უნივერსიტეტელი ნიკა კუპრეიშვილის გატაცება

თარიღი: 2024-02-01 17:04:28

ნიკა კუპრეიშვილის სტუდენტური ცხოვრება საინტერესო და სიახლეებით სავსეა. თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტს ბევრი გატაცება აქვს, მათ შორის, პოეზიის უზომო სიყვარული…

„სკოლა აბაშის რაიონის სოფელ კეთილარში დავამთავრე.  ჩემი არჩევანი, ჩემი აზრით, საქართველოში ერთ-ერთ წამყვან  უნივერსიტეტზე იმის გამოც შევაჩერე, რომ აქ გამოცდილი და საუკეთესო პროფესორები ასწავლიან, ამასთან, დიდი შანსი და საშუალება გვაქვს, რომ სხვადასხვა გაცვლითი პროგრამით ვისარგებლოთ და უცხოეთში შევძლოთ ცოდნის ამაღლება“,  – ამბობს ნიკა.

ლექსების წერა ნიკას მთავარი გატაცებაა. ამბობს, რომ პოეზიისადმი სიყვარული ბაბუამ ჩაუნერგა, რომელიც თავადაც წერს ლექსებს.  დროთა განმავლობაში კი ნიკას ეს გატაცება მთავარ საქმიანობად იქცა, თუმცა, ლექსებს დიდი ხნის მანძილზე არ ასაჯაროებდა…

„პოეზია ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მის გარეშე არსებობა ვერც კი წარმომიდგენია… დიდი სიამოვნებაა, როდესაც ცარიელ ფურცელს „ვუმხელ“ და „ვაქსოვ“ ჩემს ემოციებს, განცდებს და ოცნებებს… ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ჩემი ოთახიდან ვხედავ მთვარის იდუმალ ნათებას, შემდეგ კი სტრიქონები ფურცელზე გადამაქვს… ლექსების წერა ჩემთვის თითქოს გამოსავალია“,  – გვიზიარებს თავის ემოციას ნიკა.

ახალგაზრდა პოეტი, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ თავისუფალ დროს  ლიტერატურის კითხვაში ატარებს. კარგად იცნობს მსოფლიო და ქართულ ლიტერატურას. ვაჟა-ფშაველა მისი საყვარელი მწერალია… ამბობს, რომ მისმა შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა მასზე. გარდა ამისა, განსაკუთრებით უყვარს დეტექტიური ჟანრის ნაწარმოებები. ამ კუთხით გამორჩეულად აგათა კრისტის რომანები მოსწონს. კითხვის გარდა უყვარს ფეხბურთის თამაში…

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ახალგაზრდა პოეტი წიგნის გამოცემას გეგმავს. ასევე, დიდი სურვილი აქვს – შექმნას ისეთი ორგანიზაცია,  რომლის ძირითადი მიზანი იქნება საქართველოს გააცნოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ახალგაზრდა მწერლების შემოქმედება.

Facebook
Twitter
LinkedIn