„განათლება თანამედროვეობის კვალდაკვალ“ 

თარიღი: 2023-06-15 12:56:05

 სკოლის მოსწავლეების კონფერენცია თსუ-ში

უნივერსიტეტის მესამე მისიის ფარგლებში თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტისა და თბილისის 128-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა ერთობლივი კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე „განათლება თანამედროვეობის კვალდაკვალ“ მოსწავლეებმა სხვადასხვა თემაზე მომზადებული მოხსენებები წარმოადგინეს. 

„ლია ბერიძესთან ერთად წარვადგინე ორი მოხსენება, რომლებიც ექვთიმე თაყაიშვილის მოღვაწეობასა და, ასევე,  ქართულ ხორბალს, როგორც კულტურულ მემკვიდრეობას ეხებოდა. ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებიდან მოვიძიეთ, ძალიან საინტერესო პროცესი იყო“, – გვითხრა 128-ე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ მარიამ ჯინჭარაძემ.

„გარდა თემის მომზადებისა, საინტერესო იყო აუდიტორიის წინაშე გამოსვლა და პრეზენტაციის გაკეთება. ამ მხრივაც დიდი გამოცდილება მივიღეთ“, – აღნიშნა 128-ე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ ლია ბერიძემ. 

„სკოლის მოსწავლეებს თემების მომზადების პროცესში სკოლის მასწავლებლები ხელმძღვანელობდნენ. კონფერენციას ესწრებოდნენ ჩვენი მეთოდისტებიც. ერთობლივად შევაფასეთ მათი ნამუშევრები. ძალიან მიხარია, როდესაც მოსწავლეები მუშაობენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ჩვენი მატერიალური კულტურის ძეგლები და სწავლობენ ისეთი მოღვაწეების ისტორიას, როგორიც გახლდათ ექვთიმე თაყაიშვილი.

მოსწავლეთა კონფერენციას მესამე წელია ვატარებთ და მინდა დიდი მადლობა ვუთხრათ ჩართულობისთვის როგორც მომხსენებლებს, ასევე, მათ პედაგოგებს“, – განაცხადა თსუ-ს პროფესორმა, კონფერენციის ორგანიზატორმა ქეთევან ჭკუასელმა.

თბილისის 128-ე საჯარო სკოლის დირექტორის გულნაზ ხორბალაძის განმარტებით, ზოგადი განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დანიშნულება სკოლის მოსწავლეებისთვის გუნდური მუშაობის უნარების გამომუშავებაა, რაც სხვადასხვა პროექტებში, მათ შორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაში ერთობლივი ჩართულობით მიიღწევა.

Facebook
Twitter
LinkedIn