თსუ-ს დოქტორანტის ნია თოდუას  სიღრმისეული კვლევა მომხმარებელთა ფსიქოლოგიურ და ქცევით რეაქციებზე პოსტპანდემიურ პირობებში

თარიღი: 2023-10-03 17:03:04

ამერიკის შეერთებული შტატების მაღალრეიტინგულ ჟურნალში „Telematics and Informatics“, რომელიც ინდექსირებულია Scopus-ის მონაცემთა ბაზაში (CiteScore 16, Impact Factor 8,5) გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით „Understanding individual psychological and behavioral responses during COVID-19: Application of stimulus-organism-response model“  (https://www.sciencedirect.com/science/article/pii/S0736585323000308 ). სტატიის ავტორები არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარკეტინგის კათედრის დოქტორანტი ნია თოდუა,  მასარიკის უნივერსიტეტის (ჩეხეთი) პროფესორი დუშან მლადენოვიჩი და ერლანგენ-ნიუნბერგის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორი ნატაშა პავლოვიჩ-ჰიოკი. დასახელებული სტატია ავტორების მიერ მასარიკის უნივერსიტეტში დაწყებული კვლევის შედეგია, რომელშიც ასახულია ქართველი მომხმარებლების ფსიქოლოგიური და ქცევითი რეაქციების გავლენა პოსტპანდემიურ პირობებში.

ახალი კვლევის მიზნებსა და მნიშვნელობის შესახებ გვესაუბრება სტატიის ერთ-ერთი ავტორი, თსუ-ს  დოქტორანტი ნია თოდუა:

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2023 წლის მონაცემებით, COVID-19-ის პანდემიამ  6,8 მილიონი ადამიანი შეიწირა. ბოლოდროინდელი პანდემია ერთ-ერთი ყველაზე მძიმე, ხანგრძლივი და რთული კრიზისული მოვლენა აღმოჩნდა თანამედროვე მსოფლიოს ისტორიაში, რომელმაც ადამიანთა ქცევის მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. სამეცნიერო კვლევებიდან გამომდინარე, ამ კრიზისის მთავარი თავისებურება გამოიხატება იმაში, რომ  შესაბამისი  ინფორმაცია ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო და არასისტემურია. უამრავ წყაროში მოცემული არასწორი ინფორმაციის უკონტროლო გავრცელებამ უარყოფითი ხანგრძლივვადიანი შედეგი გამოიწვია და პოსტკრიზისული მოვლენების მართვის შემაფერხებელი სიტუაციები განაპირობა, რაც, ექსპერტების მოსაზრებით,  მომავალში გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს საზოგადოებას. მეცნიერული კვლევები ადასტურებს, რომ რაც უფრო სერიოზულია კრიზისული მოვლენები, მით მეტად რთულდება მრავალი ქვეყნის ხელისუფლების მიერ არსებული რეალობის გაკონტროლება. ამიტომ აუცილებელი ხდება კრიზისის წყაროების გამოკვლევა. პანდემიასთან დაკავშირებული კრიზისები და მოვლენები, რომლებმაც წარმოქმნა მრავალი ადამიანის დაუცველობის შეგრძნება, გავლენას ახდენს მათ ქცევაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, საჭირო ხდება ემპირიული კვლევების ჩატარება, რომლებშიც შესწავლილი იქნება ინდივიდების ქცევის თავისებურებები, განსაკუთრებით, ეს ეხება ფსიქოლოგიური და ქცევითი რეაქციების გამოვლენას. ასეთ კვლევებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პოსტკრიზისული სიტუაციების წინააღმდეგობრივი ზემოქმედების გამოსავლენად.

მიუხედავად იმისა, რომ ქცევასთან  დაკავშირებული მრავალი ინფორმაცია მკვლევრების დაინტერესების მუდმივი  საგანია, ასეთი    კვლევები, უმეტესწილად, ფოკუსირებულია სამომხმარებლო სფეროზე და  COVID-19-ის პანდემიის კონტექსტში მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში არ ჩატარებულა.  ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უცხოურ სამეცნიერო ლიტერატურაში  ყურადღება არ არის გამახვილებული ინფორმაციულ გადატვირთვაზე და კიბერქონდრიაზე (პანიკური განცდა, რომელიც ემართება ადამიანს ონლაინ სივრცეში ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გაცნობის შედეგად). კიბერქონდრია მოქმედებს ადამიანების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, ცვლის მათ ქცევას. ამიტომ მისი  შესწავლა  განსაკუთრებით აქტუალიურია  კრიზისისა და პოსტკრიზისულ პერიოდებში.  მიუხედავად პრობლემის სიმწვავისა,   ამ საკითხთან დაკავშირებით აშკარაა რელევანტური კვლევებისა და ინფორმაციის ნაკლებობა. ამასთან, არ არის შესწავლილი სხვადასხვა ეგზოგენური ფაქტორების გავლენა პოსტპანდემიური მომხმარებლების  ქცევაზე. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, სამეცნიერო ლიტერატურაში არ არსებობს მონაცემები, რომლებიც ახსნიდა სხვადასხვა ეგზოგენური ცვლადების გავლენას პოსტკოვიდური ინფორმაციის ნაკადში ინდივიდების მიდრეკილებებზე. ასევე სამეცნიერო ლიტერატურაში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ როგორ უნდა აიხსნას ურთიერთდამოკიდებულება  კიბერქონდრიის ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და ინფორმაციულ გადატვირთვას შორის. ეს განსაკუთრებით ვლინდება მაშინ, როცა ინდივიდები ექვემდებარებიან ურთიერთსაწინააღმდეგო და განმეორებით ტალღებს, რაც ინდივიდებმა მოკლე დროში უნდა გააცნობიერონ. ამრიგად, აუცილებელია გავიგოთ, კრიზისის პირობებში სხვადასხვა მიზეზიდან გამომდინარე, ინფორმაციული ნაკადების გავლენა ინდივიდების ქცევაზე. პირველ რიგში, ეს საჭიროა ხელისუფლებისა და ჯანდაცვის ორგანიზაციებისათვის, რომლებმაც უნდა მოამზადონ მსგავს მოვლენებზე მორგებული სცენარები და შექმნან კრიზისის დროს ინფოდემიის ფენომენის უკეთესად გაგების საფუძველი. კვლევები აჩვენებს, რომ სწორედ ბოლოდროინდელ კრიზისთან დაკავშირებით ინფოდემია დიდ გავლენას ახდენს ინდივიდების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე (სტრესი, შფოთვა, შიში, დაუცველობის შეგრძნება), მათ კეთილდღეობასა და ქცევით რეაქციებზე (ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და შესაბამისი ინტენსიური ინფორმაციის მოძიება). სწორედ აღნიშნული თემის აქტუალობამ განაპირობა ჩვენი ავტორობით მარკეტინგული კვლევის ჩატარება, რომლის მიზანს წარმოადგენდა ქართველი მომხმარებლების მიერ კრიზისთან დაკავშირებულ წყაროებთან კონტაქტის გამოვლენა, აგრეთვე იმის დადგენა, თუ როგორ მოიძიებენ ისინი მსგავს არაერთ ინფორმაციას და ავრცელებენ საზოგადოებაში. ამისათვის ავტორებმა გამოიყენეს ფსიქოლოგიაში ბოლო ხანებში ფართოდ აღიარებული „სტიმული-ორგანიზმი-რეაქციის“ მოდელი და „კოგნიტური დატვირთვის თეორია“. აღნიშნული მოდელისა და თეორიის შეჯერებით შემუშავდა კვლევის ორიგინალური მოდელი, რომელშიც განსხვავებულადაა წარმოდგენილი მომხმარებელთა ფსიქოლოგიური და ქცევითი რეაქციების აღმწერი ცვლადები. ავტორების მიერ წარმოდგენილი  მოდელის საფუძველზე წამოყენებულია ჰიპოთეზები, რომლებიც შემოწმდა ემპირიული კვლევის საფუძველზე.

კვლევის შედეგების მათემატიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ კრიზისის შესახებ ინფორმაციის მუდმივი ზემოქმედება იწვევს საინფორმაციო დატვირთვის აღქმას, რაც აძლიერებს მომხმარებლების მიერ კიბერქონდრიის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას.  გარდა ამისა, კრიზისის შესახებ ინფორმაციის მოძიება და გავრცელება ქმნის სავარაუდო კიბერქონდრიის პროგნოზირების შესაძლებლობას.

კვლევის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები სასარგებლოა ხელისუფლებისა და ჯანდაცვის ორგანიზაციებისათვის, რომლებიც პანდემიის შედეგად გამოწვეული კრიზისების დაძლევას გეგმავენ.

P.S.

ამჟამად ნია თოდუა მუშაობს ახალ პროექტზე. მიმდინარე წელს  ნიამ გაიმარჯვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში და ორი თვის მანძილზე მოუწია კვლევითი საქმიანობა ტეხასში, დალასის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მას ხელმძღვანელობას უწევდა ამავე უნივერსიტეტის მარკეტინგის დეპარტამენტის პროფესორი ბ. მურტი. მათი დაინტერესების სფეროა საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მარკეტინგული სტრატეგიის მოდელის შემუშავება. უკვე შექმნილია კვლევის კონცეპტუალური მოდელი, რომლის რეალიზებას ნია თავის სამეცნიერო ხელმძღვანელთან, თსუ-ს მარკეტინგის კათედრის ასოცირებულ პროფესორთან, ჩარიტა ჯაშთან და  ტეხასელ პროფესორ ბ.მურტთან ერთად გეგმავს.

სტატიის ლინკი

https://www.sciencedirect.com/science/article/pii/S0736585323000308
Facebook
Twitter
LinkedIn