ახლახანს დასრულდა თსუ-ს უწყვეტი განათლების ცენტრისა და იურიდიული ფაკულტეტის თანამშრომლობით წარმართული სამართლის კურსი სკოლის მოსწავლეებისთვის. ამ პროექტში იურიდიულ ფაკულტეტს სწორედ ნიკა წარმოადგენდა. იგი სკოლის მოსწავლეებს ტრენინგების ფორმატში ესაუბრებოდა ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებზე, დისკრიმინაციაზე, ბავშვის შრომის თავისუფლებაზე და იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც ჩვენი რეალობისთვის აქტუალურია. აღსანიშნავია, რომ პროექტში თბილისის რამდენიმე სკოლის 60-მდე მოსწავლე იყო ჩართული.

როგორც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, ნიკა თომასიანი იურიდიული ფაკულტეტის სახელობითი სასტიპენდიო კონკურსის გამარჯვებულთა სიაში მოხვდა. იგი ,,მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისის” სტიპენდიას მიიღებს. ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია: ,,ნიკა აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა პროექტებში, კომპეტენციის გასაზრდელად მუდმივად ესწრება ტრენინგებს, ეწევა მოხალისეობრივ საქმიანობასაც და აქვს რამდენიმე საადვოკატო ბიუროში მუშაობის გამოცდილება. გვიხარია, რომ ასეთი მოტივირებული, მიზანდასახული და შრომისმოყვარე ახალგაზრდის წახალისების საშუალება გვაქვს. წარმატებები ნიკას, მას ყველაფერი აქვს ამისთვის – დროის ეფექტური მართვისა და სწრაფი ათვისების უნარი, საჯარო გამოსვლების გამოცდილება, ასევე, რაც უმნიშვნელოვანესია, საკუთარი საქმისა და პროფესიის სიყვარული. თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტს მადლობას ვუხდით ამ წამოწყებისთვის. ძალიან საამაყო და დასაფასებელია სტუდენტებისთვის მსგავსი ალტერნატივის შექმნა“.

როგორც ნიკა თომასიანი ჩვენთან საუბრისას განმარტავს – იურისტობა ბავშვობიდან მისი საოცნებო პროფესია იყო, რაც მიზანდასახულად აირჩია ცხოვრების გზაზე სამართლიანი კაცის სახელის დამკვიდრებისთვის.

,,სკოლის პერიოდშივე გამძაფრებული დამოკიდებულება მქონდა უსამართლობის მიმართ და ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში ვამბობდი – ადვოკატი უნდა გამოვიდეთქო. კარგად უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ადამიანი არის სამართლის მიზანი და არა მიზნის მიღწევის საშუალება, სახელმწიფოს მთავარი ფასეულობა კი თავისუფალი ადამიანი უნდა იყოს, თუმცა, ეს ყველაფერი იდეალურ შემთხვევაშია ასე და ხშირად ვაწყდებით ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დარღვევის ფაქტებს.   ამდენად, მიმაჩნია, რომ ჩემ მიერ არჩეული პროფესია საუკეთესო საშუალებაა – ადამიანებს თავისუფლების მოპოვებაში დავეხმარო, დავეხმარო, ასევე, დარღვეული უფლების აღდგენაში – ამ პროფესიაში განსაკუთრებით ეს მომენტი მომწონს“, – აღნიშნავს ნიკა. 

                                                                   ბლიც-ინტერვიუ

  • რა ცოდნას გაძლევს უნივერსიტეტი?
  • კარგი საუნივერსიტეტო განათლება უმნიშვნელოვანესია…  მარტივად შემიძლია ვთქვა, რომ უნივერსიტეტი, მეტნაკლებად, ცდილობს ის ცოდნა მომცეს, რომელიც დამეხმარება შემდგომ ეტაპზე პრაქტიკული საქმიანობის განხორციელებაში, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ბევრი რამ არის დასახვეწი და შესაცვლელი, რათა საუნივერსიტეტო განათლება მეტად ფასეული გახდეს. ბევრი მიდგომა და სწავლების მეთოდია შესაცვლელი! საუნივერსიტეტო განათლება მეტად უნდა პასუხოდბეს ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს და სტუდენტებს რეალური, რთული  კონკურენციისთვის უნდა ვამზადებდეთ.
  • ხარ თუ არა დასაქმებული?
  • დასაქმებული ვარ კერძო იურიდიულ ფირმაში, სადაც ვახორციელებ ფიზიკური და იურიდიული პირების  წარმომადგენლობას სასამართლოსა და  საჯარო უწყებებში.
  • ვინ არის/არიან უნივერსიტეტში შენი საყვარელი ლექტორ(ებ)ი?
  • ცოტა რთული შეკითხვაა… ძალიან ბევრი ღირსეული ლექტორი მყოლია და მყავს. ასევე, არიან ისეთებიც, რომლებთანაც განსაკუთრებულ პროფესიულ ,,სიახლოვეს“ პოულობ. ჩემთვის იურიდიულ ფაკულტეტზე ასეთი აღმოჩნდა სისხლის სამართლის მიმართულების ლექტორი, სამართლის დოქტორი, ქალბატონი ნონა თოდუა, რომლის განსაკუთრებულად საინტერესო ლექციებმა უფრო მეტად გამიღრმავა ცოდნა სისხლის სამართალში და მეტად შემაყვარა ეს სფერო.
  • რა სურვილები გაქვს, რაც უნივერსიტეტს და შენს სტუდენტობას უკავშირდება?
  • მსურს ბაკალავრის დარჩენილ პერიოდში სრულად ავინაზღაურო ის დანაკლისი, რომელიც კოვიდ ვირუსმა გამოიწვია, ჩავერთო და განვახორციელო ბევრი სტუდენტური პროექტი და აქტიურად გავაგრძელო საქმიანობა სამეცნიერო მიმართულებითაც.
Facebook
Twitter
LinkedIn