ნიკა შიტიკოვი იმედოვნებს, რომ მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება ექნება

თარიღი: 2023-09-24 15:20:34

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების თანახმად მაღალრეიტინგულ პირველკურსელად დასახელებული ნიკა შიტიკოვი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ერთ-ერთი საბაკალავრო პროგრამის – კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტი გახდა.

რატომ აირჩია თსუ? – ამ კითხვაზე ნიკა შიტიკოვი ასეთ პასუხს გვცემს: ,,თსუ ავირჩიე აკადემიური რეპუტაციით, სწავლის ხარისხითა და პოპულარულობით, რადგან მისი ფაკულტეტები და საგანმანათლებლო პროგრამები ცნობილი და აღიარებულია საქართველოსა და მთელს მსოფლიოში“.

ნიკას დიდი მოლოდინი აქვს, რომ უნივერსიტეტი მას  პიროვნულ და კარიერულ ზრდაში დაეხმარება; ასევე, იმედოვნებს, რომ ნაყოფიერ აკადემიურ ცხოვრებასთან ერთად მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრებაც ექნება.

,,ჩემი სურვილია, რომ უნივერსიტეტის დახმარებით სრულყოფილად მივიღო ცოდნა ჩემს არჩეულ ფაკულტეტზე, მივაღწიო აკადემიურ წარმატებასა და მივიღო მონაწილეობა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაში“, – ამბობს პირველკურსელი ნიკა შიტიკოვი.

Facebook
Twitter
LinkedIn