საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი – „მორფოლოგია და სამედიცინო მეცნიერებები“

თარიღი: 2023-10-12 18:26:15

თსუ-ს ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი „მორფოლოგია და სამედიცინო მეცნიერებები“ ჩატარდა. სიმპოზიუმის ფარგლებში აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის სახელობის პრემიისა და მედლის 2023 წლის ლაურეატების  პროფესორ დიმიტრი კორძაიას და მედიცინის დოქტორის ქეთი ცომაიას დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საფუძველი ჩაეყარა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციათა ციკლს „მასკანირებელი ელექტრონული მიკროსკოპის შესაძლებლობები სხვადასხვა დაავადებისა და ექსპერიმენტული მოდელების კვლევაში“. სიმპოზიუმის ფარგლებში ავსტრიელმა პროფესორმა ბერნდ მინიხმა ქართველი კოლეგებისთვის სისხლძარღვოვანი და მილაკოვანი სტრუქტურების კოროზიული ტვიფრების მასკანირებელი ელექტრონული მიკროსკოპიის მასტერკლასები ჩაატარა.

სამეცნიერო სიმპოზიუმს საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის, საერთაშორისო განათლების ეროვნული ცენტრის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სამედიცინო აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, მათი უცხოელი კოლეგები და სტუდენტები ესწრებოდნენ.  სიმპოზიუმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ნინო ოკრიბელაშვილმა გახსნა.

  კონფერენცია  – „სისხლძარღვოვანი და მილაკოვანი სტრქუტურების კოროზიული ტვიფრების მასკანირებელი ელექტრონული მიკროსკოპია“

მასკანირებელი ელექტრონული მიკროსკოპის შეძენა თსუ-ს მორფოლოგიის ინსტიტუტმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით შეძლო. ამ დროისთვის მიკროსკოპი უკვე დამონტაჟებულია მორფოლოგიის ინსტიტუტის ბაზაზე და მისი გამოყენებით დაწყებულია სამეცნიერო კვლევები,   რაც სიმპოზიუმის ფარგლებში ჩატარებული პირველი საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი გახდა. 

 „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში 77 წლის წინ აკადემიკოს ალექსანდრე ნათიშვილის ინიციატივით დაარსებული ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტი ერთ-ერთი წარმატებული სამეცნიერო ინსტიტუციაა. მისი განვითარების ახალი ეტაპი უკავშირდება მის ინტეგრაციას თსუ-ში, სადაც ის უკვე არა მხოლოდ კვლევით, არამედ სასწავლო ბაზასაც წარმოადგენს. 2014-2015 წლებში საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დაიწყო ინსტიტუტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის რეაბილიტაცია. გარემონტდა ძირითადი კორპუსი და განახლდა აღჭურვილობა. ბოლო სამი წლის მანძილზე, სამინისტროს ხელმძღვანელობის მხარდაჭერით, ინსტიტუტს გამოეყო 4 მილიონამდე ლარი ინსტიტუტის ყველა კორპუსის კაპიტალური რემონტისათვის, მათ შორის, მაღალტექნოლოგიური ვივარიუმის მოწყობისთვის. ამ დროისთვის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.  მასკანირებელი ელექტრონული მიკროსკოპი, დარწმუნებული ვარ, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სხვადასხვა დაავადებებისა და ექსპერიმენტული მოდელების კვლევაში. შესაბამისად, სამინისტროსთვის ორმაგად სასიხარულოა, რომ დღევანდელი სიმპოზიუმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ამ მიკროსკოპის მაქსიმალური ეფექტიანობით გამოყენების ხელშეწყობაა“, – აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ზაზა მარუაშვილმა.  

„თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის კვლევითი მიმართულების ინფრასტრუქტურული გამართვა მნიშვნელოვანია, რადგან კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარება ადამიანური რესურსის განვითარების პარალელურად უნდა ხდებოდეს, რაც ხელს შეუწყობს მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომების შექმნას და გამოქვეყნებას მაღალრეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალებში“, – განაცხადა საერთაშორისო განათლების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ნუნუ მიცკევიჩმა.

კონფერენციაზე – ბიო-სამედიცინო კვლევებში კოროზიული ტვიფრების მასკანირებელი ელექტრონული მიკროსკოპიის  გამოყენების შესაძლებლობების და ამ მეთოდით მიღწეული შედეგების თაობაზე – მოხსენებები წაიკითხეს პროფესორმა ბერნდ მინიხმა,  პროფესორმა სერგეი გუსევმა, პროფესორმა ზურაბ კაკაბაძემ, მედიცინის დოქტორმა ქეთი ცომაიამ და პროფესორმა დიმიტრი კორძაიამ.

აღნიშნული კვლევები სამედიცინო დარგში ე.წ. სპეციფიკურ კატეგორიას მიეკუთვნება. მსოფლიოს მასშტაბით ამ მეთოდს მხოლოდ რამდენიმე ათეული ცენტრი იყენებს. 

„ვიზიტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ქართველ კოლეგებთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნო და საინტერესოა. მასკანირებელი ელექტრონული მიკროსკოპი საკმაოდ ძვირადღირებული ინსტრუმენტია, რომლის შეძენაც სამინისტროს დონაციით მოხერხდა. ვფიქრობ, რომ კონფერენციის შემდეგ ჩატარებული მასტერკლასები ქართველი მკვლევრების სამომავალო ნაყოფიერ საქმიანობას ხელს შეუწყობს“, – აღნიშნა პროფესორმა ბერნდ მინიხმა.

პროფესორ სერგეი გუსევის შეფასებით, თსუ-ს მორფოლოგიის ინსტიტუტი წარმატებით აგრძელებს იმ სამეცნიერო-კვლევით ტრადიციას, რომელიც ათწლეულების მანძილზე ყალიბდებოდა.

„სულ რამდენიმე თვეა, რაც ახალი მიკროსკოპის გამოყენებით კვლევები დავიწყეთ. პროცესმა აჩვენა, რომ გვჭირდებოდა გამოცდილი სპეციალისტების კონსულტაცია, როგორებიც პროფესორები ბერნდ მინიხი და სერგეი გუსევი არიან. კოროზიული ტვიფრების მასკანირებელი ელექტრონული მიკროსკოპია ის მიმართულებაა, რომელშიც ჩემი ახალგაზრდობის წლებიდან ვმუშაობ. სერგეი გუსევი, პროფესორ შალვა თოიძესთან ერთად, ჩემი თანახელმძღვანელი გახლდათ საკანდიდატო დისერტაციაზე მუშაობისას. ბერნდ მინიხი ავსტრიელი მეცნიერია, რომელიც ამ დარგის ლიდერად არის აღიარებული. მისი მასტერკლასები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა მორფოლოგიის ინსტიტუტში. შედეგად ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი გამოცდილება, ხოლო მისი სახით ახალი მეგობარი და კოლაბორატორი შევიძინეთ. ჩვენი ახლადშეძენილი მიკროსკოპის გამოყენებით გაგრძელდება ექსპერიმენტები, რაც შესანიშნავი შესაძლებლობაა დოქტორანტებისთვის, ახალგაზრდა მეცნიერებისთვის“ – განაცხადა პროფესორმა დიმიტრი კორძაიამ.

აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის სახელობის პრემიისა და მედლის 2023 წლის ლაურეატები

აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის სახელობის პრემია და მედალი პროფესორ დიმიტრი კორძაიასა და მის მოწაფეს, მედიცინის დოქტორს ქეთი ცომაიას გადაეცა ბოლო სამი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ციკლისათვის. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პრემია პროფესორმა და მისმა აღზრდილმა ახალგაზრდა მეცნიერმა ერთად მოიპოვეს. პროფესორ დიმიტრი კორძაიას შეფასებით, აღნიშნული ფაქტი კარგი მაგალითია ახალი ტრადიციის დამკვიდრებისთვის. დიმიტრი კორძაიასა და ქეთი ცომაიას კვლევითი თემატიკა ღვიძლის რეგენერაციის და დუქტულური რეაქციების თავისებურებებს ეხება. მათ შეიმუშავეს ღვიძლის რეზექციის და ბილიური ობსტრუქციის მოდელებზე სისხლძარღვოვანი,  ბილიარული და ლიმფური სისტემების კოროზიული ტვიფრების მასკანირებელი ელექტრონული მიკროსკოპიის მოდიფიკაციები.

„ჩემთვის სიმბოლური იყო აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის მედლისა და პრემიის მიღება ჩემს ერთ-ერთ წარმატებულ მოწაფესთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ქეთი ცომაიას წვლილი თანამედროვე სამედიცინო კვლევებში წელს აღნიშნული იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრემიითაც, რომელიც მას, როგორც მედიცინის დარგში საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერს, გადაეცა“, – განაცხადა დიმიტრი კორძაიამ.

„აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის სახელობის მედლისა და პრემიის მიღება ჩემს მასწავლებელთან, პროფესორ დიმიტრი კორძაიასთან ერთად ძალიან საამაყო და სასიხარულოა. ეს განსაკუთრებული მოვლენაა ჩემთვის. ამასთანავე, ჯილდო დიდ პატივთან ერთად დიდ პასუხისმგებლობასაც მაკისრებს. ვეცდები ღირსეულად ვატარო დიდი ნინო ჯავახიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატის სახელი.   ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს და საკონკურსო კომისიას პროფესორ ლიანა გოგიაშვილის ხელმძღვანელობით – მიღებული გადაწყვეტილებისათვის, ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის. ასევე უზომო მადლიერი ვარ ბატონი დიმიტრი კორძაიასი, რომელმაც მომცა საშუალება ვყოფილიყავი იმ კვლევების აქტიური მონაწილე, რომელიც ტარდებოდა და დღემდე ტარდება მორფოლოგიის ინსტიტუტში. აქამდე მოსასვლელი გზა არ იყო მარტივი, უფრო მეტიც, იყო რთული, ზოგჯერ ძალიან რთულიც, და რომ არა ბატონი დიმიტრის მუდმივი მხარდაჭერა და გამხნევება, დღევანდელი დღე და ეს ჯილდო ჩემთვის არ შედგებოდა. ვფიქრობ, რომ ვდგავარ მეცნიერული ცხოვრების სწორ გზაზე, სადაც ყველა სირთულის გადალახვა შესაძლებელია. ვეცდები, გავაგრძელო ამ გზით სიარული, მიუხედავად იმ სიძნელეებისა, რაც წინ მელოდება“, – აღნიშნა ქეთი ცომაიამ.

აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის სახელობის პრემია და მედალი 2016 წელს დაარსდა.  2017 წელს ლაურეატი გახდა პროფესორი ზურაბ კაკაბაძე, 2019 წელს  –  პროფესორი ლიანა გოგიაშვილი, 2021 წელს კი პროფესორი დიანა ძიძიგური.

Facebook
Twitter
LinkedIn